მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

მოციქულ პეტრეს დატუსაღება და ანგელოზის მიერ მისი გამოხსნა (12.1-18)


 

 

ჰეროდე აგრიპა პირველმა „ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაი პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი“ (12.3). ჰეროდე აგრიპა პირველმა პასექამდე რამდენიმე დღით ადრე პეტრე მოციქულიც შეიპყრო, რათა პასექის შემდეგ იგი სიკვდილით დაესაჯა. მას სურდა, რომ პირველი მოციქულის დასჯა საერთო სახალხო სანახაობად ექცია. „და შე-რაი-იპყრა იგი, შესუა საპყრობილსა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაითა შემდგომად ზატიკისა, აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა“ (12.4-5). პეტრეს საპყრობილეში იცავს 16 კაცი, ამათგან 2 პეტრეს სავანეში გვერდით ყავდა. „ხოლო ლოცვაი გულსმოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთვის“ (12.5). ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეკლესია ამის გამო გულმოდგინედ, განსაკუთრებულად ლოცულობდა პეტრესთვის. მათ ვერ გაიგეს იაკობის შეპყრობა და შესაბამისად არც ულოციათ მისთვის. რაც შეეხება პეტრეს, მისი შეპყრობა გაიგო ეკლესიამ და ლოცულობდა მისთვის. ისინი განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. მათ გვერდით არ არის იაკობი, სტეფანე, ნიკანორა. ცხადია, იგივე ბედი ელის პეტრეს. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით ლოცულობენ მოციქულები ღვთის მიმართ. ამ სიტყვებით საქმეთა აღმწერი ხაზს უსვამს, რომ შემდეგ მომხდარი პეტრეს სასწაულებრივი გამოხსნა საპყრობილიდან სწორედ რომ ეკლესიის ლოცვით აღსრულდა. თუმცა კი ადამიანური განსჯით ამის არანაირი იმედი არ არსებობდა, რადგან პეტრე ყარაულთაგან ორ მათგანზე მიჯაჭვული იყო ისე, რომ მათ შორის ეძინა.

„რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ხელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭვითა მრჩობლისაითა, და მხუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას“ (12.6). ჰეროდეს სურდა, გათენებისთანავე გამოეყვანა პეტრე. 16 კაციდან ორი უშუალოდ პეტრეს გვერდით იყო, დანარჩენი კართან. ცხადია, ისინი ფხიზლად იქნებოდნენ.

„პეტრემ იცოდა მეორე დილით რაც ელოდა, რადგან მას ეძინა ღრმა ძილით“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.

„და აჰა ანგელოზი უფლისაი ზედამოადგა და ნათელი გამოუბრწყინდა სახლსა მას შინა და სცა გუერდსა პეტრესსა და განაღვიძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე“, და დასცვივეს ჯაჭუნი იგი ხელთაგან მისთა“ (12.7).

რატომ ეძინა პეტრეს?

1. პეტრე, რომელმაც სიცოცხლე ღვთის ნებას მიანდო, მშვიდად ეძინა.

2. ანგელოზის მოსვლისას პეტრეს არ გაღვიძებია, ამიტომ ანგელოზმა „სცა გუერდსა პეტრესსა“, რომ გაეღვიძებინა იგი. ამით ანგელოზმა პეტრეს უჩვენა, რომ უზრუნველობისკენ არ წასულიყო, არამედ გამოღვიძებულიყო და თავისი საქმე გაეკეთებინა.

3. ძილით გამოხატულია მოციქულ პეტრეს დიდი და ღრმა სარწმუნოება. რაც არ უნდა მომხდარიყო მეორე დღეს, პეტრემ იცოდა, რომ უფალი ამ საქმეს საკუთარი თავის დიდებას დაუკავშირებდა.

4. პეტრეს ეძინა, რადგან უხაროდა, რომ კეთილი საქმისათვის იტანჯებოდა.

უფალმა შეიწყნარა მორწმუნეთა ლოცვა პეტრესათვის და ის საპყრობილიდან გაათავისუფლა.

„ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი და მან ყო ეგრეთ, და ჰრქუა მას: „შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე“ (12,8). „შეირტყ“ ანუ ჩაიცვი სანდალი. შეირტყი ქამარი, ე.ი. მას ქამარი შეხსნილი ქონდა. ამდენად, პეტრეს შიშველს არ ეძინა. „შეიმოსე სამოსელი შენი“ შესამოსელს, მოსაცმელს მიემართება.

პეტრე მოციქული „განვიდა და შეუდგა მას და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან. ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს“ (12.9). პეტრეს ეგონა, რომ ეს ყველაფერი სიზმრად ხდება და სწორედ ამ მდგომარეობაში მიყვება იგი ანგელოზს.

