ანტიოქიიდან ეფესოში მოკლე და იოლი გზა ზღვაზე გადიოდა, მაგრამ წმიდა პავლე მოციქულმა უფრო რთული, სახმელეთო გზა აირჩია, რადგან თავის მიერ დაფუძნებული ეკლესიების ნახვა სურდა. „და იყო აპოლოისსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძოი იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაი მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმინდაი გუასმიეს“ (19.1-2). პავლე ეფესოში ჩამოდის, აპოლო კი გადადის კორინთოში. მათ არ იცოდნენ არათუ სულიწმინდის ნათლისღება, არამედ იესოსაც კი არ იცნობდნენ და ისინი გამოუტყდნენ კიდეც ამაში პავლეს. საძიებელია ის ფაქტი, თუ როგორ იყვნენ ეფესოში მყოფნი მონათლულნი იოანესეული ნათლისღებით. ისინი ალბათ იერუსალიმში იყვნენ ჩასულები, სადაც იოანეს მიერ მოინათლნენ და დაბრუნდნენ ეფესოში, სადაც მეტი არაფერი უსწავლიათ. „ჰრქუა მათ პავლე: რაითა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოანეს ნათლისცემითა“ (19.3). ამდენად, მათ სხვა არა უწყოდნენ რა სარწმუნოების შესახებ. როგორც 19.7 მუხლიდან ვგებულობთ, მათი რაოდენობა იყო თორმეტი.
„ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლისცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთვის შემდგომად მისსა, რაითა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე“ (19.4). პავლე იმას კი არ ამბობს, რომ იოანეს ნათლისცემა არაფერი იყო, არამედ ხაზს უსვამს იმას, რომ იგი მხოლოდ სინანულისაკენ მომწოდებელი იყო და არა ცოდვათა შემნდობი. „ხოლო მათ ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა და დასხმითა ხელთა პავლესთაითა მათ ზედა, მოვიდა მათ ზედა სული წმინდაი, იტყოდეს ენათა და წინაისწარმეტყუელებდეს. ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ“ (19.5-7). პავლემ მათ უქადაგა, სინანულში მოიყვანა ისინი და შემდეგ სულიწმინდისეული ნათლისღებით მონათლა. ხელდასხმით ისინი სხვადასხვა ენებზე ამეტყველდნენ. რატომ დღეს არ ხდება ასე? წმიდა იოანე ოქროპირი ამის შესახებ ამბობს: „მოციქულთა დროს, როდესაც ჯერ კიდევ ჩვილნი იყვნენ სარწმუნოებაში, როდესაც ხილულის გარეშე უხილავს არ ირწმუნებდნენ, ამის გამო სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს ზოგი წინასწარმეტყველებდა, ზოგიც უცხო ენებზე იწყებდა საუბარს. ხოლო დღეს ჩუენ, როგორც უსრულესთ სარწმუნოებაში, აღარ გვჭირდება ენებზე საუბარი და წინასწამეტყველებები, არამედ გვწამს, რომ მღვდლის მიერ ხელის დადებით საიდუმლოდ მოგვეცემა სულიწმინდა.“
წინა - სარჩევი - შემდეგი