მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

წმიდა პავლე მოციქული დერბეში, ლუსტრასა და ტროადაში


 

 

„მიიწია იგი (პავლე და შილა) დერბედ და ლუსტრად.და აჰა ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაი და მამისა წარმართისაი, რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა“ (16.1-2). საქმეთა აღმწერი მოკლე ცნობებს გვაწვდის იმის შესახებ, რაც ევროპაში წმინდა პავლე მოციქულის ჩასვლას უძღოდა წინ. დერბე არის ციხე ისავრიისა, აშენებული ლტოლვილ კაცთა მიერ, რომელიც ბოლოს ქალაქად ააშენეს ლუკაონელებმა. ლუსტრა არის სოფელი იკონიისა, ხოლო იკონია-ქალაქი ლუკაონისა. სწორედ ლუსტრადან იყო ტიმოთე, რომელსაც ამავე ქალაქში ხვდებიან პავლე და შილა. (სხვათაშორის პავლე მოციქული ყველაზე მეტს ტიმოთეს ახსენებს თავის ეპისტოლეებში, მას ორი ეპისტოლეც კი მისწერა.)

ტიმოთეს მამა იყო წარმართი, ხოლო დედა ჰურია ანუ იუდეველი. ის იყო მორწმუნე, რას ნიშნავს ეს? აქ დგას ისეთი ეპოქა, როცა დარღვეულია სჯული, წინათ დაუშვებელი რამ ეხლა დასაშვებია, ჰურია წარმართზეა დაქორწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ტიმოთეს დედა და დედის დედა (ბებია) ქრისტიანები არიან. ტიმოთე წინადაუცვეთელია, რადგან ქრისტეს სჯულის თანახმად, ეს არ არის აუცილებელი, ეს მოციქულთა კრებამ განაჩინა (51 წელი, იერუსალიმი).

ტიმოთე სწორედ მაშინ იბადება, როცა ქრისტე იწყებს მოღვაწეობას, ამ დროისათვის ის მეტ-ნაკლები სიზუსტით 20-22 წლისა უნდა იყოს.



ტიმოთეს წინადაცვეთა


„ამისი სათნო უჩნდა პავლეს მის თანა განსვლაი და მოიყვანა და წინადასცვითა მას ჰურიათა მათთვის, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაი მისი“ (16.3).

რატომ წინადასცვითა პავლემ ტიმოთე?

1. ტიმოთე წინადაიცვითა იმ ჰურიების გამო, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და იცოდნენ, რომ მისი მამა წარმართი იყო.

2. იმიტომ წინადაცვითა პავლემ ტიმოთეს, რომ მას უნდა ექადაგა წინადაუცვეთელობა და რომ არავის ეთქვა, იმიტომ ქადაგებენ ამას, რომ თვითონ არიან წინადაუცვეთელნი, ამავდროულად, ებრაელები მოძღვრად მხოლოდ ებრაელს თუ მიიღებდნენ, რადგან წარმართს ისინი ასე ადვილად არ მოუსმენდნენ.

3. იმიტომ წინადაცვითა, რომ ზნეობრივი ავტორიტეტი ყოფილიყო წარმართებისათვის.

4. პავლემ ისეთი პიროვნება შეარჩია, რომელიც მამით წარმართი და დედით ებრაელი იყო, ანუ მას ორივეგან უნდა ექადაგა ღვთის სიტყვა.

5. პავლე მოციქული თავად დაუღალავად ავრცელებდა და მოუწოდებდა ხალხს, რომ წინადაცვეთა არ აღესრულებინათ. მოწაფის წინადაცვეთაში დიდი მოციქულის ღრმა პრაქტიკული სიბრძნე გამომჟღავნდა, რადგან მან ეს „ჰურიათა მათთვის“ მოიმოქმედა, რადგან იუდეველნი ღვთის სიტყვას წინადაუცვეთელისგან არ მიიღებდნენ.

„და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღვრებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალემს შინა“ (16.4) პავლე მოციქულმა პისიდიის, ლიკაონიისა და პამფილიის ყველა ქალაქი გაიარა შილასა და ტიმოთესთან ერთად და იქ მყოფ ძმებს მოციქულთა კრების დადგენილება გააცნო. როგორც საქმეთა აღმწერი გადმოგვცემს „ეკლესიანი იგი განმტკიცებდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ“ (16.5), ანუ იმ ადგილებში ეკლესია განმტკიცდა და მორწმუნეთა რაოდენობა გაიზარდა. პისიდიიდან მოციქული თანამგზავრებთან ერთად მცირე აზიის შიდა ოლქებში, ფრიგიასა და გალატიაში გაემართა. მოციქულები აქედან მცირე აზიის დასავლეთ პროვინციებში აპირებდნენ წასვლას, კერძოდ: მისიაში, ლიდიასა და კარიაში, მაგრამ ისინი „დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმინდისა, სიტყვის მის ასიას შინა“ (16.6). ღვთის ნებით მათ გზა ვერ განაგრძეს, სავარაუდოდ ეს მოხდა იმისთვის, რომ ისინი ევროპაში წასულიყვნენ სამისიონერო მოგზაურობისათვის. გარდა ამისა, არის მეორე განმარტებაც, ღმერთმა იცოდა, რომ ამ ადგილებში იოანე ღვთისმეტყველს უნდა ექადაგა პირველად, ამიტომ არ დაუშვა უფალმა, რომ აქ პავლეს ექადაგა თავის მოწაფეებთან ერთად.

„მო-რაი-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსვლად ბითვინიად და არა უტევა მათ სულმან უფლისამან, და ვითარ თანაწარჰხდეს მისუნდ, შთავიდეს ტროადად“ (16.7-8). ამრიგად, სულიწმინდის შთაგონებით მათ გვერდი აუარეს მისიას და ზღვისპირა ქალაქ ტროადაში მივიდნენ, საიდანაც ზღვით ევროპაში მოხვედრა ადვილი საქმე იყო. ამის შესახებ მათ მართლაც აქვთ გამოცხადება.



წინა - სარჩევი - შემდეგი