პავლეს ქადაგების პირველი ადგილი, ისევე როგორც ყველგან, აქაც სინაგოგა გახლავთ, სადაც სამი თვის განმავლობაში იგი უშიშრად ქადაგებდა (19.8). მსმენელთა შორის არაერთმა ირწმუნა ქრისტე, თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მისი სიტყვა-ქადაგების გამო „განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძვირსა იტყოდეს გზისა მისთვის წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტვირანეს ვისსამე და ესე იყო ორ წელ, ვიდრემდე ყოველთა დამკვიდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაი უფლისა იესუისი, ჰურიათა და წარმართთა“ (19.9-10). რადგანაც მათი წინააღმდეგობა სულ უფრო ძლიერდებოდა, მოციქულმა გადაწყვიტა ახალმოქცეულ მოწაფეებთან ერთად განშორებოდა ჰურიებსა და მათ შესაკრებელს. პავლე გადადის სამწიგნობრეში (ტვირანეს სასწავლებელში), სადაც მომდევნო ორი წელი ქადაგებდა ქრისტეს შესახებ. სახელი ტვირანე ბერძნულია, თუმცა შეიძლება იგი იუდეველი მოძღვარი იყო, რომელსაც სახლში კერძო სინაგოგა ჰქონდა, სადაც გარდამოცემასა და მის განმარტებებს ასწავლიდნენ. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ იგი კეთილგანწყობილი იყო ქრისტიანთა მიმართ, რის გამოც გადასცა პავლეს თავისი სასწავლებელი.
ქადაგების განსამტკიცებლად უფალი პავლეს ხელით უამრავ სასწაულს იქმოდა (19.11), როგორც წმიდა წერილში ვკითხულობთ „უძლურთა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმინდაი განვიდოდა“ (19.12). აღსანიშნავია, რომ პავლე თავად არ იქმოდა სასწაულებს, არამედ მის ნივთებს სხვები იყენებდნენ. შეიძლება მის დაუკითხავადაც კი ავადმყოფებს შეახებდნენ და ისინიც ჯანმრთელდებოდნენ. „ვარშამაგი ეწოდება სუდარას, რომელსაც თავზე იხვევენ, ხოლო ოლარი სამეფო პატივის მქონე პირთა შესამოსელის ნაწილია, მოსაკიდელი გახლავთ ოფლის მოსახოცი ხელსახოცი, რომელიც გვერდზე ეკიდა ადამიანს“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. „იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელისდებად სახელსა უფლისა იესუისსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს“ (19.13), ანუ იყვნენ ბოროტისაგან შეპყრობილი ადამიანები, რომელნიც ადამიანთა განკურნების ძალას ბოროტისაგან იღებდნენ, ხოლო განკურნებებს ქრისტეს სახელის ხსენებით აღასრულებდნენ.
წმიდა წერილი ვინმე მღვდელმთავარ სკევას ვაჟებზე გვესაუბრება: „იყვნეს ვინმე სკევაის მღვდელთმოძღვრისა ჰურიისა შვიდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს.“ (19.14). სკევა მღვდელმთავარს 7 ვაჟი ჰყავდა, მათ შესახებ არანაერი ცნობები არ მოგვეპოვება. სკევას შემთხვევაში შჯული დარღვეულია, რადგან მღვდელმთავარი ერთი უნდა ყოფილიყო და არა ორი ან მრავალი. როგორც ტექსტიდან ჩანს, მან შვილებიც კი ვერ აღზარდა ნორმალურად. მათ ფულის შოვნის მიზნით იესოს სახელის ბოროტად გამოყენება დაიწყეს, ცხადია, ყოველგვარი რწმენის გარეშე.
