„იყო იკონიასა შინა მსგავსად წესისა შესვლასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთა მრავალსა სიმრავლესა, ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა“ (14.1-2). მოციქულები, ისევე როგორც სხვაგან, აქაც სინაგოგაში შედიან, რათა ისინი არ დააბრკოლოს პირველად წარმართებთან მისვლის გამო. აქაც იქადაგეს ღვთის სიტყვა და მრავალი მოექცა. იკონიაში სინაგოგის წევრები ორად იყოფიან: იუდეველთა ნაწილი და წარმართთა ის ნაწილი, რომელთაც მიიღეს პავლესა და ბარნაბას სიტყვა, ხოლო ვინც არ მიიღო მათი სიტყვა, აღძრნეს ურწმუნონი (რჯულით იუდეველნი, მაგრამ წარმართები) მოციქულთა წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, „მრავალჟამ იქცეოდეს იგინი (მოციქულები) განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყვითა მით მადლისა მისისაითა და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ხელითა მათითა“ (14.3). მოციქულები ჯერ არ წასულან იქედან, რადგან ჯერჯერობით არ იდევნებოდნენ, ამიტომ კადნიერად ქადაგებენ ღთის სიტყვას. მაშინ ღმერთიც ეწამა მათ გულმოდგინებას და მათი ხელით მრავალ სასწაულებსა და ნიშებს აღასრულებდა.
„მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაი, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა“ (14,4). ქალაქი ორად გაიყო: მოციქულთა მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. პავლეს მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებში იგულისხმება იუდეველ წარმართთა ნაწილი, მათ ამ ქალაქში მაინცადამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ ადგილობრივ იუდეველებთან, მაგრამ ისინი გაერთიანდნენ მოციქულების წინააღმდეგ. როგორც მწიგნობრებს, ფარისევლებს, სადუკეველებს, ჰეროდესა და პილატეს არ ჰქონდათ ერთმანეთში კარგი ურთიერთობა, მაგრამ ისინი გაერთიანდნენ ქრისტეს წინააღმდეგ.
ვინ არის დამნაშავე? მოციქულთა ქადაგება? ცხადია არა, მოციქულები არ არიან დამნაშავენი, რადგან „სჯობდა, პავლესა და ბარნაბას ქადაგების შედეგად ქალაქის ნაწილი მაინც გადარჩენილიყო, ვიდრე მთელი ქალაქი უმეცრებასა და სიბნელეში დარჩენილიყო“, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი.
„ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედამისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა, განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა - ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა, და მუნ ახარებდეს“ (14.5-7). მტერთა გაბოროტებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ მათ მოციქულების ჩაქოლვა განიზრახეს. აქედან ვიგებთ, რომ გაბოროტების გამომწვევნი აშკარად იუდეველნი იყვნენ, რადგან ღვთის მგმობელთათვის ქვის დაკრება სიკვდილის დასჯის იუდაური წესი გახლდათ. დევნის შდეგად მოციქულები არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებშიც ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ისინი გადადიან ლუკაონიის სხვა ქალაქებში - ლუსტრასა და დერბეში. მოციქულები რაც უფრო იდევნებოდნენ, მით უფრო ძლიერდებოდნენ ქრისტეს ძალით. ამ მუხლიდან გვაქვს სწავლება: თავი არ უნდა ჩავიგდოთ განსაცდელში, არამედ უნდა მოვერიდოთ, როდესაც ამის შესახებ გვეუწყება, რამეთუ თავად უფალი ბრძანებს: „რაჟამს გდევნიდნენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად ქალაქად“.
წინა - სარჩევი - შემდეგი