იმ დროს, როდესაც ტიმოთე და ერასტოსი მაკედონიაში წავიდნენ, ასიაში ატყდა „შფოთი არა მცირედი გზისა მისთვის“ (19.23). მიზეზი ამ ამბოხისა გახლდათ ვინმე ვერცხლისმჭედელი დემეტრეოსი. „რამეთუ დემეტრეოს ვინმე სახელით, ვერცხლისმჭედლი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა არტემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არამცირედსა“ (19.24). ასიაში, ქალაქ ეფესოში იდგა არტემიდეს ტაძარი. ვერცხლისმჭედელ დემეტრეს ჰქონდა საამქრო და მუშები ყავდა დაქირავებული. იგი არტემიდას ტაძრისათვის ვერცხლის გამოსახულებებს ამზადებდა და ამ საქმეს მათთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა. მან შეკრიბა თავისი მუშები და უთხრა მათ: „კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი, და ხედავთ და გესმით, რამეთუ არა ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყვის, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ხელითქმნულნი და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაი ჰმსახურებს“ (19.25-27). დემეტრე ამბობს, თუ რამხელა ზიანი მიაყენა პავლეს ქადაგებამ თავის ხელობასა და თავიანთ ღვთაებასაც, რომ მისი თაყვანისცემა შეწყვიტა არა მარტო ეფესოს მოსახლეობამ, არამედ ასიაისაც. დემეტრემ ხალხში რელიგიური ფანატიზმი გააღვიძა და ისინი პავლეს წინააღმდეგ აღძრა, რომელიც მათ მატერიალურ კეთილდღეობას ძირს უთხრიდა.
„მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულისწყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს, დიდ არს არტემი ეფესელთაი! და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარიტაცნეს გაიოს და არისტარქოს მაკედონელნი, პავლეს თანა წარსრულნი“ (19.28-29). ყვირილითა და შეძახილებით ბრბო ქუჩაში გაიჭრა და მთელი ქალაქი ააფორიაქა. პავლეს თანამგზავრნი, გაიოსი და არისტარქოს მაკედონელნი, ბრბომ სახილველში (ანუ თეატრში) შეათრია, სადაც ჩვეულებრივ სახალხო შეკრებები იმართებოდა და სურდათ მათი გასამართლება მოეთხოვათ ან თავადვე გასწორებოდნენ.
პავლეს გამძვინვარებული ბრბოს წინაშე სიტყვით გამოსვლა სურდა, მაგრამ ქრისტიანებმა და მის მიმართ მთავრობის კეთილგანწყობილმა წევრებმა გადააფიქრებინეს, რადგან შიშობდნენ, რომ ამ გზით მის სიცოცხლეს საფრთხე კიდევ უფრო მეტად დაემუქრებოდა (19.30-31). „სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაისათვის შეკრებულ იყვნეს“ (19.32). თეატრში უწესრიგობა, შფოთი და ხმაური გამეფებულიყო, მისულთაგან ბევრმა არ იცოდა თუ რისთვის იყვნენ იქ, უბრალოდ ხალხი როცა დაიძრა თეატრისაკენ, თავადაც გაყვნენ მას.
„ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ხელი და უნდა სიტყვისმიგებაი ერისაი მის“ (19.33). იუდეველებმა ყველასთვის ცნობილი ალექსანდრე გამოიყვანეს, რომ ხალხისთვის სიტყვით მიემართა. ვინ არის ალექსანდრე, იუდეველი თუ ქრისტიანი? ქრისტიანობის წინააღმდეგ სურდა ელაპარაკა თუ პირიქით, დაეცვა იგი, უცნობია. რადგანაც იუდეველნიც კერპების წინააღმდეგნი არიან, ამიტომ ფიქრობენ, რომ ისინი შიშობდნენ, რომ ქრისტიანებთან ერთად ჩვენც არ გვავნონო და თავის გამართლება ბრბოს მძვინვარების ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართვით სურდათ. ასევე ფიქრობენ, რომ რადგანაც იუდეველებმა წამოაყენეს ეს კაცი სიტყვის სათქმელად, ისინიც პავლეს წინააღმდეგნი არიან, ანუ იუდეველები და წარმართები საერთო მიზნის მისაღწევად პავლე მოციქულის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.
„მათ ვითარცა გულის-ხმა ყვეს, ვითარმედ ჰურიაი არს, იქმნა ერთი ხმაი ყოველთაგან ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაი“ (19.34). მათ როცა გაიგეს, რომ ალექსანდრე იუდეველი იყო, არ მოუსმინეს, რაგდან სძულდათ იუდეველნი. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ბრბო გაჰყვიროდა: „დიდ არს არტემი ეფესელთაი“ (19.34). წესრიგის დამცველმა სიმშვიდე აღადგინა და ბრბოს კეთილგონიერებით აღსავსე სიტყვით მიმართა: „კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არ იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახურ არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი?“ (19.35). ეფესელები ორ კერპს ემსახურებოდნენ და ორივეს ერთად დიოპეტს უწოდებდნენ. ისინი არა ხელით ქმნილნი არიან, არამედ ზეციდან დიოსგან გადმოფრენილნიო. ხელოვანებმა, რომელთაც ეს კერპი შექმნეს, ვინმეს რომ არ შეურაცხ-ეყო ის, მოიგონეს, რომ იგი ზეციდან არის გადმოფრენილი და არა კაცთა მიერ შექმნილი. რადგანაც ამაზე არავინ არ დაობს, მაშ არეულობის მოწყობა სრულიად ზედმეტია.
„და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით“ (19.36). ალექსანდრე აფრთხილებს მათ, რომ წინდაუხედავად ნურაფერს გააკეთებთ, „რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა“ (19.37). ეს ორი მაკედონელი, რომლებიც თეატრში შეათრიეს, არც მკრეხელები იყვნენ და არც ტაძარი (წარმართული საროსკიპო) გაუძარცვავთ. „უკუეთუ დემეტრიოს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაი, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან და აბრალებედ ურთიერთას, უკუეთუ კულა სხვისა რაისათვისმე ეძიებთ, შჯულიერითა კრებითა განეგოს“ (19.38-39). ალექსანდრე ამბობს, რომ თუკი დემეტრეოსსა და მასთან ერთად მოსულებს, რაიმე საჩივარი აქვთ, კანონიერი გზით უნდა წარუდგინონ მთავრებს, ანუ თუ დემეტრეს ეჭვი აქვს, მაშინ მოიწვიოს სასამართლო და განსაჯეთ იგი. „და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთვისცა დღეინდელისა, რამეთუ არარაი მიზეზი იყო, რომლისათვისცა ვერცა სიტყვისმიგებად ხელ-მეწიფების შეკრებულისა ამისთვის ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი“ (19.40). ალექსანდრე აფრთხილებს მათ, რომ რადგანაც ასეთი ხმაურიანი თავყრილობის ნამდვილი მიზეზი არ არსებობს, თქვენ არეულობის გამოწვევა დაგბრალდებათ. ეს, როგორც ჩანს, რომაელთა მხრიდან დასჯის მუქარა გახლდათ, რამაც ნაყოფი გამოიღო, შფოთი ჩაცხრა და ხალხი დაიშალა.
წინა - სარჩევი - შემდეგი