მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

პავლე და შილა თესალონიკესა და ბერეაში (17.1-14)


 

 

მე-17 თავში გადმოცემულია პავლეს მოგზაურობა ქალაქ თესალონიკში.

„და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაი, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაი“ (17.1). თესალონიკს სხვანაერად ერქვა სალონიკი. მოციქულები პატარა ქალაქებს გვერდს უვლიდნენ და დიდ ქალაქებში შედიოდნენ, რომ აქედან, ვითარცა წყაროდან მოირწყვება გარშემო ადგილები, ქრისტეს სარწმუნოება გავრცელებულიყო. ამ ქალაქში მრავალი იუდეველი ცხოვრობდა და ცხადია, მათ თავიანთი სინაგოგაც ქონდათ. პავლე მოციქული იცავს ქრისტესგან დატოვებულ წესს, ანუ ჯერ იუდეველებთან ქადაგებს და შემდეგ გადადის წარმართებთან, რომ იუდეველებს უკმაყოფილების რაიმე მიზეზი არ მისცეს.

„და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან“ (17.2). პავლე სამი შაბათის განმავლობაში ზედიზედ მიდიოდა ჰურიათა შესაკრებელში და წმიდა წერილის საფუძველზე უმტკიცებდა, რომ ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველევი მესია უნდა ვნებულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო. პავლე „გამოუთარგმანებდა“ ანუ განუმარტავდა მათ ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ჭეშმარიტებას, რომ ის, ვისზეც არის ნათქვამი ძველი აღთქმაში, სწორედ იესო ნაზარეველია, რომელზეც მე ვქადაგებ (17.3).

პავლეს საუბარმა ის შედეგი გამოიღო, რომ „რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგეს პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ“ (17.4). პავლე „მორწმუნე წარმართებს“ უწოდებს მათ, რომლებიც „შჯულითა ჰურიათა იყვნეს“, ანუ პროზელიტები, სწორედ ამათ ირწმუნეს მოციქულთა სიტყვისა და მათთან ერთად ირწმუნა „დედათა მთავართა არა მცირედთაჲთა“ (17.4), ხოლო იუდეველთა ის ნაწილი, რომელთაც არ ირწმუნეს, „შური აღიღეს ... და მოიყვანნეს სავაჭროჲთგან კაცნი ვინმე ბოროტნი, და ერსა კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მას ზედა, და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე“ (17.5). აქ იხსენიება ვინმე იასონი, სადაც იყო პავლე შილასთან ერთად. იასონს პავლე მოციქული სხვაგანაც ახსენებს, ვინ იყო ის? ლოპუხინის თანახმად იასონი იყო ან ებრაელი ელინისტი, ან ახალმოქცეული წარმართობისგან. ორივე შემთხვევაში ის ქრისტეს მორწმუნე იყო.

რადგანაც მოციქულთა ქადაგებამ უამრავი პროზელიტი და იუდეველთა გარკვეული ნაწილი მიიმხრეს, ამიტომ ურწმუნო იუდეველებმა მათ წინააღმდეგ ადგილობრივთაგან ზოგიერთი აღძრეს და მივიდნენ ვინმე იასონის სახლში, სადაც იყვნენ მოციქულები.

„და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა, მთავართა წინაშე ქალაქისთა და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან“ (17.6). ჰურიათა აღშფოთების მიზეზი იყო სახმართმოყვარეობა. ისინი გამძვინვარდნენ, როდესაც დაინახეს, როგორ განუდგნენ მათ სჯულის მთავართა ცოლები. ამით ხომ მათ დაკარგეს ის დიდი შემოსავალი, რომელსაც სწირავდნენ ეს ქალები მათ შესაკრებელს, ამიტომ მათ შეიპყრეს იასონი თავის ძმებთან ერთად, წაათრიეს ქალაქის მთავრებთან და ბრალი დასდეს, რომ მან შეიფარა ისინი, „რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს“. აკი ამბობენ კიდეც, „რომელნი შეუწყნარებიან იასონს და ესე ყოველი წინააღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან, მეუფესა სხუასა იტყვიან ყოფად, იესუს“ (17.7), ანუ ესენი მოქმედებენ კეისრის წინააღმდეგ, რადგან არ ემორჩილებიან მას და მეუფედ ვიღაც სხვას, ვინმე იესოს აღიარებენ.

ესოდენ მძიმე ბრალდებამ ხალხიცა და მთავრებიც ააღელვა (17.8), მაგრამ იმის გამო, რომ თვით ბრალდებულები იქ არ იყვნენ, მსაჯულები დაკმაყოფილდნენ იმით, რომ თავმსდები ანუ გარკვეული საფასური გადაახდევინეს იასონს და ყველანი გაანთავისუფლეს (17.9).

„ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელსა ხოლო ჰურიათასა შევიდეს“ (17.10). მქადაგებლები ღამით ბერიაში გაემართნენ, სადაც უპირველესად, ცხადია, სინაგოგას ეწვივნენ. „რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთა შეიწყნარეს სიტყუაი იგი ყოვლითა გულსმოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს“ (17.11). აქ მყოფთ მოციქული უფრო კეთილგონიერებს უწოდებს, ცხადია, არა წარმომავლობით, არამედ სულიერი განწყობილებით, რადგან კეთილად მიიღეს მოციქულთა ქადაგება და წიგნთაგან გამოეძიებდეს ჭეშმარიტებას. პავლე კი წესისამებრ ჯერ ჰურიათა შესაკრებელში შედიოდა და შემდეგ გადადის წარმართებთან.

„მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არამცირედსა“ (17.12), წარმართთაგან მრავალი მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე.

„ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაი იგი ღმრთისაი, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას“ (17.13). თესალონიკელმა იუდეველებმა როგორც კი შეიტყვეს, რომ პავლე და შილა ბერეაში ქადაგებდნენ, მყის ჩავიდნენ იქ და მოციქულთა წინააღმდეგ ბრბო წააქეზეს, სწორედ ამიტომ იქაურმა მორწმუნეებმა „მუნთქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსვლად ზღვით კერძო, ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს“ (17.14). მორწმუნეებმა ზღვით გააპარეს მხოლოდ პავლე, რადგან უმეტესად მის წინააღმდეგ იყვნენ შურით აღვსილნი, შილა და ტიმოთე კი რჩებიან ბერეაში, ხოლო პავლე მიემგზავრება ათენში.

პავლე მოციქულმა კაცობრივი ღონით დააღწია თავი გამძვინვარებულ ჰურიათ, რომლებიც მოსალოცად დასდევდნენ მას. ამ „გაქცევით“ მოციქული თავს იმდაბლებს, თითქოს უძლური იყოს და ეშინოდეს მაშინ, როცა ძლიერი იყო თავისი განმაძლიერებლის, ქრისტეს მიერ.



წინა - სარჩევი - შემდეგი