მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

უთანხმოება ანტიოქიის ეკლესიაში და მოციქულთა კრება იერუსალიმში.


 

 

წერილის გაგზავნა ანტიოქიის ეკლესიაში (15.1-35)


მოციქულთა კრება იერუსალიმში ქრისტეშობიდან 50 ან 51 წელს შედგა. ამ დროისათვის პავლეს პირველი სამოციქულო მოგზაურობა (ქადაგება) დასრულებული აქვს.

სულიწმინდამ, რომელმაც უწინამძღვრა პავლესა და ბარნაბას, მანვე მოუწოდა მათ, უკან, ანტიოქიაში, რომ მომზადებული დახვედროდნენ იერუსალიმიდან მოსულ „განმდრეკელთა“.

იუდეველებს მეტისმეტად მტკიცედ ჰქონდათ გამჯდარი წარმოდგენა მოსეს სჯულის აუცილებლობის შესახებ, ამიტომ არ შეეძლოთ იმის დაშვება, რომ მისი დაცვა ქრისტიანობაში საჭირო აღარაა. როდესაც იესო ქრისტეს ეკლესიას წარმართები შეუერთდნენ, ეს საკითხი მთელი სიგრძე-სიგანით უნდა დასმულიყო, რაც მართლაც მოხდა ანტიოქიაში, წარმართებისაგან მოქცეულ პირველ ქრისტიანულ თემში. ამის შესახებ გარკვევით წერია წმინდა წერილში: „გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არათუ წინა დაიცვითოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად“ (15.1). ჰურიასტანი იგივე იუდეა გახლავთ. ისინი იუდეიდან ჩამოდიან სირიის ანტიოქიაში და ასწავლიან, რომ წინადაცვეთის გარეშე შეუძლებელია ცხონება. ვინ არიან ისინი? ესენი არიან ახალნათელღებული ქრისტიანები, თუმცა კი აღიარებენ მოსეს სჯულს. ისინი იწოდებიან ფარისევლებად, თუმცა კი არიან ქრისტიანები.

იუდეველთა რომელი კატეგორიიდან იყვნენ ისინი? ვიცით, რომ სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს, იქ შეკრებილი იყო სამი კატეგორიის ხალხი: ადგილობრივი იუდეველნი, ელინისტებად წოდებული ებრაელები და პროზელიტები (სჯულით ებრაელები, წარმოშობით-არა), ეს ფარისევლები შეიძლება ეთნიკურად წარმართებიც იყვნენ.

„და ვითარ-იგი იყო ხდომაი და გამოძიებაი არა მცირედი პავლესი და და ბარნაბაისი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაი პავლესი და ბარნაბაისი და სხვათა ვიეთმე მათგანთაი მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალემდ ამის ცილობისათვის.“ (15.2). როგორც ჩანს, ამ „მისიონერებმა“ ანტიოქიაში გარკვეული რაოდენობის მიმდევრები შეიძინეს, შეიძლება იუდეველთაგან მოქცეულ ქრისტიანებს შორისაც. სწორედ ამიტომ, მათ მწვალებლობას წინ აღუდგნენ პავლე და ბარნაბა. მათი ქადაგებებიდან გამომდინარე, ქრისტეს ღვაწლი ამაო გამოდიოდა, რადგან ცხონებისათვის აუცილებელი წინაპირობა წინადაცვეთა გამოდის და არა ქრისტეს სახელით ნათლისღება.

ადგილობრივმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ პავლესა და ბარნაბას მეთაურობით იერუსალიმში საგანგებო ელჩობა გაეგზავნათ მოციქულებთან, რათა გარკვეულიყო:

1. “მისიონერები“ მოციქულთა კურთხევით მოქმედებდნენ?

2. მოციქულებიც ასე ფიქრობენ?

