საროსკიპოს მეპატრონენი იმდენად იყვნენ დაბრმავებული სახმართმოყვარებით, რომ არ სურდათ სასწაულის დანახვა. ერჩივნათ, ეს ქალი ისევ ეშმაკეული ყოფილიყო, ოღონდ შემოსავალი არ მოკლებოდათ. „ვითარცა იხილეს უფალთა მის დედაკაცისაითა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაი სარეწავისა მათისაი, შეიპყრეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათდა“ (16.19). ისინი არ უსმენენ ამ ქალს, აქედან გამომდინარე, ეს ქალი მათთვის არ არის ავტორიტეტი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის წყაროა და სხვა არაფერი. მათ არ გაუგონეს ქალს, რომ ეს კაცები ღვთისმსახურები არიან, არამედ შეიპყრეს პავლე და შილა, ძალით მიიყვანეს მოედანზე, სადაც სასამართლო საქმეები განიხილებოდა. ისინი „ერისმთავრებს“ ანუ ქალაქის მთავრებს მიჰგვარეს, რომელთაც ადამიანთა დასჯის უფლება ჰქონდათ. და უთხრეს: „ესე კაცნი აღსძვრენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან. არა მითხრობენ შჯულსა, რომელი არა ჯერ-არს ჩუენდა თავსდებად, არცა ქმნად, რამეთუ ჩუენ კაცნი ჰრომნი ვართ“ (16.20-21).
მათ ბრალი დასდეს პავლეს და შილას ქალაქის ამბოხში, რომ:
1. ქადაგებენ უცხო სჯულს.
2. ჩვენ კაცნი ჰრომნი, ანუ რომაელები ვართ და ვინაიდან ესენი იუდაურ შჯულზე გვიქადაგებენ, ჩვენ აღგვძრავენ, რომ შევეწინააღმდეგოთ და ავუჯანყდეთ რომს. ანუ მოციქულები მათ წარმართობის დატოვებისა და ებრაელთა სჯულის მიღებისაკენ მოუწოდებს.
მონა ქალის „პატრონებმა“ ბრბოს ამხედრება მოახერხეს მოციქულთა წინააღმდეგ „და შეკრბებოდა ერი მათ ზედა და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაი, და ვითარ მრავალი წყლულებაი დადვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა და ამცნეს საპყრობილის მცველსა კრძალულად დაცვაი მათი“ (16.22-23). ხალხის რისხვის ჩასაცხრომად მოციქულები კვერთხით სცემეს, თუმცა მოციქულთა უკმაყოფილების თუ დაჩივლების არცერთი სიტყვა არ არის გადმოცემული წმიდა წერილში, მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ისინი დაცლილნი არიან პატივმოყვარეობისაგან, თუმც კი არ აკმარეს ცემა, საპყრობილეში ჩასვეს და განსაკუთრებით მკაცრი დაცვა მიუჩინეს. საპყრობილის მცველმა „შესხნა იგინი უშინაგანესსა საბყრობილესა და ფერხნი მათნი დაჰკრძალნა ხუნდსა შინა“ (16.24).
„უშინაგანესი საბყრობილე“ ციხის სიღრმეს გულისხმობს. მათ იმიტომ ბრძანეს მოციქულის განსაკუთრებული დაცვა, რომ იცოდნენ, რომ ესენი უბრალო კაცები არ იყვნენ და შეეძლოთ საკვირველებით იქიდან თავის დაღწევა. ღმერთმაც დაუშვა, რომ ეს საკვირველება მომხდარიყო, რათა მისთვის პყრობილნი უმეტესად გამდიდრებულიყვნენ. მოციქულებს ფეხებზე დაადეს ხუნდები (დიდი ზომის, შუაში ამოჭრილი მორები), რომ ვერ გაქცეულიყვნენ.
რატომ მაინცადამაინც ციხის სიღრმეში არსებულ საკანში და რატომ ესოდენ განსაკუთრებულად მათი დაცვა ?
1. მათ შეიძლება გაგონილი ჰქონდათ, როგორ იხსნა უფალმა მოციქულები საპყრობილიდან
2. შეიძლება ისინი გრძნეულები ეგონათ, რომ რაღაც ხრიკებით თავს დააღწევდნენ ციხეს.
წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „რაც უფრო მკაცრია პყრობილება, მით უფრო დიდია სასწაული“. პავლე და შილა ვაებას არ მისცემიან, პირიქით, სიხარულით აღივსნენ, რომ ქრისტეს სახელისათვის ვნების მიღების ღირსნი გახდნენ. „და შუაღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი“ (16.25)
შუაღამეა, პავლე და შილა საპყრობილეში ლოცულობენ და გალობენ. მათ ქრისტესთვის ვნება ცემითა და გვემით არ იკმარეს, არამედ დაწყლულებულნი ლოცვას იწყებენ, რომ ამით ღმერთი ადიდონ. მათ შეპყრობილი ურწმუნონი უსმენდნენ, ხოლო ჩვენ ამ ცხოვრებაში წმინდანებს არ ვუსმენთ.
