მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პავლეს შემდგომი მოგზაურობა მიტილენემდე. პავლე ეფესოში.
გამოსამშვიდობებელი სიტყვა ეფესოელი პრესვიტერების მიმართ. (20.13-38)


 

 

პავლემ გადაწყვიტა ქალაქ ასონში ფეხით ასულიყო, თანამგზავრები კი წინ გემით გაგზავნა, რომ იგი მერე იქ აეყვანათ (20.13).

„ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტვილინდ და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა. და მიერ მივედით სამონდ და დავადგერით ტრონგვილიას შინა, და მეორესა დღესა შინა მივედით მელიტონდ. ინება პავლე ეფესოისა თანაწარსვლაი, რაითა არა დაეყოვნოს მრავალჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალემს“ (20.14-16). პავლე ჩქარობდა, რომ მიესწრო ჰურიათა დღესასწაულზე, იერუსალიმში ჩასვლით მათაც გულსავსე ყოფდა, რადგან მათთან ერთად იდღესასწაულებდა და ამავდროულად საშუალება ექნებოდა, ამდენი ხალხის წინაშე ექადაგა ქრისტეს შესახებ. მას მართალია, ეჩქარებოდა, მაგრამ სურდა, სანამ ეფესოს დატოვებდა, მანამდე ამ ქალაქში მოღვაწე მღვდლებს დამშვიდობებოდა, სწორედ ამიტომ, მან „მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა“ (20.17). პავლემ მელიტონიდან მოუწოდა იქაურ ხუცესებს და მათ გამოსამშვიდობებელ სიტყვას უებნება. პავლე მათი მოძღვარია, ესენი კი მისი სულიერი შვილები გახლავთ. ხუცესში პრესვიტერები ან ეპისკოპოსები იგულისხმებიან.



გამოსამშვიდობებელი სიტყვა ეფესოელი პრესვიტერების მიმართ. (20.13-38)


როდესაც მოვიდნენ ეფესოს ეკლესიის წინამძღვრები, პავლე მათ გულისამაჩუყებელი გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს. პავლეს სიტყვა ოთხ ნაწილად იყოფა, პირველ ნაწილში (20.18-21) ის იმის შესახებ ყვება, თუ როგორ იქცეოდა მათთან სამი წლის განმავლობაში, თუ როგორ იყო თავისი მოშურნეობა და ა.შ. „თქუენ იცით, პირველით დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძვირისზრახვათაგან ჰურიათაისა“ (20.18-19). წმიდა კლიმენტი რომაელის თანახმად, პავლე შვიდჯერ იქნა დაპატიმრებული. მე-2 კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე თავად ყვება ამის შესახებ.

„ვითარ-იგი არა რაი დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა“ (20.20). ერში აქ ხუცესები ან ხალხი იგულისმება. ქადაგება, პირველყოვლისა, სასულიერო პირებისადმია წარმოთქმული, რომ მე თქვენ გასწავლიდით არამარტო საჯაროდ, არამედ სახლებშიც, არაფერი დამიმალავს ჩემს თავში, ყოველივე გაგიზიარეთ თქვენ.

„და უწამებდა ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და საწრმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესა“ (20.21), ანუ მე ვამცნებდი ქრისტეზე, იუდეველთა და წარმართა წინაშე. ცხადია, პავლეს ქონდა ამის უფლება, რომ ექადაგა როგორც წარმართებისთვის, ისე იუდეველებისთვის, რადგან იგი მოციქული იყო.

ქადაგების მეორე ნაწილში (20.22-27) მოციქული შინაგანი მზერით უახლოვეს მომავალს განჭვრეტს და ლაპარაკობს მძიმე განსაცდელზე, რომელიც მას მოელის და ასევე გამოხატავს მზადყოფნას, რომ ყოველივესთვის მზად არის. „და აწ ესერა კრული სულითა მივალ იერუსალემს და მუნ თუ რაი შემთხვევად არს ჩემდა, არა ვიცი“ (20.22). „კრული სულითა“-ში იგულისხმება, რომ იგი სულს მიჰყავს. პავლე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ცხადია მან ყველაფერი არ იცოდა, რაც შეიძლებოდა მომავალში მომხდარიყო. აქდან სწავლება: პავლე წმინდანია, ხოლო წმინდანები არ არიან ყოვლისმცოდნენი, ყოვლისმცოდნე მხოლოდ ღმერთია. წმინდანმა მომავალი იცის იმდენად, რამდენადაც ღმერთი განუცხადებს ამას. პავლე წინასწარმეტყველებს, რომ მას იერუსალიმში შეიპყრობენ და დააპატიმრებენ, როგორც ბრალდებულს. პავლეს სულიწმინდა წინასწარ აუწყებს, რომ მოემზადოს „შემთხვევად ჭირთა და კრულებათა, რომელიც მოელის ქალაქიდან ქალაქში“ (20.23). პავლე მოციქული არ დარდობს ამაზე, რამეთუ მზად არის ქრისტესთვის მოკვდეს. თავადაც ამბობს კიდეც „არარას ვზრუნავ ამისთვის, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაი ჩემი სიხარულით და მსახურებაი, რომელი მივიღე უფლისა იესუ ქრისტესაგან წამებად სახარებაი იგი მადლისა ღმრთისაი“ (20.24). ყველაფრისათვის მზად არის პავლე, ოღონდ კი სამოციქულო მსახურების ჯვარი ბოლომდე ზიდოს.