მთავრობის მოყვარენი იყვნენ ებრაელები, მათ იერუსალიმში ვერ შეძლეს მოძღვრება, მოციქულთა ავტორიტეტის გამო, ეს „მისიონერები“ შეიძლება თავიანთი მოციქულების ავტორიტეტს იყვნენ ამოფარებულნი და ისე მოქმედებდნენ.

„და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან“ (15.3) ანუ მთელმა კრებულმა გააცილა ის, რითაც ელჩობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. წარგზავნილებმა სამარია და ფინიკია გაიარეს (15.3), რადგან იერუსალიმზე მიმავალი გზა ამ ქვეყნებზე გადიოდა და ყველას „მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა.“ (15.3). შეიძლება ფარისევლები თავიანთ მოძღვრებას აქაც ავრცელებდნენ, ამიტომ მოციქულები იქ არსებულ ქრისტიანულ თემებს წარმართების მოქცევის შესახებ მოუთხრობდნენ, რაც დიდ და საყოველთაო სიყვარულს იწვევდა მათში.

„და მო-რაი-ვიდეს იერუსალემდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაი ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაი“ (15.4). „შეწყნარებულ იქმნეს“ - ნიშნავს, მიიღეს. პავლე, როგორც ნამდვილი მოციქული, ამ დრომდე ქრისტეს მოციქულთა მიერ აღიარებული არ ყოფილა. ეს არის მოქცევის შემდგომ პავლეს მესამე ასვლა იერუსალიმში. მოქცევიდან ამ მომენტამდელი პერიოდი ერთგვარი გამოცდა იყო მისთვის, მოციქულები აკვირდებოდნენ მას, ჭეშმარიტი იყო თუ არა მისი მოქცევა.

მთელმა ეკლესიამ, მოციქულებითა და პრესვიტერებით სათავეში, იერუსალიმის მთელმა ეკლესიამ დიდი სიხარულით მიიღო პავლე და ბარნაბა, რომლებმაც მათ წარმართთა მოქცევის შესახებ აუწყეს. ხუცესებში პრესვიტერები ან ეპისკოპოსები იგულისხმებიან.

„აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ არს-წინადაცუეთად მათდა და მცნებად, რაითა დაიმარხონ შჯული მოსესი“ (15.5). მოციქულთა წინააღმდეგ აღდგნენ მოსეს რიტუალური სჯულის ყველაზე მკაცრი დამცველები, რომლებმაც განაცხადეს, რომ საჭიროა წარმართთა წინადაცვეთა, მათ უნდა ვასწავლოთ მოსეს სჯულის დაცვა.

P.S. ფარისეველთა მწვალებლობასთან ერთად იუდეაში სულ 7 მწვალებლობა იყო გავრცელებული:

1. მწიგნობართა - ისინი წმინდა წერილში გადმოცემულ ცნობებს კი არ კმაყოფილდებოდნენ, არამედ თვითნებურად სხვა, რაღაც დაუწერელ წესებს იგონებდნენ ღმერთზე.

2. ფარისევლები - რომლებიც მოსეს სჯულის განსაკუთრებული დაცვით გამოირჩეოდნენ. ისინი მართალია სხვაზე უკეთესნი იყვნენ, მაგრამ არ მიიჩნევდნენ მაცხოვრის შობასა და განკაცებას რეალურ მოვლენად.

3. სადუკეველები - დასაბამს იღებდნენ სადუკ მღვდელმთავრიდან, უარყოფენ მკვდართა აღდგომას, ანგელოზებსა და სულთა არსებობას.

4. დღითი-დღე ნათლისმღებელნი - ისინი ამბობდნენ, რომ ვინც ყოველდღე წყლით არ განიბანება, ვერ ცხონდება.

5. ოსინელნი - სჯულსა და წინასწარმეტყველთა გარდა, შემოჰქონდათ სხვა რაღაც უცხო წიგნებიც, რითაც რყვნიდნენ სჯულს.

6. ნაზარეველნი - მიიჩნევდნენ, რომ ხორცის ჭამა არ შეიძლება, ისინი არ აღიარებდნენ წინასწარმეტყველებს.

