პავლე მოციქულმა გარკვეული ხანი ანტიოქიაში გაატარა, შემდეგ კი შეუდგა მე-3 სამოციქულო მოგზაურობას. იგი „განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგვიაისასა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა“ (8.23). პავლემ თავისი მე-3 სამოციქულო მოგზაურობა სირიის ანტიოქიდან დაიწყო. მან თანმიმდევრულად გაიარა გალატია და ფრიგია იმ მიზნით, რომ იქ მის მიერ დაფუძნებული ქრისტიანული თემები რწმენაში განემტკიცებინა.
წმიდა წერილი ვინმე აპოლოს შესახებ გვესაუბრება. „ჰურიაი ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუამეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან“ (18.24). აპოლო არის აპოლონის ან აპოლუსის შემოკლებული ფორმა, ფიქრობენ, რომ მისი სრული სახელია აპოლუსი და არა აპოლონი, რომელიც ერთ-ერთი წარმართული ღმერთის სახელი იყო. ის გახლდათ იუდეველი, თუმცა დაბადებული ეგვიპტის ალექსანდრიაში. პავლე მას ახსენებს კორინთელთა პირველ და მესამე თავებში, ასევე რომაელთა 16.10.,,კითხვაი არქუთ აპოლოს, რჩეულსა ქრისტეს მიერ“.
ისეთი, როგორიც იყო აპოლოსი, არ იყო ყველა, ვისაც ქონდა მოძღვრობის უფლება, რადგან ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ცოდნა, მაგრამ არ იყოს მჭერმეტყველი ან პირიქით, ხოლო აპოლოს ორივეს შეძლება ჰქონდა.
„ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა, და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუისთვის და იცოდა ნათლისცემაი ხოლო იოანესი“ (18.25). აპოლო იცნობდა ქრისტიანობას, მაგრამ მასზე სრული წარმოდგენა არ ქონდა, რადგან მან მხოლოდ იოანესეული ნათლობა იცოდა და არა მაცხოვრის მიერ დაწესებული სულიწმინდისეული. შესაბამისად მას არ ჰქონდა სული წმინდის ნიჭი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ანთებული იყო სარწმუნოების სიყვარულით და მხურვალედ ქადაგებდა ქრისტეს შესახებ.
„ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკვილას და პრისკილას და მიიყვანნეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაი იგი უფლისაი“(18.26). აკვილამ და პრისკილამ ეფესოს სინაგოგაში მოუსმინეს მას და შენიშნეს, რომ იგი არ არის საკმარისად მცოდნე იმისა, თუ რაში მდგომარეობს „გზაი იგი უფლისაი“, ამიტომ მოიყვანეს და „უჭეშმარიტესად - რე უთხრეს მას გზაი იგი უფლისაი“.
„და ვითარ იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღსლვად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაი მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ“ (18.27-28). გარდამოცემის თანახმად აპოლო აკვილასა და პრისკილას ქადაგების შემდეგ მოინათლა. წმიდა წერილში მათ შესახებ არ წერია, რომ ისინი განათლებულები იყვნენ, მაგრამ დაემოწაფნენ რა პავლე მოციქულს, შეძლებისდაგვარად განათლდნენ ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტებაში. თავის მხრივ აპოლოსმაც არ ითაკილა, რომ განათლება მათზე უფრო დაბლა მდგომი ადამიანებისაგან მიიღო.
აპოლოს მოღვაწეობა განსაკუთრებით კორინთოში მტკიცე და ნაყოფიერი გახლდათ. იგი იუდეველებს წმიდა წერილის საფუძველზე უმტკიცებდა, რომ იესო ნაზარეველი ჭეშმარიტი მესიაა. მოგვიანებით აპოლოსი ქალაქ სმირნის ეპისკოპოსი გახდა და მოღვაწეობდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელამდე.
წინა - სარჩევი - შემდეგი