მოციქული წინასწარმეტყველებს, რომ „ეს მათი უკანასკნელი შეხვედრაა და ამბობს, აწი ვეღარ იხილავთ ჩემს პირისახეს. ეუბნება, რომ რაც არის აუცილებელი ცხოვნებისათვის, მე ყოველივე გითხარით და ამის შემდეგ თუკი ვინმე გადაუხვევს ამ სწავლებას, ის საკუთარი სულის მკვლელია და მასზეა მისი სისხლი. ჩემი სინდისი თქვენ წინაშე სუფთაა, რადგან მე სრულიად განგიცხადეთ ნება ღმრთისა“ (20.25-27).

ქადაგების მესამე ნაწილი (20. 28-31) მოძღვრებითი ხასიათისაა. „ეკრძალინით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმინდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა“ (20.28) „ეკრძალე“ ნიშნავს, გაუფრთხილდი საკუთარ თავს. ეპისკოპოსი და ხუცესი ვალდებულია ზრუნავდეს საკუთარ თავზეც და სამწყსოზეც. რადგანაც ნახსენებია სიტყვები: სამწყსო, ეკლესია და მწყემსი, ფიქრობენ, რომ აქ ლაპარაკია ეპისკოპოსებზე და 20.17 მუხლში ნახსენები ხუცესი უნდა გავიგოთ, როგორც ეპისკოპოსი, თუმცა ასევეა მღვდელიც, მას აბარია რა სამწყსო, იგი იწოდება მწყემსად.

„და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსვლისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა და თვით თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაითა განადგინნენ მოწაფენი შედგომად მათდა“ (20.29-30). მგლებში იგულისხმებიან სასულირო პირები, ოღონდ მწვალებლები, ანუ ისეთები, რომლებსაც არასწორი სწავლება შემოაქვთ. და ეს იქნება არა მხოლოდ გარედან შემოსილი, არამედ შიგნითაც გაჩნდება. სწორედ ამიტომ, მოციქული მათ მღვიძარებისაკენ მოუწოდებს და ამის მაგალითად თავისი თავი მოჰყავს. „ამისთვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლითა სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა. (20.31), ანუ სამი წელი ცრემლიანი თვალებით არ ვწყვეტდი თითოეული თქვენგანის დამოძღვრას.

რატომ ახსენებს სიტყვას ცრემლი? იმიტომ რომ ამით ხაზს უსვამს, თუ როგორი ძნელია მოძღვრობა. პავლეს ყველა არ უჯერებდა, პირიქით, ეურჩებოდნენ კიდეც და ამ ყველაფერს იგი ისე განიცდიდა, რომ ცრემლადაც კი იღვრებოდა ხოლმე.

ქადაგების მეოთხე ნაწილში (20.31-35) მოციქული ლოცავს მათ, ღმერთსა და თავის მადლმოსილ სიტყვას შეავედრებს და შეაგონებს, რომ უანგაროდ მიბაძონ მას. „და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკვიდრობისა ყოველთა შორის წმიდათა.“ (20.32). მსმენელებს რომ არ ეფიქრათ, რომ ეს ყველაფერი თავიანთი მეცადინეობით მიიღწევა, ამიტომ პავლე ამ ყველაფერს საღვთო მადლს უკავშირებს.

„ვერცხლისა და ოქროისა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა“ (20.33). აქ გულისთქმაზეა საუბარი, რომ სიმდიდრისადმი გულისთქმაც კი არ მქონია, სხვისი ჩემს საკუთრებად არ მიქცევია.

„თქუენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს“ (20.34), ანუ ჩემი ხელით ვირჩენდი საკუთარ თავს.

„და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაი უძლურთაი მათ და მოხსენებად სიტყუაი იგი უფლისა იესუისი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაი უფროის, ვიდრე მოღებისა“ (20.35). პავლეს თავისი აზრის გასამყარებლად უფლის სიტყვები მოყავს, თუმცა ეს არ წერია წმიდა წერილში. ცხადია, ეს სიტყვები თავიანთი ყურით მოისმინეს მოციქულებმა და ჩვენც გადმოგვცეს.

პავლე თავის ქადაგებას მოწყალებისაკენ მოწოდებით ამთავრებს. მოწყალება ორნაირია: სულიერი და ხორციელი, პავლეც ორივეს გულისხმობს. ადამიანი ხომ ღმერთს ყველაზე მეტად მოწყლებით ემსგავსება, რადგან ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გვიწყალობა ჩვენ, ანუ ღმერთი თავად გახდა ხორციელი და შეიწირა ჩვენ გამო.

„და ესე რაი თქუა, დაიდგნა მუხლნი მათ ყოველთა თანა და ილოცა, იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაი და მოიხვინეს ქედსა პავლესსა, ამბორს უყოფდეს მას და ელმოდა უფროის-ღა სიტყვისა მისთვის, რომელი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ პირი მისი და წარჰგზავნიდეს მას ნავად“ (20.36-38). სიტყვის დასასრულს, მოციქულმა დაიჩოქა და ყველსათან ერთად ილოცა. ისინი მხარზე მოეხვივნენ და ეამბორენ მას. მათ ყველაზე მეტად გული იმაზე სტკიოდათ, რომ უკანასკნელად ხედავდნენ პავლეს. ძმებმა მოციქული პავლე ხომალდამდე მიაცილეს.



წინა - სარჩევი - შემდეგი