7. ჰეროდიანნი (ჰეროდეს მიმდევარნი) - ისინი ჰეროდეზე ამბობდნენ, რომ სწორედ ის არის ქრისტე, არა ვიღაც გალილეველი, რომელიც ბაგაში იშვა, არამედ ეს (იგულისხმება ჰეროდე ანტიპა და ჰეროდე აგრიპა).

მოციქულთა პირველი კრება (14 წელი პავლეს მოქცევიდან) შედგა 51 წელს ქრისტეშობიდან. პრობლემა მწვავე გახდათ, სწორედ ამიტომ „შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყვისა ამისთვის“ (15.6). ამ მუხლიდან უშუალოდ კრების შესახებ იწყება საუბარი. საკითხი, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვდა, ასე იდგა: სჯული თუ სახარება? მოსე თუ ქრისტე? მადლი თუ სჯულის საქმე? სახარებისეული თავისუფლება თუ სჯულის უღელი? კრებას ხელმძღვანელობდა იაკობი. სწორედ ის ამბობს განაჩენს, ანუ გადამწყვეტ სიტყვას. კრებაზე ასევე იყვნენ ქრისტეს თერთმეტი მოციქული (რადგან იაკობი 44 წელს მოწამეობრივად აღესრულა), კრებაზე ასევე იყვნენ ის ფარისევლები, რომლებიც ავრცელებდნენ ამ მწვალებლობას.

წმიდა წერილის მიხედვით, პირველ სიტყვას პეტრე მოციქული წარმოთქვამს (15.7), თუმცა კი ეს არ არის პირველი სიტყვა, რადგან ტექსტში წერია: „და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაი“ (15.7), სწორედ ამის შემდეგ „აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ“ (15.7). პეტრე ჯერ კიდევ არ არის პატივით მოციქულთა თავად მიჩნეული.

რა არის პეტრეს, პავლეს, ბარნაბასა და იაკობ ეპისკოპოსის მიზანი? ცხადია ის, რომ ფარისევლები დაარწმუნონ იმაში, რომ წარმართთა მოქცევა მოსეს სჯულის გარეშე ღვთის ნებაა. ცხადია, თითოეულ მომხსენებელს ამის დამამტკიცებელი არგუმენტები უნდა ჰქონდეთ. პეტრე კი არგუმენტის სახით კორნელიოსთან დაკავშირებული ამბავი მოჰყავს. „კაცნო, ძმანო, თქუენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაი იგი სახარებისაი და რწმუნებად და გულთმეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სულიწმინდაი, ვითარცა-იგი-ჩუენ“ (15.7-8). პეტრე ამბობს, რომ პირველად მან უქადაგა წარმართებს, როდესაც კორნელიოსთან მივიდა და ამის დასაბამი გახდა ის დღე, როდესაც მათზე სული წმინდა გარდამოვიდა. ვიცით, რომ პეტრეს ქადაგება დასრულებული არ ჰქონდა, როცა მათზე სული წმინდა გარდამოვიდა, ესე იგი ისინი თავად ღმერთისგან მოინათლნენ. მათ წინა-დაუცვეთელებმა მიიღეს სულიწმინდის მადლი.

„აწ უკუე რაჲსათვის გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტვირთვად?“ (15.10), ანუ რატომ გსურთ, დაიცვან მძიმე ძველაღთქმისეული სჯული თავისი მრავალრიცხოვანი წესებითა და მითითებებით, რომლის დაცვა არც ჩვენს მამებს შეეძლოთ და არც ჩვენ არ შეგვიძლია? ქრისტეს მოსვლის ჟამს სჯული საზოგადოებისათვის უღელი გახდა, რაც დრო გადიოდა, საზოგადოება მით უფრო შორდებოდა სჯულს.

„არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაი, ვითარცა სახედ იგი მათ“ (15.11). ქრისტეს მადლი ერთმანეთისაგან არ განარჩევს წარმართთასა და ჰურიას, არამედ სარწმუნოება წმინდა ჰყოფს კაცის გულს. უფლისთვის ხორცის წინადაცვეთა კი არ არის მთავარი, არამედ - გულის, ანუ მოკვეთა ზედმეტ გულისთქმათა, ანუ ჩვენ უნდა გადავრჩეთ ქრისტესადმი ჩვენი რწმენით, მთავარი სარწმუნოებაა. უფლისადმი რწმენა, მორწმუნეობა, პეტრე მოციქულის მიერ ღვთის წყალობად არის მიჩნეული.

პეტრეს სიტყვამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კრებული დადუმდა, ყველანი „ისმენდეს ბარნაბაისსა მას და პავლესსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ“ (15.12). ამ თავში პავლეს სიტყვა გადმოცემული არ არის, ფიქრობენ, რომ რაც იქადაგა მან პისიდიის ანტიოქიაში (მე-13 თავი), იგივე გაიმეორა აქაც. პავლე და ბარნაბა ემყარებიან ხილულ სასწაულებს, რომელიც ღმერთმა მათი ხელით აღასრულა, რაც გახდა საწინდარი წარმართთა მოქცევისა, თუნდაც ბარიისუსა და სერგი-პავლეს შემთხვევაში. „პავლე და ბარნაბა თავის თავს არაფერს მიაწერენ, არამედ ყველაფერს ღვთის მიერ ქმნილად იტყვიან, რადგან მდაბალნი არიან ისინი ქრისტეს მსგავსად“ - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.

შემდეგი სიტყვა იაკობმა, უფლის ხორციელმა ძმამ აიღო, რომელიც იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსიც გახლავთ, ამასთანავე იგი კრების თავმჯდომარეც იყო, გარდა ამისა იგი ცნობილი გახლავთ, როგორც მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი და ამის გამო მას არა თუ ქრისტიანები, არამედ იუდეველებიც კი მართალს უწოდებდნენ. იაკობ ეპისკოპოსის სიტყვა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველში იგი პეტრე მოციქულის სიტყვის ჭეშმარიტებას წინასწარმეტყველის პირით ამოწმებს, მეორეში კი კრების გადაწყვეტილების საბოლოო ფორმულირებას ახდენს.

„სვიმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათვის მისისა“ (15.14). ვინ არის სვიმეონი? სიმონად არ უნდა წოდებულიყო პეტრე, რადგან იგი უკვე მოციქულია. ფიქრობენ, რომ აქ სვიმონ ღვთისმიმრქმელი იგულისხმება, რომელსაც ეკუთვნის ეს სიტყვები: „ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა“. ეს გალობა დღეს მწუხრის ლოცვაშია შესული. იაკობი მშვიდად მიმართავს ერს და არა პეტრესავით სიფიცხით. თავისი სიტყვებით იაკობი ებრაელებს უმტკიცებს, რომ არამარტო ისინი, არამედ ყველა მოქცეული ქრისტიანი ისეთივე რჩეულია, როგორც ებრაელები, ამის დასადასტურებლად მას ამოსის წინასწარმეტყველება მოჰყავს (15.15). „ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული და დამხობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, რაითა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან, რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკუნითგან“ (15.16-18). დავითის დამხობილ კარავში იგულისხმება: 1.ისრაელის სამეფო და 2. მესია. „მას დღესა შინა“ - ანუ ქრისტეს განკაცებისას, რომელიც არის „ამისა შემდგომად“ (ე.ი. ძველის შემდეგ ახალი სჯულით), „ამათ ჟამთა აღეშენების კარავი დავითისი (ე.ი. დახსნილი ტაძარი თავისი ხორცისა), მესამე დღეს აღდგება, აღემართება და განახლდება ბაბილონელთა მიერ დამხობილი მეფობა დავითისი, როდესაც ძე მისი - ქრისტე იმეფებს არამხოლოდ ებრაელებზე, არამედ ყველა წარმართზე და მათ სახელად ეწოდებათ ქრისტიანები.

