მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

წმიდა პავლე მოციქული ფილიპეში, ლიდიას მოქცევა (16.12-15)


 

 

პავლე და შილა ნეაპოლიდან, რომელიც მაშინ თრაკიას ეკუთვნოდა და ევროპის ქალაქი გახლდათ, გადადიან მაკედონიის ფილიპებისაკენ (16.12). ამ ქალაქში იმდენად ცოტა იუდეველი ყოფილა, რომ სინაგოგაც კი არ ჰქონდათ, ამიტომ იუდეველთა წეს-ჩვეულებით ისინი სალოცავად ქალაქგარეთ, მდინარის ნაპირას იკრიბებოდნენ. შეიძლება, შესაკრებელი ადგილი შემოღობილი იყო, მაგრამ იქ არ იდგა არანაირი შენობა. „დღესა შაბათთასა განვედით ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაი. და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს“ (16.13). შაბათი წმიდა წერილში სხვადასხვანაირად განიმარტება, ამ შემთხვევაში იგი შეიძლება იყოს რომელიმე დღესასწაული ან კვირის ბოლო დღე. იუდეველებს არ ჰქონდათ რა თავიანთი სინაგოგა ამ ქალაქში, ისინი მდინარის პირას, შფოთისაგან მოშორებულ ადგილზე ჩადიან სალოცავად, რამეთუ ფიქრობენ, რომ ღმერთი ამ ადგილას იქნებოდა. პავლე მოციქული თავის მოწაფეებთან ერთად ჩადის იქ, რათა მათ ღვთის სიტყვა უქადაგოს. შეკრებილებს შორის არ ყოფილა არცერთი მამაკაცი, რადგან ეს არ აღუნიშნავს ლუკა მახარებელს, რომელიც ამ ამბების თვითმხილველია. ფიქრობენ, რომ აქ ჩამოსული ქალები ისინი არიან, რომლებიც ადგილობრივ წარმართებს მითხოვდნენ, ე.ი. ირღვევა ძველი რჯული.

„და დედაკაცი ერთი, სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თვიატირისაი, მსახური ღმრთისაი იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყვათა პავლეს მიერ თქუმულთა“ (16.14).

ძოწეული გახლავთ წითელი ფერის ძვირფასი ქსოვილი, ის ყიდდა ამას, რადგან:

1. ის იყო ძალიან ღარიბი და ამით ირჩენდა თავს.

2. ის იყო მდიდარი და ქონდა საშუალება, რომ ეყიდა ნაჭერი, შეეკერა და გაეყიდა.

თვიატირი გახლავთ ლუდიის ქალაქი, საიდანაც იყო ეს ქალი. ქალი ღარიბი იყო და ძოწეულის სამოსს ყიდდა, მაგრამ მდიდარი იყო იგი ღვთისმსახურებით, რამეთუ ევედრებოდა უფალს, ამიტომაც განუღო მას უფალმა გული თავისი მოძღვრების მისაღებად.

სავარაუდოდ, ლიდია მაკედონელი პროზელიტი უნდა ყოფილიყო. მისი სახელი, მშობლიური ქალაქის სახელის გამო, ძველ სამყაროში მეტად იყო გავრცელებული.

მორწმუნეთაგან უფალმა მხოლოდ ამას გაუღო კარი პავლეს მოძღვრების მოსასმენად. ადამიანის მოქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანის პირად ნებაზეა დამოკიდებული, მაინც საღვთო მადლს უკავშირდება.

„და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით და გუაიძულა ჩუენ.“ (16.15) ნათელ-იღო ლუდიამ თავის სახლთან ერთად, ამის შემდეგ ის ეხვეწა მოციქულებს, რომ მასთან შესულიყვნენ სახლში.

რატომ დასჭირდა ამ ქალს ხვეწნა?

ხვეწნა შეიძლება მაშინ, როცა ერთჯერ ან ორჯერ თქმას შედეგი არ მოყვება.

1. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „მოციქულები ყველას სახლში კი არ უნდა შევიდნენ, არამედ ვინც ღირსია მოციქულთა სტუმრობისა, ვისაც გულით უნდა მოციქულთა სტუმრობა, სწორედ იქ უნდა შევიდნენ ისინი.“

2. პავლე მოციქული მანამ არ მივიდა ამ ქალის სახლში, სანამ მისი გულმოდგინება და სარწმუნოება არ გამოსცადა.



წინა - სარჩევი - შემდეგი