უკეთურმა სულმა, რომლითაც ისინი იყვნენ შეპყრობილნი, მწარედ დასცინა მათ და უთხრა: „იესუ ვიცი და პავლესთვისცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ?“ (19.15). დემონი აღიარებს და ემორჩილება იესო ქრისტეს და მოციქულთა ძალასა და მეუფებას, ხოლო ამ ადამიანების მიმართ ზიზღს გამოხატავს, რომ არ ცნობს მათ მეუფებას. ავმა სულმა აიძულა უბედური ეშმაკეული, თავს დასხმოდა ე.წ. შემლოცველებს და ეცემა ისინი. „და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმინდაი, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ილვტოდეს მიერ სახლით“ (19.16). ამდენად, ამ ეშმაკეულმა კაცმა სკევას შვიდივე ვაჟი სასტიკად სცემა, გააშიშვლა და უკან დააბრუნა.
შვიდივე ძმა (რომელთა სახელიც წმიდა წერილში მოხსენებული არ არის), ქრისტეს სახელით მოქმედებდნენ, თუმცა კი ცხოვრების წესით არ იყვნენ ქრისტიანები. ისინი ბოროტს ემსახურებიან და ვისაც ემსახურებიან, სწორედ მის მიერ გახდნენ მხილებულნი. რატომ მოხდა ეს? სკევას ვაჟები ქრისტეს სახელს იყენებდნენ, რომ მათი მოქმედება უფრო ავტორიტეტული ყოფილიყო. ისინი დაცინვით მოიხსენიებდნენ რა ქრისტეს სახელს, ეს თვით ეშმაკმაც კი ვერ დაიტია და შეარცხვინა ისინი.
ეს ყოველივე ხდება ეფესოში და ამ შეთხვევის შესახებ ხმა მალე გავრცელდა. „და ესე განცხადებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართა, რომელი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს. და დაეცეს შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი და მრავალნი მორწმუნეთაგანი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა და მრავალთა გრძნებისმოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვერცხლი ხუთი ბევრი და ესრეთ მტკიცედ სიტყუაი იგი უფლისაი აღორძინდებოდა და განმტკიცნებოდა“ (19.17-20). ხალხმა, რომელთაც ეს დაინახეს (სკევას ვაჟების შერცხვენა დემონის მიერ), მრავალი ურწმუნო მოექცა, ხოლო მორწმუნენი შეშინიდნენ თავიანთი ცოდვების გამო. სინანულის გრძნობა გრძნეულებსაც კი შეეხოთ, მათ მოიტანეს თავიანთი ჯადოქრობის წიგნები, რომელთა საერთო ღირებულებამ 50 ათასი ვერცხლი შეადგინა და მოციქულთა წინაშე დაწვეს. მათ უღირსად მიიჩნიეს, გაეყიდათ ამხელა საფასე, რადგან არაწმინდა იყო და ძველთაგანვე აკრძალული გახლდათ არაწმინდა საფასურის გამოყენება სიწმინდისათვის, ამიტომ ცეცხლს მისცეს წიგნები და ამასთან ერთად მოსპეს ყოველგვარი კვალი საცდურებისა. როგორც მეორე რჯულის 22.18 მუხლში ვკითხულობთ, უწმინდური ფულით წმინდა საქმის კეთება არ შეიძლება.
ეფესოში ქადაგების უდიდესი წარმატება პავლეს უბიძგებდა, ეს ქალაქი დაეტოვებინა და მოღვაწეობა სხვაგან გაეგრძელებინა. წმიდა წერილში ვკითხულობთ: „ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თვისსა, მო-რაი-ევლო მაკედონიაი და აქაიაი, მისლვად იერუსალემდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად და მიავლინა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რამდენმე ასიას შინა“ (19.21-22) პავლეს სურს იერუსალიმში ასვლა, ხოლო იქიდან რომში გამგზავრება. პავლე იერუსალიმში მოგზაურობას მაკედონიისა და აქაიის გავლით იმიტომ აპირებდა, რომ პალესტინის ეკლესიისთვის შემწეობა შეეკრიბა, ამიტომ მან იქ მოწაფეები, ტიმოთე და ერასტოსი გააგზავნა, თვითონ კი ასიაში დარჩა სამახარებლო მოღვაწეობის დასასრულებლად.
წინა - სარჩევი - შემდეგი