სიტყვის მეორე ნაწილში იაკობი სთავაზობს მოციქულებს, რომ წარმართთაგან მოქცეულები მოსეს სჯულის დაცვისაგან გაანთავისუფლონ და მათგან მხოლოდ იმის დაცვა მოითხოვონ, რაც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. „ამისთვის მე ესრეთ ვშჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ“ (15.19). პეტრე სიფიცხით, გულმოდგინებით, გულმხურვალებით, სიმკაცრით გამოირჩევა, რაც შეეხება იაკობს ის ბუნებით მშვიდი იყო, როგორც ეს ეპისკოპოსს მართებს. ის ჯერ სხვებს უსმენდა და შემდეგ, როგორც ხელმძღვანელი, საჭირო დასკვნას გააკეთებდა. იაკობ მოციქული განაგრძობს: „არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაისა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაითა, რაოდენი მათ არა უნებს, რაითამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ“ (15.20).

ახალმოქცეული წარმართები, რომლებიც ჯერ არ მონათლულან ქრისტეს სახელით, მაგრამ სურთ ნათლისღება, უნდა განეშორონ:

1. კერპთა შესაწირავების ჭამას, ანუ მათ არ უნდა ჭამონ წარმართული მსხვერპლის ქონი, რომელთაც კერპებს სწირავენ.

2. სიძვას (რომელიც არის საერთო ცოდვა ძველი და ახალი აღთქმის კაცობრიობისათვის), ეს ყველაზე ძნელად მოსაშორებელია, რადგან იმდენად იყო გავრცელებული წარმართულ ბერძნულ-რომაულ სამყაროში, რომ ცოდვად არც კი მიიჩნეოდა.

3. დამშთვარი(დამხრჩვალი), ანუ ისეთი ხორცი, რომელიც გაგუდვით მოკლეს და მასში სისხლი დარჩა.

4. სისხლის ჭამას თავი უნდა აარიდონ, ეს ჯერ კიდევ ნოეს დროს აიკრძალა, ვითარცა სისაძაგლე.

„მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ.“ (დაბადება 9.4)

„თუ ვინმემ ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომლებიც ხიზნობენ მათ შორის, ჭამოს რაიმე სისხლი, მაშინ მივაქცევ ჩემს სახეს იმ სულზე, რომელიც ჭამს სისხლს, და მოვსპობ მას თავისი ხალხის გარემოდან.“ (ლევიტელთა 17.10)

„არავითარი სისხლი არ ჭამოთ თქვენს სადგომში, არც ფრინველის, არც პირუტყვის. ყველა, ვინც შეჭამს რაიმე სისხლს, მოისპოს თავისი სახლისგან“ (ლევიტელთა 7.26-27)

„ეს არის საუკუნო წესი თქვენს თაობებში... არავითარი სისხლი და ქონი არ ჭამოთ.“ (ლევიტელთა 3.17)

რაც ღმერთმა თავის დროზე იუდეველებს მოუწოდა, ზუსტად იგივე მოუწოდა მოციქულმა წარმართებს, რომელთაც ნათლისღება სურდათ.

5. ეს მოთხოვნა არ არის ყველა ხელნაწერში. „ნუ გაუკეთებთ იმას სხვას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ.“

„რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაითგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა“ (15.21). ეს მუხლი ასე განიმარტება: მოსე ეწოდება თვითონ მოსეს წიგნებს. პავლე და იაკობი როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამდნენ, თითქოს ასეთ რამეს ამბობდნენ: ჩვენ, როცა აღარ მივიჩნევთ საჭიროდ წინადაცვეთას, ნუ გგონიათ, რომ ამით ბოროტად ვრაცხავთ ძველ სჯულს, რადგან ძველი და ახალი აღთქმის მომცემი ერთიდაიგივე უფალია.

„მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაის თანა იუდა, რომელსა ეწოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის“ (15.22). იაკობის წინადადება ერთხმად მიიღო იქ მყოფმა საზოგადოებამ და გადაწყვიტეს, რომ ეს დასკვნა ანტიოქიაში წერილობითი ფორმით საგანგებო ელჩობის ხელით გაეგზავნათ, რომლის შემადგენლობაში პავლე, ბარნაბა, იუდა (რომელსა ეწოდა ბარსაბა) და შილა შევიდოდნენ. მათ შესახებ წმინდა წერილში წერია, რომ ისინი არიან „კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის“ (15.22), ანუ აღრაცხილნი მოციქულთა შორის.

„და დაწერეს ხელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაით და ასურეთით და კილიკიაით კერძო ძმანი ხართ, წარმართთაგანნი, გიკითხავთ, გიხაროდენ!“ (15.23). მოციქულებმა თავიანთი ხელით დაწერეს წერილი. ფიქრობენ, რომ როცა ლუკა „საქმეებს“ წერდა, მას ხელთ ქონდა ეს წერილი. წერილი სავარაუდოდ ბერძნულ ენაზე იყო დაწერილი, როგორც ამას მოწმობს მისი ფორმა - ბერძნებისთვის ჩვეული მოკითხვები თავსა და ბოლოში. წერილის ადრესატი გახლავთ ანტიოქიაში, კილიკიასა და სირიაში მცხოვრები ქრისტიანები.

„ჩუენ გუესმა, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგრძნეს თქუენ სიტყვითა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა, და გეტყოდეს წინადაცუეთად და დამარხვად სჯულსა, რომელთადა ჩვენ არაი გუემცნო.“ (15.24). სიტყვები „ჩუენ გუესმა“ ნიშნავს, რომ ჩვენ გავიგეთ. აქედან ცხადი ხდება, რომ „მისიონერები“ მოციქულებზე გვერდის ავლით ჩასულან იერუსალიმში..

„აწ უკუე ჯერ-გვიჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაი კაცთაი მაგათ და მივლინებად თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბას თანა, საყუარელთა ჩუენთა. კაცთა, რომელთა იგი სულნი თვისნი მისცნეს სახელისათვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესისა. წარმო-უკუე-გვივლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყვითა გითხრან ესევე.“ (15.25-27). ამ წერილში დახასიათებულნი არიან ბარნაბა და პავლე, ისინი არიან ჩვენთვის საყვარელი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სული დასდეს ქრისტესთვის. პავლე და ბარნაბა ერთნაირადაა დახასიათებული, ამ დახასიათებით, პავლე ნამდვილ მოციქულადაა აღიარებული.

მოციქულები არ დაკმაყოფილდნენ ბარნაბასა და პავლესთვის მხოლოდ წერილის გატანებით, არამედ თან გააყოლეს იუდა და შილა, რომ

1. ვინმეს მოწინააღმდეგეთაგან არ ეთქვა, რომ პავლესა და ბარნაბას დაწერილი იყო ეს წერილი, როგორც წარმართთა მქადაგებლისა.

2. ვინმეს რომ არ ეფიქრა, თითქოს ბარნაბასა და პავლეს არ ენდვნენ ანტიოქიაში და ამიტომ გამოაყოლეს მათ იუდა და შილა. ამის თავიდან ასარიდებლად, მათ ახასიათებს, როგორც „საყუარელთა ჩუენთა“.

3. ორი კაცი იმიტომ გააყოლეს, რომ ამ გზით წერილს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან ის ოთხი დიდი პიროვნების მიერ იქნა ჩატანილი

4. იერუსალიმის ეკლესიამ ამით აღიარა ანტიოქიის ეკლესია, როგორც თავისთავადი კრებული.

5. ფეხით მოგზაურობა და მგზავრობა დამღლელი რომ არ ყოფილიყო.

