პავლე და შილა, როგორც წინა მუხლებიდან ჩანს, მოგზაურობის გაგრძელებას აპირებენ აზიისკენ, თუმცა სულიწმინდის ძალით ისინი ევროპისაკენ დაიძრნენ. პავლე მოციქულს აქვს გამოცხადება. „და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიენ ჩუენ“ (16.9). შესაძლოა, ეს მაკედონელი ერის მფარველი ანგელოზი ყოფილიყო, რომელმაც კაცის სახე მიიღო. მაკედონელი არ ეუბნება თუ რაში უნდა დაეხმაროს, შეეწიოს მათ პავლე მოციქული, თუმცა ეს ისედაც ცხადია. კაცობრიობა დასაღუპადაა განწირული, რადგან არ იცნობს ქრისტიანულ მოძღვრებას.
„და ვითარცა ჩუენებაი იგი იხილა პავლე, ვისწრაფედ მეყსეულად განსლვად მაკედონიად, გულისხმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა, აღვხედით ნავსა ტროადას და მართალ მივისწრაფედ სამუთრაკედ და ხვალისაგან ახალქალაქად“ (16.10-11). მოციქულებმა სწორად გაიგეს თხოვნა და გადაწყვიტეს, რომ აზიის ნაცვლად ევროპისკენ იქადაგონ, ისინი მაკედონიაში წავიდნენ.
„საქმე მოციქულთაში“ ეს არის პირველი ადგილი, როცა ლუკა მახარებელი საუბრობს პირველ პირში. სიტყვით „ჩუენ“ აშკარა ხდება, რომ იმ დღიდან იგი მოციქულ პავლეს თანამგზავრი ხდება. ამავე სტილით აგრძელებს იგი თხრობას ბოლომდე, ე.ი. ლუკა თვითმხილველია იმ მოვლენებისა, რასაც აღწერს. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ლუკა მოციქული სწორედ ტროადაში გახდა პავლეს თანამგზავრი.
წინა - სარჩევი - შემდეგი