მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

წმიდა პავლე მოციქული კორინთოში (18.1-17)


 

 

18.22 მუხლში წყდება პავლე მოციქულის მე-2 სამოციქულო მოგზაურობა და 18.23 მუხლით იწყება მე-3.

„ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ“ (18.1), ანუ ათენიდან იგი კორინთოში გაემგზავრა, სადაც ქადაგების გამო დიდხანს აპირებდა გაჩერებას. მან იქ „პოა ვინმე ჰურიაი, სახელით აკვილა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაით, და პრისკილა, ცოლი მისი, რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანნი ჰრომით, მოვიდა მათა და რამეთუ ერთი ხელოვნებაი იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა, რამეთუ იყვნეს ხელოვნებით მეპრატაკე“ (18.2-3). ტექსტში ნახსენებია ორი საკუთარი სახელი: აკვილა (კაცის) და პრისკილა (ქალის), ისინი ცოლ-ქმარნი იყვნენ. წარმომავლობით ებრაელნი პონტოში ცხოვრობდნენ, შემდეგ გადასახლდნენ რომში და კლავდიუსის ბრძანებით დატოვეს იტალია. ისინი დაახლოებით 53 წელს ბრუნდებიან რომში.

საინტერესოა, რატომ გამოსცა ასეთი ბრძანება კლავდიუსმა?

ვიცით, რომ რომში მცხოვრებ იუდეველთაგან ბევრმა ქრისტიანობა მიიღო, სწორედ ამიტომ მათსა და იუდეველებს შორის მოხდა დაპირისპირება, რაც, ცხადია, რომში ხდებოდა. ამიტომ კლავდიუსმა გადაწყვიტა მათი მოშორება, რომ ქალაქში ამბოხება და შფოთი არ ყოფილიყო. აკვილა და პრისკილა ქრისტიანები არ ყოფილან და კლავდიუსს ისინი ამ მიზეზით არ გადმოუსახლებია რომიდან. პავლემ კორინთოში სწორედ მათთან დაიდო ბინა. საოცარი პიროვნებაა პავლე, მან, მთელი ქვეყნის მოძღვარმა, არ ითაკილა მეპრატაკესთან (მეტყავესთნ) ერთად დგომა და კარვების კერვა, რომ საკუთარი ხელით ეშოვა ლუკმა-პური. ეს გახლავთ პავლეს პირველი ჩასვლა კორინთოში.

„და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა“ (18.4). ის უქადაგებდა როგორც იუდეველებს, ისე წარმართებს. „და ოდეს მოვიდეს მაკედონიაით შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს“ (18.5). როგორც ჩანს, პავლეს იქ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, რაზეც მოწმობს გამოთქმა: „აწუევდა სული პავლეს“, რომელიც მქადაგებლის დიდ სულიერ დაძაბულობას მიუთითებს. პავლე მოციქული ათენში მარტო იყო, ასევე მარტო გადადის ის კორინთოში, სადაც ჩადიან მოციქულები.

„ხოლო იგინი, ვითარ უხდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თვისი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე, ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე“ (18.6). სინაგოგაში პავლეს ქადაგების გამო იუდეველთა წინააღმდეგობა ბოლოს აშკარა გმობამდე მივიდა, სწორედ ამიტომ პავლემ „განიყარა მათ ზედა სამოსელი“, რომ სიტყვასთან ერთად საქმით შეაშინოს ისინი. პავლე მათ ეუბნება, რომ „სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა, უბრალომცა ვარ მე, ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე“, ანუ თქვენი ურწმუნოებისა და ქედფიცხელობის გამო საშინელი სასჯელი დაგატყდებათ თავს, რაშიც მე არ ვიქნები დამნაშავე. მე გიქადაგეთ ერთადერთი გზა, რომლითაც შეგეძლოთ ამ სასჯელისაგან თავი დაგეღწიათ. ეს არის სახარებისეული ჭეშმარიტების გზა, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ, არ მიიღეთ იგი, ამიტომ თქვენა ხართ დამნაშავე და არა მე. სასჯელი, რომლითაც მათ ემუქრება პავლე, მარადიული წარწყმედაა, სისხლში სწორედ ეს იგულისხმება. „ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე“, ანუ აქამდე პავლე იუდეველთა მიმართ ქადაგებდა.

