„და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მხევალი ვინმე წინა შეგვემთხვია ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაი, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა.“ (16.16). მოვლენები ვითარდება ფილიპეში. ფილიპე გახლავთ ევროპის პირველი ქალაქი, სადაც წარმართული მოსახლეობის მხრიდან ქრისტიანობის მქადაგებელთა დევნა დაიწყო იმის გამო, რომ პავლე მოციქულმა მონა ქალიდან ავი სული განაგდო, რომლის ძალითაც იგი მისნობდა. ამ ქალს ბოროტის შთაგონებით შეეძლო ადამიანის წარსულზე და მომავალზე ელაპარაკა, რასაც თავისი პატრონისათვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა. ეს ქალი იჯდა ერთ-ერთ წარმართულ ტაძარში (ანუ საროსკიპოში), იქ ეწეოდა მისნობას და შემოსული ფული თავის უფალს (საროსკიპოს მეპატრონეს) რჩებოდა.
ამ ქალზე წმინდა წერილში წერია: „რომლისა თანა იყო სული პითონი,“ რაც ნიშნავს:
1. ბოროტი სულით შეპყრობილს.
2. პითონი ეწოდებოდა იმ ადგილის მიხედვით, სადაც აღმართული იყო კერპი აპოლონისი და სადაც ეს ქალი მსახურობდა.
3. „პოფინი“ არის ბერძნული გამოთქმა და ნიშნავს მუცლით მეზღაპრეს.
„ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ხმობდა და იტყოდა: ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხოვრებისათა“ (16.17).
მონა ქალი გამოეკიდა პავლეს, შილას, ტიმოთესა და ლუკას და თან ყვირის: „ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხოვრებისათა“ (16.17). ამაში შეიძლება ავი სულის მიერ ღმრთის უნებლიე აღიარება დავინახოთ. წმინდა იოანე ოქროპირი ამაში დემონის მზაკვრულ განაზრახს ხედავს.
„და ამას ყოფდა დღეთა მრავალთა, განრისხნა პავლე და მიიქცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: „გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსვლად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა“ (16.18). ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებდა ამას, ამიტომ „განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა“, ანუ ქალის ამგვარად ამეტყველების მიზეზი ის ბოროტი სული იყო, რომელიც მას მართავდა.
რატომ შერისხა პავლემ ბოროტი სული, მიუხედავად იმისა, რომ იგი სიმართლეს ამბობდა?
1. მოციქულთა სრულყოფილება ბოროტს არ უნდა დაემოწმებინა.
2. პავლე განრისხდა, რადგან დემონისგან აღიარება არ სურდა. სახარება, რომელმაც ეშმაკის საქმე უნდა დაარღვიოს, მისგან მხარდაჭერას არ საჭიროებს.
3. პავლემ განდევნა მისგან ეშმაკი და ამით გვასწავლა, რომ არასოდეს მოვუსმინოთ ეშმაკებსა და მწვალებლებს, თუნდაც სწორს ამბობდნენ, რადგან მათი გონება ბოროტებით არის სავსე.
4. ეს ქალაქი წარმართულია. პავლემ შერისხა ეშმაკი, რომ ხალხს არ გონებოდა, რომ ეს ქალი და პავლე ერთსა და იმავე ღმერთს ემსახურებიან. პავლემ ამით დაამტკიცა, რომ ამ ქალთან საერთო არ ქონდა. მას რომ შეეწყნარებინა ამ ქალის თქმული, მრავალი მორწმუნე შეცდებოდა და დაიჯერებდა, რომ მისნობა არ არის ცუდი, რადგან ის პავლემაც შეიწყნარა.
5. სიმართლეც არ უნდა დავუჯეროთ ბოროტს, რომ შემდეგ ტყუილიც არ დაგვაჯეროს.
6. პავლე გვასწავლის, რომ არასოდეს მოვუსმინოთ ეშმაკს, თუნდაც ისინი სიმართლეს ამბობდნენ.
7. როგორც ფეხმრუდს (ფეხგაღუნულს) არ შეშვენის ისეთი ფეხსაცმლის ჩაცმა, რომელსაც იცვამს ჯანმრთელი ადამიანი, ასევე არ შეშვენის ღმრთისმგმობელს ღმრთის დიდება.
წინა - სარჩევი - შემდეგი