6. ანტიოქიაში მყოფთაგან ვინმეს რომ არ ეფიქრა, რომ წერილის ტექსტი შეცვალა ბარნაბამ და პავლემ.

„რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმინდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაი უმეტესი ტვირთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან.“ (15.28) ჯერ-უჩნდა ნიშნავს მართებდა, ანუ სჭირდებოდა სულიწმინდას და ჩვენც. ზოგიერთი მწვალებელი ამბობს, რომ ამ სიტყვებით სულიწმინდა დაკნინებულია. წმიდა წერილში სხვა უამრავი ადგილიც გვხვდება, როცა უფალი და ადამიანი გვერდიგვერდ არის მოხსენიებული, მაგრამ ამით არ კნინდება ღმერთი და არ იზრდება ადამიანი, არამედ აქ ერთი მადლისმიერი ღმერთია, ხოლო მეორე-ბუნებითი. მაგალითად:

1. „შეეშინდა ხალხს უფლისა და ერწმუნნენ უფალს და მოსეს, მის მსახურს“ (გამოსვლა 14.31). მოსე ღმერთის გვერდით იხსენიება, მაგრამ განა იგი ღმერთის ტოლია?

2. „მახვილი უფლისაი და მახვილი გედეონისაი“ (მსაჯულნი 7.18)

3. „შეეშინდა ერსა მას უფლისაგან და სამუელისაგან“ ( 1 მეფეთა 12.18)

თუკი მოსე, გედეონი და სამოელი არა როგორც ერთი პატივის მქონენი იხსენიებიან ღმერთთან ერთად, არამედ როგორც მონანი მეფისა თანა, ასევე მოციქულებმაც საკუთარი თავი მოიხსენიეს სულიწმინდასთან ერთად იმავე გაგებით.

წმიდა წერილში მეორდება აღნიშნული წერილის შინაარსი. „განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თვისნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით“ (15.29). პირველი სამი თხოვნა ძველი აღთქმიდან მოაქვთ მოციქულებს, მეოთხე - სიძვისგან განყენება ზოგადად ძველშიც და ახალშიც აკრძალულია, მეხუთე კი თავად ქრისტეს სიტყვებია.

„იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული და მისცეს წიგნი ხელთა მათდა. და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინისცემას მას ზედა“ (15.30-31). წარგზავნილები ანტიოქიაში ჩავიდნენ და იქ კრებულის, ეკლესიის წინაშე წაიკითხეს ეს წერილი, რამაც შეკრებილთა სიხარული გამოიწვია, რაც საქმეთა აღმწერის თქმით, მათთვის ნუგეშისცემა გახლდათ. წერილს სავარაუდოდ რამდენჯერმე წაიკითხავდნენ, რადგან ქრისტეს ნათლის მიღების მსურველნი ბევრნი იყვნენ.

წმიდა წერილი კიდევ ერთ დახასიათებას გვაწვდის იუდასა და შილას შესახებ, ისინი წინასწარმეტყველებად იწოდებიან, მათ ქონდათ ნიჭი, რომ ყოფით საკითხებზე ესაუბრათ. (15.32). „და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშვიდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ. ჯერ-იჩინა შილა დადგომაი მუნვე.“ (15.33-34) ანტიოქიაში პავლეს და ბარნაბასთან ერთად რჩება შილა. ისინი იმდენ ხანს გაჩერდნენ ანტიოქიაში, სანამ ყოველგვარი ეჭვი და შფოთი არ აღკვეთეს. და შემდეგ წარიგზავნეს ორივე, მაგრამ შილა თავისი ნებით რჩება იქ, ხოლო იუდა იერუსალიმში მოციქულებთან ბრუნდება.

„ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა“ (15.35). მათ მოღვაწეობა ანტიოქიაში გააგრძელეს. ამ დროისათვის მოღვაწეობის მხრივ პავლე ბარნაბაზე აღმატებულია, ამიტომ იგი პირველად იხსენიება.



წინა - სარჩევი - შემდეგი