მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პავლეს გამგზავრება გემით ეფესოდან იერუსალიმში (18.18-23)


 

 

„ხოლო პავლე და-ვეღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკვილა. ხოლო იკუეცა მან თმაი კენქრეს, რამეთუ აღთქუმაი აღეთქუა“ (18.18). პავლე გემით კორინთოდან აკვილასა და პრისკილასთან ერთად ასურეთში მიემგზავრება, ხოლო ქალაქ კენქრეში იგი თმას იკვეთს. კენქრე არის ტროადას ქალაქი.

„საქმე მოციქულთაში“ ორი შემთხვევაა, რომ პავლე თმას იკვეთს. ეს გახლავთ პირველი (ხოლო მე-2 მე-20 თავშია გადმოცემული), როცა პავლე იერუსალიმში მოიკვეთს თმას. სჯულის მიხედვით თმების მოკვეცას თან სდევდა ტაძრისთვის მსხვერპლშეწირვაც, თუმცა პავლეს აქ ეს არ გაუკეთებია, ხოლო იერუსალიმში თმებსაც მოიკვეთს და მსხვერპლსაც შეწირავს არამარტო თავისი თავისათვის, არამედ თანმხლები ორი პირისათვისაც. პავლეს თმის მოკვეთა დასჭირდა ადგილობრივი იუდეველებისა და, პირველყოვლისა, აკვილასა და პრისკილას გამო, მან ამით დაამტკიცა, რომ იგი არის მოსეს სჯულის დამცველი და არა მისი მოწინააღმდეგე.

ლოპუხინის განმარტების თანახმად, ეს არ იყო ნაზორეველობის აღთქმა, რადგან ამ შემთხვევაში დაკანონებული ვადის გასვლის შემდეგ პავლეს მსხვერპლიც უნდა შეეწირა ტაძარში, რაც მხოლოდ იერუსალიმში ხდებოდა. როგორც ჩანს, ეს რაღაც კერძო აღთქმა იყო, თუმცა გაურკვეველია, რა მიზეზით იყო იგი დადებული. შეიძლება, მოციქულმა ეს აღთქმა იმიტომ დადო, რომ ამ გზით განსაკუთრებული მადლობა აღუთქვა ღმერთს მრავალი საფრთხისაგან უვნებლად დახსნის გამო.

პავლე „მოიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ“ (18.19). პავლემ თავისი თანამგზავრები ეფესოში დატოვა ხალხის განსასწავლად, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა იუდეველთა განსასწავლად. როგორც ჩანს, პავლე იქ კარგად მიიღეს, რადგან წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ „იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ-თანა, არა ინება“ (18.20), ანუ პავლეს იქ დარჩენა სთხოვეს, თუმცა მოციქული ვერ დარჩა, რადგან იერუსალიმში ერგასობის დღესასწაულზე დასასწრებად ეჩქარებოდა, აკი ვკითხულობთ კიდეც წმიდა წერილში: „არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალემს აღსრულებად და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაითა. შევიდა ნავსა ეფესოით და შთავიდა კესარიად, აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაი და შთავიდა ანტიოქიად“ (18.21-22). პავლე ნავით ეფესოდან კესარიაში გადადის, შემდეგ კი სირიის ანტიოქიაში. მან რომელი ქალაქებიც გამოიარა, იმავე გზით ბრუნდება უკან, რომ როგორც კეთილმა მუშაკმა, მოიხილოს ჯეჯილი, რომელიც აღმოცენდა თავისი სიტყვის თესლისაგან, რომ ღვარძლი აღმოფხვრას და შერყეული განამტკიცოს. ამ მუხლით (18.22) მთავრდება პავლეს მე-2 სამოციქულო მოგზაურობა, სადაც დაიწყო, იქვე დაასრულა მოციქულმა.



წინა - სარჩევი - შემდეგი