პავლე მოციქულის ქადაგებამ პროზელიტებზე, როგორც ჩანს, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წმიდა წერილში წერია, რომ „ვითარცა ეგულებოდა მათ განსვლაი შესაკრებელისაგან ჰურიათაისა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ“ (13.42). წარმართებში რჯულით იუდეველნი იგულისხმებიან. ზოგიერთ ხელნაწერში სიტყვა წარმართი არ წერია, ამიტომ ფიქრობენ, რომ ისინი არიან იუდეველნი. აქ ჩანს პავლეს სიბრძნე, თუ როგორი მოწყურებული დატოვა ხალხი, რომელნიც ევედრებოდნენ, შემდეგ შაბათსაც მოსულიყო და გაეგრძელებინა საუბარი, რომელიც მან განგებ არ დაასრულა, რათა მათი გონება აღეძრა ძიებისათვის და სწავლებისათვის იმისა, თუ როგორ მიეღოთ შენდობა ცოდვათა.
თხოვნა პავლესადმი, რომ მომდევნო შაბათსაც მოსულიყო, იუდეველთაგან რომ მოდიოდა, ეს მტკიცდება 13.43 მუხლიდანაც. „და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მას მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეყტოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა“ (13.43). უეჭველია, მათ გულს შეეხო ღვთის მადლი. ისინი მისდევდნენ არა ბარნაბასა და პავლეს, არამედ პავლესა და ბარნაბას, რადგან აქედან იწყება პავლეს ბარნაბაზე წინ მოქცევა სახელითაც და საქმითაც, მოწაფეებზე მაღლა აღსვლა და მოციქულებთან გათანაბრება. პავლე მათ რჯულში მტკიცედ დგომას ურჩევს.
„და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას უფლისასა“ (13.44). მთელი ქალაქი შეიკრიბა შაბათს ღვთის სიტყვის სასმენად.
„ხოლო იხილეს რაი ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მხდომად აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ“ (13.45), როგორც ჩანს, პავლეს სიტყვა ყველამ არ მიიღო.
„განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ იყო პირველად რქუმად სიტყუაი ესე ღმრთისაი. ხოლო ვინაითგან განიშორებთ მას და არა ღირსად გიშჯიან თავნი თვისნი ცხოვრებისა საუკუნოისა, აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ“ (13.46). პავლე მოციქულის ქადაგების უდიდესი წარმატების გამო იუდეველთა ნაწილი მათ წინ აღუდგნენ და აძაგებდნენ, ყველაფერში ეწინააღმდეგებოდნენ, რასაც პავლე ამბობდა.
პავლემ და ბარნაბამ მათ უთხრეს, რომ ღვთის სიტყვა ჰურიათათვის უნდა ქადაგებულიყო, რადგან თქვენ სჯულისა და წინასწარმეტყველთა მიერ მზად იყავით, რომ ქრისტე გერწმუნათ, რომელსაც საკუთარი ნებით განიშორებთ და უღირს ჰყოფთ თქვენს თავს საუკუნო ცხოვრებისათვის, ამიტომ სრულიად სამართლიანია, ქადაგება წარმართებს შორის დაიწყოს, „რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა“ (13.47). მოციქულთა წარმართებს შორის ქადაგება ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველმა განჭვრიტა.
„ესე რაი ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა. და მიმოეფინებოდა სიტყუაი იგი უფლისაი ყოველსა მას სოფელსა“ (13.48-49). ყველა წარმართი ხარობდა იმ წანასწარმეტყველებით, რომელიც მათ გამოხსნას მოასწავებდა, ხოლო ირწმუნეს მხოლოდ მათ, რომელნიც წინასწარ განზრახულებით იყვნენ განწესებულნი საუკუნო ცხოვრებისათვის. ანტიოქიიდან ღვთის სიტყვა გავრცელდა „ ყოველსა მას სოფელსა“, ანუ მთელ პისიდიაში, რამაც იუდეველთა გაცოფება გამოიწვია პავლესა და ბარნაბას წინააღმდეგ. „ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი და აღადგინეს დევნაი პავლეს და ბარნაბაის ზედა და განდევნეს იგინი საზღვრით მათით“(13.50). „მსახურნი“ მდიდარ აზნაურთა დედებს ეწოდება, რომლებიც ბერძნულად მეტყველებდნენ, მაგრამ ებრაელთა რჯულს იცავდნენ. მათ თავიანთი ახალი რწმენის უგუნური მოშურნეობით შეძლეს მოციქულების ისეთი დევნა წამოეწყოთ ქალაქის მთავრებთან ერთად, რომ მოციქულები არა მარტო ქალაქიდან გაყარეს, არამედ მათი სამფლობელოს საზღვრებიდანაც. იუდეველების და წარმართების პირველი გაერთიანება ქრისტიანთა წინააღმდეგ სწორედ აქ მოხდა.
„ხოლო მათ (მოციქულებმა) განიყარეს მტვერი ფერხთა მათთაი მათ ზედა და მივიდეს იკონიად და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა“ (13.51-52). უფლის მცნების თანახმად მოციქულებმა განიყარეს (გაიფერთხეს) მტვერი, რათა არაფერი წამოეღოთ იმ ქვეყნიდან, სადაც არ შეიწყნარეს საღმრთო სწავლება. ამით მოციქულებს არაფერი დაკლებიათ, პირიქით ამ დევნისა და ჭირის დროს ისინი აღივსნენ სიხარულითა და სულიწმინდით. მოციქულებმა ამ დევნის გამო პისიდიის აღმოსავლეთით, იკონიაში გასწიეს, ხოლო ანტიოქიაში მათ მიერ ახალ მოქცეულნი „აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა“, საიდანაც ვიგებთ, რომ მათ მტკიცედ ირწმუნეს და თავიანთ მოძღვართა დევნის გამო სულიერად არ დაცემულან. „ესოდენია ძალა სახარებისა, მოძღვრებს სდევნიდნენ, მოწაფენი კი იხარებდნენ“, - ბრძანებს ნეტარი თეოფილაქტე.
წინა - სარჩევი - შემდეგი