„მეყსეულად ძრვაი იყო დიდი, ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეხუნეს და ყოველთა კრულებანი განიხსნნეს“ (16.26). სასწაულებრივი მიწისძვრისაგან შენობა შეზანზარდა, ყველა კარი გაიღო და ხუნდები მოირღვა, ეს უდიდესი საწაულია. „საპყრობილე შეიძრა, რათა მესაპყრობილე გააღვიძოს და მისი გული ურწმუნოებისაგან შეარყიოს, ხოლო კარები გაიღო, რათა ამ სასწაულით ურწმუნოებს სარწმუნოების კარი განეღოთ“, - ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირი.
სასწაული შუაღამეს აღსრულდა იმიტომ, რომ ეს არ ყოფილიყო მრავალთა საჩვენებელი, არამედ კონკრეტულად ადამიანთა გადასარჩენად, თუმცა ფიქრობენ, რომ მხოლოდ ციხის უფროსი მოექცა.
„და ვითარ განეღვიძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იხადა მახვილი და ეგულებოდა განგუმერაი თავისა თვისისაი. ეგრე ჰგონებდა, ვითრმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი“ (16.27). სასოწარეკვეთა საპყრობილის მცველს და თავის მოკვლასაც კი ფიქრობდა, რადგან ეგონა, რომ ტუსაღები გაიქცნენ. ფიქრობენ, რომ მცველი საპყრობილის ზემო სართულზე, ან კიდევ იქვე ახლოს ცხოვრობდა.
„ხმა-უყო მას ხმითა დიდითა პავლემ და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხვევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ“ (16.28). ნათელი არ გამობრწყინდა საპყრობილეში, რომ პატიმრებს არ ეხილათ გაღებული კარები და მძინარე საპყრობილის უფროსი, რადგან ამ შემთხვევაში ისინი გაიქცეოდნენ. მხოლოდ პავლე ხედავდა ყოველივეს, რომელმაც დაუძახა საპყრობილის უფროსს და თავის მოკვლას გადაარჩინა. მოციქულმა ხმამაღლა შესძახა მას, რადგან შეიძლება ისინი მანძილით იყვნენ ერთურთს დაშორებულნი.
„ხოლო მან მოითხოვა სანთელი და შეისწრაფა შინა და ძრწოლაი შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას“ (16.29). ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ ღია კარებს მხოლოდ პავლე და შილა ხედავდნენ. პატიმრებმა იცოდნენ, რომ ხელთაგან ბორკილები დაცვივდათ, თუმცა ვერ ხედავდნენ გაღებულ კარებს, რადგან სიბნელე იყო. საპყრობილის მცველმა სანთლის ანთება მოითხოვა, მას ძლიერ შეეშინდა და პავლესა და შილას ფეხებში ჩაუვარდა, ამით კი ღვთის წარმოგზავნილებად, თავის თავზე უპირატესებად აღიარა ისინი.
მცველმა მოციქულები საპატიმროს გარე სათავსოში გაიყვანა და უთხრა: „უფალნო, რაი მიღირს მე ყოფად, რაითა ვცხონდე“ (16.30). მომხდარმა სასწაულმა დაარწმუნა მცველი, რომ ეს ტუსაღები ცხონების ჭეშმარიტ გზას ქადაგებდნენ და თავად გამოთქვა ამ გზაზე შედგომის სურვილი და კითხულობს, თუ რა არის ამისთვის აუცილებელი. მოციქულები კი პასუხობენ: „გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი და ეტყოდეს მას სიტყვასა მას უფლისასა და ყოველთა სახლეულთა მისთა“ (16.31-32). მოციქულებმა ცხონების აუცილებელ პირობად იესო ქრისტესადმი რწმენა დაუსახეს, შემდეგ უქადაგეს ქრისტეს მოძღვრება და მერე მონათლეს ისინი.
„და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგუემთა მათგან და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა“ (16.33). ნაგუემი ნიშნავს ჭრილობას. მცველმა (რომლის სახელია სტეფანე) თავის მხრივ მათზე იზრუნა, მან მოციქულებს ცემისგან გაჩენილი იარები მობანა და შეუხვია. მცველმა თავის ოჯახის წევრებთან ერთად ხორციელი ჭრილობები მოუშუშა მოციქულებს, ხოლო თავად სულიერი ჭრილობებისგან განიკურნენ მოციქულთა მიერ.
