სასიხარულოა, რომ ეკლესიის დაფუძნებისთანავე, ანტიოქიაში მოქცეულ წარმართებსა და პალესტინაში, იუდეველობაში არსებულ ეკლესიებს შორის ძმური, ცოცხალი ურთიერთობა, ერთობა დამყარდა.
დედა ეკლესია თავის მოძღვრებს ანტიოქიაში აგზავნის, ხოლო ანტიოქიელი, წარმართთაგან მოქცეული ქრისტიანები იუდეაში მყოფ ძმებს ეხმარებიან, როდესაც იქ შიმშილობა იწყება. „ამათ დღეთა შინა გამოვიდეს იერუსალემით წინასწარმეტყუელნი ანტიოქიად, და აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აგაბოს, რომელი იგი აუწყებდა სულითა წმიდითა, ვითარმედ: „სიყმილი დიდი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი იგი იყო დღეთა მათ კლავდის კეისრისათა“ (11.27-28). საქმეთა აღმწერი გვამცნობს, რომ ანტიოქიაში ჩავიდნენ წინასწარმეტყველნი, მათ შორის აგაბოსი, რომელმაც სულიწმინდის მადლით იწინასწარმეტყველა, რომ იუდეაში დიდი შიმშილი იქნებოდა. კეისარ კლავდიუსის დროს მართლაც მომხდარა დიდი შიმშილობა.
„ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ხელ-რაი-ვის ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთ მათ მიმართ ხელითა ბარნაბაისითა და სავლესითა“ (11.29-30). ანტიოქიელმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, რომ იუდეაში მყოფი ქრისტიანებისათვის შემწეობა გაეგზავნათ, ამაში ჭეშმარიტი ძმური სიყვარული და ერთობა გამოვლინდა წარმართთაგან და იუდეველთაგან მოქცეულ ქრისტიანებს შორის, რომლებიც ახლა ქრისტეს ერთიან ეკლესიას შეადგენდნენ. აგაბო წმიდა წერილში ორჯერ იხსენიება, როგორი სახის წინასწარმეტყველია იგი?
აგაბო გახლავთ იმ კატეგორიის წინასწარმეტყველი, რომელიც ღვთის განგებით ყოფით საკითხებზე წინასწარმეტყველებდა და არა მესიანურზე.
შემწეობა „ხუცესთა მათ მიმართ“ ბარნაბასა და სავლეს ხელით გაგზავნეს. ხუცესი ანუ პრესვიტერი აქ პირველად იხსენიება. იმ ქალაქებში, სადაც ქრისტიანული თემები მრავლად იყო (მაგალითად: იერუსალიმში, ეფესოში), რამდენიმე ხუცესი არსებობდა. ეკლესიაში ამ წოდების დადგინების შესახებ იმგვარი პირდაპირი ცნობა არ არსებობს, როგორიც დიაკონების დადგინებაზე, თუმცა როგორც ჩანს, ხუცესების კურთხევის ჩვეულების შემოღება ქრისტიანულ თემებში, როგორც ვხედავთ, საკმაოდ ადრე მომხდარა.
წინა - სარჩევი - შემდეგი