მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

კოჭლის განკურნება ლუსტრაში და წარმართების მხრიდან მსხვერპლშეწირვის მცდელობა მოციქულთადმი (14.8-18)


 

 

წმიდა წერილი პავლე მოციქულის მიერ დაბადებიდან კოჭლი კაცის განკურნებაზე გვესაუბრება. „კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა, უძლური ორითავე ფერხითა და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო. ამას ესმნეს სიტყუანი პავლესი, იტყოდა რაი, ვითარ მიხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაი საცხორებელად მისსა“ (14. 8-9). მოციქულები ამ ადგილას წარმართული საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგნენ, მსმენელთა შორის იყო დაბადებიდან კოჭლი კაცი. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ეს მკელობელი ფეხებით არა, მაგრამ გონებით საღი ადამიანი იყო, ამიტომაც საწრმუნოებით უსმენდა პავლეს. მის სულიერ სიმრთელეს ხორციელი სიმრთელე მოჰყვა (თუმცა კი ამ შემთხვევაში პირიქით ხდება ხოლმე). პავლემ, სულიწმინდით აღსავსემ, იხილა რა მისი საწრმუნოება „ჰრქუა მას დიდითა ხმითა: შენ გეტყვი სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა: აღდეგ ფერხთა შენთა ზედა მართლ. და აღხლდნა და იწყო სლვად“ (14.10).

რატომ შესძახა მას პავლემ ხმამაღლა?

1. შეიძლება მათ შორის დიდი მანძილი იყო.

2. სასწაული აღესრულება რა ქრისტეს სახელით, მას სურს, ამით ყველას ყურადღება მიიქციოს, რომ ეს სასწაული განასხვაონ ცრუ სასწაულებისაგან.

3. მას სურს ადამიანთა ყურადღების მიქცევა. სასწაული მათი მოქცევის საწინდარი უნდა გახდეს.

მკელობელი, რომელიც პეტრემ განკურნა იერუსალიმში, არ არის ღრმადმორწმუნე, მას არც მოუსმენია პეტრეს ქადაგებანი, ის ფულს ითხოვს პეტრესაგან, ეს კაცი კი მორწმუნეა, რაც მისი განკურნების საწინდარი გახდა.

არც ერთი მკელობელი საკუთარი სახელით არ არის მოხსენიებული, რატომ?

1. ეს წიგნი არ არის სახელთა აღსანუსხი სია, არამედ ეს გახლავთ მოციქულთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღმნუსხველი წიგნი.

2. მთავარი იყო სასწაულის არსის წარმოჩენა და არა მისი საკუთარი სახელი.

ამ სასწაულმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე. „ერმან მან იხილა რაი, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლნეს ხმაი მათი ხმითა მითა ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა. და ხადოდეს ბარნაბას, დიოს (ზევსი) კერპით და პავლეს - ერმით (ჰერმესი), რამეთუ პავლე იყო წინამძღუარ სიტყუჲსა მის“ (14. 11-12). წარმართებმა ეს მოვლენა მათთვის ბუნებრივი თვალთახედვით შეაფასეს და მოციქულები ზეციდან მიწაზე ჩამოსულ ღმერთებად აღიქვეს, და მათთვის, ვითარცა ღმერთებისათვის მსხვერპლის შეწირვა გადაწყვიტეს. სიტყვებით „ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა“ (14.11) მათ პატივმოყვარეობა გამოავლინეს, რომ თითქოსდა ჩუენი წმინდა ცხოვრების გამო ღმერთმა მონახულების ღირსი გაგვხადა.

მათ წარმართული ღმერთის სახელებიც კი უწოდეს მოციქულებს. ბარნაბას გარეგნული მშვენიერების გამო უწოდეს დიოს (ანუ ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში), ხოლო პავლეს - ერმი (მერკური), რადგან ხედავდნენ, რომ ყველგან პავლე ლაპარაკობდა.

ლუკა მახარებელი აღნიშნავს, რომ მათ ეს „ლუკაონებრითა“ ხმითა გამოთქვეს. რას ნიშნავს ეს? ფიქრობენ, რომ ეს არის ბერძნულის, ასირიულის ან ებრაულის დიალექტი, ან კიდევ დამახინჯებული ბერძნული. სანამ ხალხი ამას ამბობდა, „მღვდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაი, კუროები და გვირგვინები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა და ეგულებოდა ზორვად“ (14.13). ზორვა ნიშნავს შეწირვას.

დიოსის ქურუმი, რომელიც, როგორც მღვდელი, ასევე ქალაქის ერისმთავარი გახლავთ, მსხვერპლის შეწირვას ქალაქის კარიბჭის წინ აპირებდა. სავარაუდოდ ეს მღვდელი ფიქრობდა, რომ ჩვენ აქამდე შესაძლებლობა გვქონდა, უხილავი ზევსისთვის შეგვეწირა მსხვერპლი, ეხლა კი გვაქვს საშუალება იმისა, რომ მათ, როგორც ხილულ ღვთაებებს, ისე შევწიროთ მსხვერპლი.

