წმიდა წერილი პავლე მოციქულის მიერ ევტიქეს მკვდრეთით აღდგენის შესახებ გვესაუბრება. „ხოლო ჯდა ვინმე ჭაბუკი ერთი, სახელით ევტვიქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ხშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი“ (20.9). ეშმაკს შეშურდა მსმენელთა გულმოდგინება და მათი შეწუხება გადაწყვიტა. ერთი ჭაბუკი, სახელად ევტვიქი ფანჯარაზე ჩამოჯდა და ჩათვლიმა, მას ეს ბუნებრივი დაღლილობისგან მოუვიდა და არა სიზარმაცისაგან. შედეგად კი იგი მესამე სართულიდან გადავარდა და მოკვდა. ის იმდენად გულმოდგინედ ისმენდა საღვთო სიტყვებს, რომ ძილის მოძალებამაც ვერ აიძულა დასაწოლად წასულიყო. წმიდა წერილში გარკვევით წერია, რომ იგი „იდვა მკუდარი“ და არა „ვითარცა მკუდარი“. წმიდა იოანე ოქროპირი სვამს ასეთ კითხვას, „რატომ ჩაეძინა მას? - და აქვე პასუხობს, - ეს ჩაძინება არ არის მისი სიზარმაცის შედეგი, არამედ იგი ისეთივე გულანთებული იყო, როგორც სხვები. მას იმიტომ ჩაეძინა, რომ ძალიან გაგრძელდა პავლეს ქადაგება და ამ ჭაბუკმა თავისი ასაკიდან, ახალგაზრდობიდან გამომდინარე ვერ შეძლო ამის ტვირთვა“. პარალელი შეიძლება გავავლოთ იოანე-მარკოზთან.
ევტიქიზე ეშმაკმა იმოქმედა, ბოროტს შეშურდა მსმენელთა გულმოდგინება და ამ გზით ერთგვარი არეულობა შემოიტანა მათში. მან მიზანს მიაღწია, თუმცა კი ეს დროებითი იყო.
„გარდავიდა პავლე და დავარდა მის ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს“ (20.10). ცხადია, ამ მოვლენამ ტირილი, ყვირილი, შფოთი გამოიწვია, რის გამოც პავლე ქვევით ჩავიდა, ევტვიქიოსის გვამზე განერთხო, ხელები მოხვია და ბრძანა: „ნუ შფოთავთ, რამეთუ სული მისი მისთანა არს“.
ამით პავლემ -
1. ერთგვარი თავმდაბლობა გამოხატა.
2. დაამშვიდა ისინი.
3. პავლე წმინდანია, მან წინდაწინ უწყის, რომ უფლის ძალით აღადგენს მას.
4. ამ სიტყვებში იგულისხმება, რომ ჭაბუკი უკვე აღდგენილია მკვდრეთით.
„აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა და მრავალჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე და ესრეთ განვიდა. ხოლო მოიყვანეს ყრმაი იგი ცოცხალი და ნუგეშინის - იცეს არამცირედ.“ (20.11-12). პავლე ისევ ზედათვალში ავიდა, პური განტეხა და ქადაგება განაგრძო, მას მცირედიც კი არ დაუსვენია, ხოლო ჭაბუკის ხილვით მორწმუნეებს ნუგეში ეცათ, რომ მათმა მოძღვარმა დამშვიდობებისას ესოდენ დიდი სასწაული ქმნა მათ თვალწინ. პავლეს მსგავსი სასწაული არაერთი აღუსრულებია, თუმცა ეს არ არის აღწერილი „საქმე მოციქულთაში“.
წინა - სარჩევი - შემდეგი