მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

უთანხმოება წმიდა პავლესა და ბარნაბას შორის. პავლეს და შილას მიერ მეორე სამოციქულო მოგზაურობის დაწყება (15.36-41)


 

 

გარკვეული ხნის შემდეგ წმიდა პავლემ ბარნაბას შესთავაზა, კვლავ მოენახულებინათ ის ქალაქები კვიპროსსა და მცირე აზიაში, სადაც ქრისტიანული თემები დააფუძნეს. „შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: ,,მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაი იგი უფლისაი, ვითარ-ძი არიან“ (15.36). პავლე მოციქულს მხედველობაში აქვს პირველი სამოციქულო მოგზაურობა, რომელიც მან ბარნაბასთან ერთად განახორციელა.

„ბარნაბას უნდა, რაითამცა იოვანე თანა-წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოზ, ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაითა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაით და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა თანაწარყვანებად იგი“ (15.37-38). თავდაპირველი გეგმა შეიცვალა, ბარნაბას სურდა თანამგზავრად იოვანე-მარკოზი წაეყვანათ, პავლე კი ამას შეეწინააღმდეგა.

მარკოზს ქრისტე არ უარუყვია, ის ახალგაზრდა იყო და თავს ვერ იდო ასეთი დიდი მსახურება. პავლემ იოვანე-მარკოზი არ წაიყვანა, ეს თვით იოვანესთვის იყო სასარგებლო, როგორც ბარნაბას, ასევე პავლეს დამოკიდებულება მის მიმართ. ბარნაბა იყო უფრო მშვიდი, პავლე კი - აქტიური, მკვირცხლი, თუმცა ორივე ერთი საღვთო სულით აღსავსე. ბარნაბა მოსეს ჰგავს, ხოლო პავლე - ელიას.

„იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის, ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას. ბარნაბა თანაწარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კვიპრედ“ (15.39). პავლემ ამხილა იოვანე-მარკოზი ამგვარი მცირედმორწმუნეობის გამო, ბარნაბამ კი ნუგეში - სცა, რომ პავლესგან მხილებული სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილიყო.

„პავლე გამოირჩია შილა და განვიდა და მიეცა მადლითა ღმრთისაითა ძმათაგან და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა“ (15.40-41). მოციქულთა ერთმანეთისაგან განყოფაც საღვთო განგებულებით ხდება, რომ სხვადასხვა ადგილებზე წასვლით უფრო მეტი ადამიანი მოექციათ, რადგან თითოეულს ცალ-ცალკე შეეძლო მასწავლებლობა და წინამძღვრობა. „უთანხმოებამ, რომელსაც ამ დროს ჰქონდა ადგილი, მიზანს მიაღწია, სარგებლობა მოიტანა, რადგან პავლეს სიმკაცრემ შეაშინა იოავანე-მარკოზი, ბარნაბას სიკეთემ კი შედეგად ის გამოიღო, რომ იგი იქ არ დარჩენილა“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.

P.S. „საქმე მოციქულთას“ მე-15 თავის ბოლოს და მე-16 თავის დასაწყისში ნახსენებია რამდენიმე გეოგრაფიული ოლქის დასახელება.

მცირე აზია ამ დროისთვის რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და იყოფოდა 15 დიოცეზად ანუ დასახლებულ ადგილად, ესენია:

1. ბითვინია - მთავარი ქალაქებით: ნიკეა, ქალკედონი და ნიკომიდია.

2. პონტო - ამასია.

3. პაფლაგონია - სინოპე.

4. მცირე აზიის დასავლეთ პროვინცია იწოდებოდა ასიად, რომელიც მოიცავდა სამ პროვინციას: მისია, ლიდია და კარია.

5. მისიის მთავარი ქალაქია ტროა და პერგამო.

6. ლიდიის - თიატერია.

7. კარიის -კნიდი.

8. იონია - სმირნა, ეფესო და მილეტი.

9. ლიკაონია - იკონია, ლუსტრა და დერბე.

10. პამფილია - ატალია და პერგე.

11. პისიდია - ანტიოქია.

12. კილიკია - ტარსუსი (ტარსა).

13. კაბადოკია - კესარია.

14. ფრიგია - კოლასე, ლაოდიკია და იეროპოლი.

15. გალატეა - ანტირია.



წინა - სარჩევი - შემდეგი