ლუსტრელებმა პავლე და ბარნაბა ღმერთებად გახადეს, რაც არ ყოფილა ქრისტეს მიმართებაში. იუდეველებმა არათუ ღმერთად აღიარეს ქრისტე (მიუხედავად იმოდენა სასწაულებისა), არათუ მსხვერპლი შესწირეს მას, არამედ პირიქით, სდევნიდნენ და თავად შესწირეს იგი (ქრისტე) მსხვერპლად. წარმართებმა ამ ერთი სასწაულის გამო აღიარეს მოციქულები ღმერთად, მაშინ როცა ქრისტემ თვით მკვდარი აღადგინა.

მოციქულებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს, მათ „დაიპეს სამოსელი მათი და შეხდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ თქუენ, რაითა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნნა ცაი და ქუეყანაი, ზღვაი და ყოველი, რაი არს მათ შინა“ (14.14-15). მოციქულებმა ხალხის ასეთი სიბეცის გამო მწუხარების ნიშნად სამოსელი განიპეს და მსწრაფლ შევიდნენ ბრბოში, რომელიც ქალაქის კარიბჭესთან შეკრებილიყო ქურუმსა და სამსხვერპლოდ გამზადებულ ცხოველებთან ერთად. ისინი დაბეჯითებით არწმუნებდნენ ხალხს, რომ თავიანთ განზრახვაზე უარი ეთქვათ, რადგან ჩვენც თქვენნაერი კაცნი ვართ, ადამიანები ვართ, ჩვენ არა ვართ ღმერთი.

როდესაც საქმე ეხებოდა მოციქულთა პირად შეურაცხყოფას, ისინი მოთმინებით იტანდნენ ამას ქრისტეს სახელის გამო, მაგრამ როცა საქმე ღვთისგმობას შეეხო, მათ ვერ მოითმინეს ეს. წარმართებმა ღმერთები შეურაცხყვეს იმით, რომ ადამიანები გააღმერთეს, ხოლო მოციქულები იყვნენ რა დაცლილნი ყოველგვარი პატივმოყვარეობისაგან, მათ არ მიიღეს ღმერთებად წოდების პატივი. ჰეროდე აგრიპამ შეიფერა ღმერთობა, ანტიქრისტეც შეიფერებს და თავს ღმერთად გამოაცხადებს. მან ყველაზე უკეთ იცის, რომ არის ღმერთი.

პავლე მოციქულს თავის სიტყვაში არ მოჰყავს ციტირება წმიდა წერილიდან, რადგან წარმართები მაინც ვერ გაიგებდნენ ამას, ეს არის მისი პირველი ქადაგება წარმართების წინაშე წარმოთქმული, სადაც პავლე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შემოქმედი ერთი ღმერთია. პავლე გადაჭრით უწოდებს მათ ღმერთებს ამაოს (ანუ ცრუს) და გამოუცხადებს, რომ მისულნი არიან იმისთვის, რათა მოაქციონ „ღვთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა“ (14.15).

„ცხოველი“ ღმერთი ნიშნავს:

1. ის ღმერთები, რომელთაც თქვენ თაყვანს სცემთ, სინამდვილეში როგორც ღმერთები მკვდარნი არიან. ისინი ბოროტების ჭურჭელნი არიან, ამიტომ მოიქეცით ნამდვილი ანუ ცოცხალი ღმერთისკენ.

2. თქვენ არ უნდა გქონდეთ ასეთი დამოკიდებულება ცოცხალი ღმერთის მიმართ, როგორიც თქვენი ღმერთების მიმართ გაქვთ, რომ რაც უფრო მეტ მსხვერპლს შევწირავთ, მით უფრო მოვიგებთო მის გულს.

3. თქვენ ემსახურებით თქვენ მიერ შექმნილ ღმერთებს და არა ყოვლის შემოქმედს.

4. თქვენ ემსახურებით ნაყოფს თქვენი წარმოსახვისას და არა შემოქმედს, ამიტომ მოიქეცით ცოცხალი ღმერთისკენ.

„რომელმან-იგი წარსრულთა მათ ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისასა“ (14.16). აქ წარმართები იგულისხმებიან. ღმერთმა ისინი თავიანთ ნებაზე მიუშვა, ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანმა რჯული დაარღვია, წარმართებმა გადაუხვიეს ამ ბუნებითი სჯულისგან და მოიდრიკნენ კერპებისაკენ. ადამიანთა დანიშნულება არის, რომ ქმნილების შეცნობით შემქმნელი შეიცნოს. მიუხედავად ამ დაცემისა, ღმერთს არ დაუსჯია ისინი, არამედ მათ ყოველივე მისცა სიცოცხლისათვის. „წვიმაი და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა“ (14.17), - როგორც წერია წმიდა წერილში. რადგან წარმართებს არ მისცემიათ წერილობითი სჯული, როგორც ებრაელებს ჰქონდათ, ამიტომ მათ ღმერთის წინაშე ისეთი ძლიერი პასუხისმგებლობა არ აქვთ, ვიდრე ებრაელებს, ხოლო გექნებათ რა ეს, მაშინ იუდეველთა მსგავსი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ.

„და ესე რაი წართქუეს, ძნიად დააცხვრეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსვლად ვანად თვისა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს“ (14.18). ამ ქადაგების შემდეგ მათ არ შეუწირიათ მსხვერპლი, არამედ დაშოშმინდნენ და ყველა თავის სახლში წავიდა, ხოლო მოციქულები ვიდრე იქ იყვნენ, კვლავ ქადაგებდნენ ქრისტეს სიტყვას.



წინა - სარჩევი - შემდეგი