„და ვითარ განვლეს მათ პირველი სახუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელიცა-იგი თვით განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი“ (12.10). ანგელოზმა ციხიდან გამოიყვანა პეტრე და ორი სადარაჯო გაიარეს, მიადგნენ რკინის კარებს, რომელიც თავისით განეღო მათ. გაიარეს ერთი უბანი და განაშორა რა საფრთხეს ანგელოზმა, სწორედ ამის შემდეგ განეშორა მას, პეტრე კი ქალაქში შევიდა.

„პეტრე მოეგო გონებასა თვისსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თვისი და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაისა“ (12. 11). განეშორა რა ანგელოზი, მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება პეტრე, რომ ეს სიზმარი კი არა, არამედ რეალობაა, რომ უფალმა ის ჰეროდეს ხელისაგან გადაარჩინა და იუდეველთა იმედები ქრისტიანთა მოსპობის თაობაზე გააცამტვერა.

„გულსა მოეგონა და მოვიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოზ, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს“(12.12). როცა პეტრე დარწმუნდა, რომ მართლა გათავისუფლდა, ის იოანე-მარკოზის დედის, მარიამის სახლისკენ გაემართა. იოანე-მარკოზი გახლავთ მარკოზ მახარებელი, ბარნაბას ძმისშვილი მარკოზი. მეორე გარდამოცემით კი, ის არის ბარნაბას ძმიშვილი, ოღონდ არა მახარებელი. ამ დროისათვის მოციქულები სწორედ ამ სახლში ლოცულობდნენ, სადაც ადრე გარდამოვიდა მათზე სულიწმინდა.

„და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მხევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი“ (12.13). პეტრემ დააკაკუნა, რაც ნიშნავს, რომ მათთვის ლოცვაში ხელი არ შეუშლია. მხევალმა „ვითარცა იცნა ხმაი იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კარსა ზედა დგას“ (12.14). პეტრე ხმით გამოელაპარაკა მას, რის საფუძველზეც როდიმ იცნო იგი. ქალი ამ დიდი სიხარულისგან გაგიჟდა, კარი არ გააღო, ვერც მიხვდა თუ როგორ მოქცეულიყო. რატომ არ გააღო მან მაშინვე კარები მოციქულის შესაყვანად? ალბათ იმიტომ, რომ მოციქულები დაინახავდნენ რა მას, ის მოჩვენებად არ ჩაეთვალათ. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ისინი ღმერთმა შეამზადა დიდი სიხარულისათვის.

ხმა პეტრეს განთავისუფლების შესახებ იმდენად დაუჯერებელი აღმოჩნდა მოციქულთათვის, რომ მათ ეგონათ როდი გაგიჟდაო. უთხრეს კიდეც მას: „ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს“ (12.15). ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში თავიდანვე არსებობდა სწავლება მფარველ ანგელოზზე.

„ანგელოზი“ ნიშნავს მაუწყებელს, მაცნეს. შეიძლება მოციქულებს ეფიქრათ, რომ ეს იყო პეტრეს მიერ გამოგზავნილი კაცი, რომელსაც რაღაც უნდა ეთქვა მათთვის პეტრეს შესახებ. შეიძლება ეს კაცი პეტრეს გარდაცვალების ამბავის მომტანიც კი ყოფილიყო მათთვის, მაგრამ უცნობია, ამ შემთხვევაში ვინ გამოაგზავნიდა მას.

„პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაის-ზედა. ხოლო გან-რაი-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს“ (12.16). პეტრეს ხელმეორედ დაკაკუნების შემდეგ გაუღეს კარი და იხილეს რა იგი, განცვიფრდენ ამის გამო.

პეტრე მოციქულმა თავისი სასწაულებრივი გამოხსნის შესახებ მოუთხრო მათ და ამცნო „უთხარით ესე იაკობს და ძმათა ყოველთა და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა“ (12.17) წმიდა წერილში წერია, რომ პეტრემ „ხელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ“ (12.17), ანუ ასეთი დიდი სიხარულისგან შეიძლება შეჰყვირეს კიდეც, ამიტომ პეტრემ ანიშნა, რომ გაჩუმებულიყვნენ.

იაკობი გახლავთ იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი, უფლის ხორციელი ძმა. ცხადია, ისიც ლოცულობდა სხვა მოციქულებთან ერთად პეტრეს შეპყრობის გამო და გაიგებდა რა მის განთავისუფლებას, ამით ღმერთს განადიდებდა. ამის შემდეგ პეტრე „წარვიდა სხუასა ადგილსა“, უცნობია სად მიდის იგი, სავარაუდოდ პეტრე რომში წავიდა.

„და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაი იყო ერისკაცთაი მათ, ვითარმედ: რაჲმე იქმნა პეტრე?“ (12.18). პეტრეს „გაპარვის“ გამო ჯარისკაცებს მწუხარება დაეუფლათ, ხოლო „ჰეროდე ეძიებდა მას და არა ჰპოა, მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მოკვლაი მათი. და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა“ (12.19). მცველების მოკვლის მიზეზი ჰეროდეს ბოროტმა თვისებებმა გამოიწვია, ეს არ იყო მაცხოვრის ბრალი.



წინა - სარჩევი - შემდეგი