მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პავლეს მოგზაურობა მაკედონიაში, საბერძნეთსა და ისევ უკან ტროადამდე.


 

 

არეულობიდან მცირე ხნის შემდეგ პავლემ გადაწყვიტა ასიას დატოვება. მოციქულმა „მოუწოდა მოწაფეთა მათ და ნუგეშინის-სცა და მოიკითხა და იჯმნა მათგან და განვიდა მისლვად მაკედონიად და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყვითა მრავლითა, წარვიდა ელადად“ (20.1-2). ამდენად, პავლემ შეკრიბა ეფესელი ქრისტიანები, დაარიგა და გამოემშვიდობა მათ და იქედან მაკედონიაში, შემდეგ ელადაში (ანუ საბერძნეთში) გაემგზავრა „და მუნ დაყო სამ თუე“ (20.3). პავლე ძირითადად კორინთოში იმყოფებოდა, სადაც აპოლოსი პირველად შეხვდა. კორინთოში „იქმნა მისთვის ძვირისძრახვაი ჰურიათაგან. ეგულებოდა რაი აღსლვაი ასურეთად, განიზრახა მიქცევაი მაკედონიაით“ (20.3). პავლემ შეიტყო იუდეველთა განზრახვა, რომელთაც სურდათ ნავსადგურში მიმავალი პავლე შეეპყროთ და მოეკლათ, ამიტომ თავდაპირველი გეგმა შეცვალა და სახმელეთო გზით გაემგზავრა, რომელიც მაკედონიაზე გადიოდა.

მოგზაურობისას პავლეს თან ახლდა „ვიდრე ასიადმდე სოსიპატრე პვირესი, ბერიელი და თესალონიკელი არისტარქოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტვიქიკოს და ტროფიმოს“ (20.4). პავლეს თან ახლდა შვიდი თანამგზავრი, ისინი უფრო ადრე იყვნენ წასულნი და პავლეს ტროადაში ელოდნენ (20.5). პავლე ყველგან მიდის, რათა ანუგეშოს და განამტკიცოს მორწმუნეები. მან მოწაფეები გაგზავნა ტროადაში, თვითონ კი ლუკასთან ერთად ფილიპეში დარჩა ვიდრე პასექის დღესასწაული ჩაივლიდა. თუ რატომ წავიდნენ ისინი წინ, ამას საქმეთა აღმწერი არ ამბობს. ისინი შეიძლება იმისთვის წავიდნენ ადრე, რომ ტროადადან პავლესთვის მოსახერხებელი მგზავრობა მოეწყოთ.

„ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაით და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა და ვიყვენით ჩუენ მუნ შვიდ დღე“ (20.6). ისინი დღესასწაულიდან მე-5 დღეს მივიდნენ ტროადაში და იქაც შვიდი დღე გაჩერდნენ. ეს იყო პავლეს მე-3 აღსვლა მაკედონიაში, სადაც მოციქულმა თავის თანამგზავრებთან ერთად შვიდი დღე დაჰყო.

„და ერთსა მას შაბათთასა შეკრებულ რაი იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუათა მოძღურებისათა, რამეთუ განსვლად იყო ხვალისაგან და განაგრძო სიტყუაი იგი ვიდრე შუაღამედმდე“ (20.7). პავლე ორშაბათ დილით ზღვაში გასვლას აპირებდა, კვირა საღამოს კი ტროადაში მყოფ მორწმუნეებს გვიანობამდე უქადაგებდა, მორწმუნეები ზედა თვალში არიან შეკრებილნი.

ქადაგება დიდხანს გაგრძელდა, რადგან:

1. პავლე მე-2 დღეს აპირებდა წასვლას და შეიძლება კარგა ხანს არ ენახა მორწმუნეები, ამიტომ ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს მათ.

2. პავლეს დიდხნიანი ქადაგება მიმანიშნებელია იმაზე, რომ ეს შესაძლებელია.

ქადაგება შუაღამითაც გაგრძელდა, „იყვესს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით“, - (20.8) ვკითხულობთ „საქმე მოციქულთაში“.



წინა - სარჩევი - შემდეგი