მოციქულებმა ძლივსღა დაარწმუნეს ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ, მაგრამ უეცრად მოხდა ის, რასაც არავინ არ მოელოდა.
„მოიწიეს ანტოიქიაით და იკონიაით ჰურიანი და ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულად, არწმუნეს ერსა მას განშორებაი მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ არარას ჭეშმარიტსა იტყვიან, არამედ ყოველსა ტყუიან. და ქვაი დაჰკრიბეს პავლეს და განათრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი“ (14.19). ლუკაონელებს ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩასულმა იუდეველებმა ჩააგონეს, რომ მოციქულები არათუ ღმერთები, არამედ ღმერთის მტრები არიან. ისინი მატყუარებს უწოდებდნენ მოციქულებს და ლუკაონელები ეტყვიან, რომ პავლესა და ბარნაბას ქადაგება საშიშია. იუდეველთა გავლენით ისინი პავლეს ქვებით ქოლავენ და შემდეგ ქალაქგარეთ გაათრევენ, რადგან მკვდარი ეგონათ. ცვალებადია წარმართის ბუნება, ისინი ორი უკიდურესობისკენ არიან მიმართულნი. ჯერ ღმერთად აღიარეს მოციქულები, ეხლა კი ჩაქოლვა დაუპირეს.
იუდეველებმა ჩაქოლეს პავლე (და არა ბარნაბა), რადგანაც იგი ძლიერი მქადაგებელი გახლდათ და იუდეველებს განსაკუთრებით სძულდათ, ვითარცა მათი მთავარი მტერი. „და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა ქალაქად, ხოლო ხვალისაგან გამოვიდა ბარნაბაის თანა და მოვიდეს დერბედ“ (14.20). როდესაც მწუხარების ნიშნად მოციქულები პავლესთან შეიკრიბნენ ( შეიძლება მის დასაკრძალადაც), პავლე წამოდგა და ქალაქისაკენ წავიდა. ყოველივე ეს, ცხადია, სასწაულებრივი მოვლენა იყო და იგი მოციქულის არაჩვეულებრივ სულიერ სიმტკიცეზე მიუთითებს. ამის შემდეგ პავლე ბარნაბასთან ერთად დერბეში მიემართება. მოციქულებს ჩვევად ქონდათ, როდესაც ვინმე გამძვინვარდებოდა, ცოტა ხანი განერიდებოდნენ და შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ. პირველით ვსწავლობთ, რომ განსაცდელში არ უნდა ჩავიგდოთ თავი, ხოლო მეორეთი იმას, რომ არავინ გავწიროთ ერთგზის ურჩობის გამო, არამედ მას კვლავ ვუქადაგოთ ღვთის სიტყვა, რომ მრავალი შეგონებით მოვაქციოთ ღმერთისკენ.
დერბეში ჩასული მოციქულები „ახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკივედ დგეს სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (14.21-22). დევნის შემდგომ მოციქულები კვლავ ჩავიდნენ ლუსტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში, სადაც მრავალნი მოაქციეს და ლოცავდნენ, რათა მტკიცედ მდგარიყვნენ და უფლის სიტყვების მსგავსად მოციქულები მათაც ამხნევებდნენ, რომ მრავალი ჭირისა და შრომის დათმენით მოიპოვებდნენ სასუფეველს.
მოციქულებმა „უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (14.23). მოციქულებმა მაგალითით უჩვენეს, რომ ყოველი საქმე მარხვითა და ლოცვით აღვასრულოთ. პავლე და ბარნაბა მარხვით ჰყოფენ ხუცესთა ხელდასხმას, ანუ მათ ყოველი თემის ხელმძღვანელებსა და წინამდგომებს ხელი დაასხეს.
სულიწმინდამ როდესაც პავლე და ბარნაბა გამოირჩია, ეს იმიტომ ჰყო, რომ ამ ხელდასხმით ისინი ეპისკოპოსის პატივამდე ამაღლდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ უფლება ხუცესებისათვის ხელი დაესხათ. აქამდე 12 მოციქულის გარდა არავის არ ქონდა უფლება ხუცესად (პრესვიტერად) კურთხევისა.
მოციქულებმა „განვლეს რაჲ პისიდიაი, მოვიდეს პამფილიათ, და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა და შთავიდეს იტალიად“ (14.24-25). პერგია გახლავთ პირველი ქალაქი, რომელიც მოციქულებმა მცირე აზიის სანაპიროზე მოინახულეს. აქ კვლავ იქადაგეს და შემდეგ „მიერ ნავითა მოვიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს და მო-რაი-ვიდეს, შეკრიბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაი და მუნ იქცეოდეს ჟამთა არამცირეთა მოწაფეთა მათ თანა“ (14.26-28). მოციქულები გემით სირიის ანტიოქიაში მიდიან, საიდანაც თავიანთი პირველი მისიონერული მოგზაურობა დაიწყეს. იქ მათ ქრისტიანთა თემი სრულად შეკრიბეს და მოუთხრეს, რაც მოიმოქმედეს, ოღონდ ხაზი გაუსვეს იმას, რომ თვითონ კი არა, არამედ თავად ღმერთი მოქმედებდა მათი მეშვეობით, ეს კი შინაგანი სიმდაბლისა და საკუთარი უსუსურობის გაცნობიერება გახლდათ.
წინა - სარჩევი - შემდეგი