როდესაც ბარნაბა და სავლე იერუსალიმში ჩავიდნენ და შემწეობა ჩაიტანეს, მეფე ჰეროდე აგრიპა პირველის ბრძანებით მორწმუნეთა დევნა დაიწყო. ეს ხდება ქალაქ იერუსალიმში დაახლოებოთ 44 წელს. ამ თავში ასევე საუბარია წმიდა პეტრე მოციქულის შეპყრობასა და ანგელოზის მიერ მის სასწაულებრივ გამოხსნაზე. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა უფლის ანგელოზი მოციქულს გამოიხსნის საპყრობილიდან.
„მას ჟამსა შინა ხელი მიყო ჰეროდე მეფემან ძვირისყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა“ (12.1).
წმიდა წერილში სულ 4 ჰეროდე იხსენიება:
1. ჰეროდე დიდი, მის დროს იშვა მაცხოვარი.
2. ჰეროდე ანტიპად წოდებული, რომელიც გახლდათ გალილეის მეოთხედმთავარი. მის სახელს უკავშირდება ნათლისმცემლის თავის კვეთა და მაცხოვრის ჯვარცმა.
3. ჰეროდე აგრიპა პირველი (საქმე მე-12 თავი), მის სახელს უკავშირდება იაკობ მოციქულის სიკვდილით დასჯა თავის კვეთით და ქრისტიანობის დევნა.
4. ჰეროდე აგრიპა მეორე (საქმე 26 თავი), მის წინაშე განსაჯეს მოციქული პავლე და იგი უდანაშაულოდ ცნეს.
ქრისტიანთა მასობრივი დევნა სტეფანე დიაკონის წამების დროიდან იწყება. ჰეროდე აგრიპა პირველი, რომელიც აქ არის მოხსენიებული, გახლდათ ჰეროდე დიდის შვილიშვილი, ჰეროდე ანტიპა გალილეველის ძმისშვილი, რომელმაც იოანე ნათლისმცემელი მოკლა. ის წარმოშობით წარმართი გახლდათ, მაგრამ იუდაური სჯულის აღმსრულებელი. მან „მოკლა იაკობ, ძმაი იოვანესი, მახვილითა“ (12.2). ქრისტიანთა დევნა იაკობის, იოანეს ძმის მკვლელობით დაიწყო, მას მახვილით თავი მოკვეთეს. ის იყო პირველი მოციქულთაგან, რომელმაც სისხლი დაღვარა ქრისტესთვის. ზებედეს შვილებს, იოანესა და იაკობს, მაცხოვარმა უწინასწარმეტყველა, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულებოდნენ.
რატომ შეიპყრო ჰეროდე აგრიპა პირველმა იაკობი?
ცხადია იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ის იერუსალიმში მხურვალედ ქადაგებდა ქრისტეს სიტყვას, რის გამოც ქრისტიანთა რაოდენობა გამრავლდა.
წმიდა იოანე ოქროპირის თანახმად, ამით უფალმა აჩვენა, რომ თავისი მოწაფეები ხელშეუხებელნი არ არიან.
მახვილი არის იგივე ხმალი. სიკვდილით დასჯის ეს რომაული წესი იმ დროს გავრცელებული არ ყოფილა. ნაჯახს იყენებდნენ მაშინ, როცა სასამართლო სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოიტანდა. რაც შეეხება ხმალს, ამით მაშინ სჯიდნენ, როდესაც სასამართლოს განკითხვას არ ექვემდებარებოდნენ, არამედ ეჩქარებოდათ დამნაშავის მოკვლა. მაგალითად: იოანე ნათლისმცემელს ისე მოკვეთეს თავი, რომ ის არ განუსჯიათ, ასევე იაკობ მოციქულს ჰეროდე აგრიპა პირველმა თავი განსჯის გარეშე მოკვეთა.
წინა - სარჩევი - შემდეგი