„მეყსეულად აღიყვანნა (მცველმა) იგინი სახედ თვისა და დაუგო მათ ტაბლაი. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი“ (16.34). გამოთქმა „აღიყვანა“ მიუთითებს, რომ მცველი იქვე ახლოს ცხოვრობდა. ამით აიხსნება, რომ მიწისძვრამ თავისი ოჯახის წევრები გააღვიძა და შეშფოთებულნი მასთან მივიდნენ.
სიმბოლურად საპყრობილე გაიაზრება როგორც სულთა საყრობილე (ჯოჯოხეთი), სადაც ყველამ იხილა სასწაული და მხოლოდ მესაპყრობილემ ირწმუნა. ასევე, ჯოჯოხეთშიც ქრისტე ჯვრიდან ყველასთვის ჩავიდა, ხოლო რომელთაც ირწმუნეს მისი, გამოვიდნენ მასთან ერთად. აქ ვხედავთ ადამიანის თავისუფალ ნებას, რამეთუ ყველამ იხილა სასწაული, მაგრამ მხოლოდ საპყრობილის უფროსი მოექცა თავისი სახლეულით, ხოლო პატიმრები, რომლებზეც უმეტესი სასწაული აღესრულა, რადგან იხილეს ბორკილების გახსნა, ურწმუნოებაში დარჩნენ.
ღამით მთავრებმა თავიანთი სულწრფელი საქციელი, პავლესა და შილას დასჯა განსჯის გარეშე, როგორც ჩანს, ინანეს და გადაწყვიტეს რომ ეს საქმე მშვიდად მოეგვარებინათ და მცველს ტუსაღთა გაშვების ბძანება გაუგზავნეს. ტექსტიდან არ ჩანს, საიდან გაიგეს მათ ამ სასწაულის შესახებ, თუმცა ცხადია, მათ მიიღეს და აღიარეს ეს სასწაული, ეს მტკიცდება მათი საქციელითაც.
„მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაი თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშვიდობით!“ (16.36). პავლემ რომის მოქალაქის უფლება გამოიყენა და უთხრა მათ: „გუგუემნეს ჩუენ ურაკპარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემხსნეს საპყრობილესა ცუდად და აწ ფარულად განგვიყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თვით მოვიდნენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ“ (16.37). პავლე არ ტოვებს იქაურებას, იგი აქ პირველად ამბობს, რომ რომის მოქალაქეა. მოციქული აღნიშნავს, რომ ჩვენ უდანაშაულონი ვართო. რატომ მაშინ არ თქვა, როცა შეურაცხოფდნენ მას? ცხადია იმიტომ, რომ ვინმეს არ ეფიქრა, თითქოს პავლე და შილა გაურბოდნენ ქრისტეს სახელის გამო ტანჯვასა და შეურაცხყოფას. ახლანდელი აღიარებით კი პავლე ამხელს მათ, რომ ისინი კანონს ზუსტად არ აღასრულებენ.
პავლე მოციქული მათგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
1. თუ პავლე და შილა მათ დამორჩილდებოდნენ და წავიდოდნენ, მაშინ ეს სასწაული სხვათათვის გაუმჟღავნებელი იქნებოდა და სახარების ქადაგება დაბრკოლდებოდა. სასწაული ხომ მათი მოქცევის წინაპირობა უნდა ყოფილიყო.
2. თუ მალულად წავიდოდნენ, ვინმე იფიქრებდა რომ ისინი დამნაშავენი იყვნენ და ამიტომ წავიდნენ ფარულად.
„მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განხდა, ესმა რაი ვითარმედ ჰრომნი არიან“ (16.38). მთავრები დაფრთხნენ, რადგან შიშობდნენ, რომ პავლესა და შილას მათთვის რომ ეჩივლათ რომის მოქალაქის დასჯისათვის, ისინი თავადვე დაისჯებოდნენ (კანონით, რომის მოქალაქის ფიზიკური დასჯა არ შეიძლებოდა). ამიტომ „მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან“ (16.39). ისინი მოდიან და ბოდიშს უხდიან მოციქულებს, თანაც სთხოვენ, რომ ქალაქი თავიანთი ნებით დაეტოვებინათ, რომ მათ იქ ყოფნას ახალი მღელვარება არ გამოეწვია.
„იგინი ვითარ გამოვიდნენ მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაისასა და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს“ (16.40). მოციქულებმა დატოვეს ქალაქი ფილიპე, მაგრამ პავლემ ვიდრე ლიდია არ ნახა და რწმენაში არ განამტკიცა ის და მასთან მყოფი მორწმუნეები, მანამდე არ წავიდა. პავლე ამჯერად მეორედ ავიდა ლიდიასთან.
წინა - სარჩევი - შემდეგი