„და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა იოსტოსისა, ღმრთისმსახურისა, რომლისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას“ (18.7). პავლე ტოვებს სინაგოგას და გადადის პროზელიტ ტიტოს სახლში, რომელიც ახლოს იყო სინაგოგასთნ.

პავლეს ამ გადამჭრელმა მოქმედებამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ „კრისპოს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელ-იღებდეს“ (18.8). კრისპოსი იყო იუდეველი, სინაგოგის მთავარი. მან ირწმუნა პავლეს და მოექცა თავის ოჯახთან ერთად.

თავისი ერთგული მსახურის გასამხნევებლად უფალი ღამით გამოეცხადება პავლეს და უთხრა: „ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი, რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის-ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა“ (18.9-10). ეს არის პავლესადმი უფლის მე-3 გამოცხადება. უფალი ეჩვენა, რადგან შეწუხებული იყო პავლე ჰურიათა წინააღმდეგობის გამო. უფალმა გაამხნევა იგი და უთხრა, რომ იმ ქალაქში ბევრია ისეთი, რომელიც ღირსია ისმინოს მისი ქადაგება და მზადაა, ირწმუნოს პავლესი, რომელიც შესაძლოა, კორინთოს დატოვებას აპირებდა მსგავსადვე ათენისა. მოციქული იქ რჩება ერთი წელი და ექვსი თვე „და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა“ (18.11).

„ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიასაი, ზედა მიუხდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე და ეტყოდეს, ვითარმედ: თვინიერ შჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებდ ღმრთისა“ (18.12-13). გალიონი იყო წარმართი ერისკაცი, მის წინაშე მიდიან ადგილობრივი იუდეველნი და აბეზღებენ პავლეს, რომ ის არღვევს ჩვენს სჯულს და აიძულებს ადამიანებს, რომ ამ რჯულის გარეშე ემსახურონ ღმერთს. გალიონი ამ დროისათვის გახლდათ რომის პროვინციის, აქაიის პროკონსული.

„და ვითარცა ეგულებოდა პავლეს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაიმე ძვირისსაქმე ბოროტი, ჰოი ჰურიანნო, სიტყვისა მისებრმცა თავს - ვიდევ თქუენი. უკუეთუ ძიებაი რაიმე არს სიტყვისათვის და სახელებისა და სჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათვის არა მნებავს ყოფად. და განასხნა იგინი საყდრისაგან“ (18.14-16). როგორც ჩანს, გალიონი მშვიდი ადამიანი იყო და ყველაფერს გულგრილად ეკიდებოდა. მან პავლეს თავის მართლებასაც კი არ მოუსმინა, არამედ საქმე მყისვე ბრალმდებელთა საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა. მან, პოლიტიკურმა ადმინისტრატორმა, მიიჩნია, რომ პავლე, რომელიც თურმე შჯულს არღვევდა (და არ დაურღვევია სამოქალაქო წესრიგი, რისი უშუალო დაცვაც მას ევალებოდა), მიიჩნია, რომ ეს საქმე მის იურისდიქციაში არ შედის და სამსჯავროდან გააძევა ისინი.

იუდეველთა სიჯიუტით თავგაბეზრებულმა წარმართებმა შეიპყრეს სოსთენი, სინაგოგის მთავარი „და სცემდეს საყდართა წინაშე, და არარას ზრუნვიდა ამათგანსა გალიონ“ (18.17). სოსთენი, როგორც ჩანს, პავლეს მხარდამჭერი იყო, ის გახლდათ სინაგოგის მთავარი, რომელიც იყო ან პავლეს მიერ მოქცეული, ან მისი გულშემატკივარი. იუდეველებმა ის შეიპყრეს და სცემეს. საფიქრებელია, რომ სოსთენი და კრისპოსი ერთი და იგივე პიროვნებებია, რადგან ორივე შესაკრებელის მთავრად იწოდება. სოსთენი შეიძლება მას ნათლობის შემდეგ ეწოდა, თუმცა ფიქრობენ იმასაც, რომ სოსთენი არის კრისპოსის მემკვიდრე.



წინა - სარჩევი - შემდეგი