მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

ბარნაბასა და სავლეს მოგზაურობა პერგესა და პისიდიის ანტიოქიაში და პავლე მოციქულის ქადაგება ანტიოქიის სინაგოგაში (13.13-41)


 

 

წმიდა მოციქული პავლე კორინელთა მიმართ ეპისტოლეში ჩამოთვლის სხვადასხვა ნიჭებს, რომლებიც მოციქულებს მიეცათ. ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა მოციქულნი, წინასწარმეტყველნი, მოძღვარნი და მისცა მათ ძალა შეწევნისა და მადლი კურნებისა ანუ მორწმუნეთა ნაწილს სხვადასხვა ნიჭები ეძლევათ.

არსებობდა ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომელსაც მიეცა არა მარტო კურნების ნიჭი, არამედ ღვთის სახელით ადამიანთა შეკვრისა და განხსნისა. ასეთი იყო პავლე მოციქული. ქრისტეს 12 მოციქულს და ასევე პავლეს ქონდა ყველა ის ნიჭი, რომელსაც პავლე ჩამოთვლის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში.

სერგი-პავლეს მოქცევის შემდეგ „წარ-რაი-ვიდეს პაფოით და მისთანანი იგი წიაღხდეს პერგედ პამფილიასა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალემდ“ (13.13). პავლე მყისვე მისიის სათავეში დგება. საქმეთა აღმწერი უკვე მის სახელს ბარნაბას წინ ასახელებს. მოციქულები პაფოდან გაემგზავრნენ იქ, სადაც სულიწმინდა უძღოდა - პერგეს, პამფილიის ქალაქში. სიტყვებში „მისთანანი იგი“ - ში ბარნაბა და იოანე მარკოზი, ასევე ახალმოქცეული კვიპრელთაგანი იგულისხმება. იოანე-მარკოზმა ისინი დატოვა და იერუსალიმში წავიდა, რატომ ტოვებს მათ? ნუთუ ურწმუნოების გამო? ცხადია არა, ის რომ ურწმუნო ყოფილიყო, მაშინ მოციქულები მას თანაშემწედ არ აიყვანდნენ. ის ახალგაზრდა იყო და ფიზიკურად ვერ შეძლო შორეული მგზავრობა, მან ამით, შეიძლება ითქვას, ერთგვარი მცირედმორწმუნეობა და სულმოკლეობა გამოავლინა.

„და იგინი (ბარნაბა და პავლე) განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს“ (13.14). იოანე მარკოზის გარეშე ბარნაბა და პავლე შედიან პისიდიის ანტიოქიაში, შედიან სინაგოგაში, რადგან არანაირი შფოთის მიზეზი არ მიეცათ წარმართებთან მისვლის გამო და ეს გააკეთეს შაბათ დღეს, როდესაც ებრაელები სინაგოგაში იკრიბებოდნენ და წმიდა წერილს კითხულობდნენ. „და ვითარცა აღმოიკითხეს შჯული და წინაისწარმეტყუელნი, მიავლინეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაი ნუგეშინისცემისაი ერისა ამის მომართ, იტყოდეთ“ (13.15). ეს იყო ებრაელთა ჩვეულება, პირველად წაიკითხავდნენ მოსეს სჯულისგან და წინასწარმეტყველთაგან და შემდეგ იწყებდნენ წაკითხულის განმარტებას და ხალხის სწავლებას. სინაგოგის მთავარმა დაპატიჟა პავლე და ბარნაბა და უთხრა, რომ თუ გსურთ, ხალხს მიმართეთო, ანუ ქადაგების საშუალება მისცეს მათ. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის არ იყო მკაცრი ქრისტიანების მიმართ. ამის შემდეგ გადმოცემულია პავლეს ქადაგება. „აღდგა პავლე და განუყარა ხელი, რაითა დადუმნენ და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ“ (13.16). ვინ არის ქადაგების ადრესატი, ვის მიემართება ის? რადგანაც ქადაგება სინაგოგაშია გადმოცემული, ე.ი. აქ იუდეველები იგულისხმება, ხოლო „მოშიშნი ღმრთისანი“-ში პროზელიტები ანუ წარმართობიდან მოქცეული იუდეველები.

როგორც მოციქული ამბობს, იქ კი არ უნდა ახარო ქრისტე, სადაც უკვე მოსმენილი აქვთ საღვთო სიტყვა, არამედ იქ, სადაც მის შესახებ ჯერ არაფერი სმენიათ. ამიტომ არა იერუსალიმში ან სხვა ადგილას, არამედ პისიდიის ანტიოქიაში დაიწყო პირველად სიტყვის წარმოთქმა და ჯერ ხელი გაუყარა, რათა გაჩუმებულიყო, ესეც ჰურიათა ჩვეულება იყო. პავლე მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს.

პავლეს ქადაგება 3 ნაწილისაგან შედგება.

1. შესავალი ნაწილი (16-22 მუხლი), მოციქული საუბრობს ღვთის განგებულებაზე ისრაელის მიმართ მამამთავრებიდან დაწყებული დავითის ჩათვლით.

2. ძირითადი ნაწილი (23-37 მუხლი), აქ გადმოცემულია სწავლება იესო ქრისტეზე, როგორც მესიაზე. მას მოჰყავს ციტატა დავითის მე-15 ფსალმუნიდან (ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ).

3. პრაქტიკული ხასიათის მოწოდება (38-41 მუხლი).

პავლეს სიტყვა ჰგავს სტეფანე დიაკონის უკანასკნელ სიტყვას და პეტრეს ქადაგებას სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს.

„ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა“ (13.17-18). პავლე მოციქული „ისრაიტელებად“ და „ღმრთის მოშიშებად“ სახელდებს, რათა ყურადღებით მოუსმინონ. ამის შემდეგ მსგავსად წინასწარმეტყველთა და ჰურიათა მოძღვართა ჩვეულებისა, ახსენებს მათ ღვთის მიერ ქმნილ სიკეთეებს მათდამი აღსრულებულს.

„და დაარღვინა ნათესავნი შვიდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკვიდრა მათ ქუეყანაი იგი მათი. და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაიწარმეტყუელისა, მიერითგან ითხოვეს მეფე და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე ქისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამინისა, ორმეოც წელ და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა და თქუა: ვპოვე დავით, ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი“ (13.19-22). პავლემ თავისი სიტყვის დასაწყისში მოკლედ გადმოსცა ისტორია პატრიარქების დროიდან დავითამდე, რომ ამ გზით ღვთის უდიდეს წყალობაზე მიეთითებინა. ამის შემდეგ ის გადავიდა იესო ქრისტეს მოღვაწეობასა და მის სწავლებაზე.

„მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაელსა მხსნელი იესუ, რომელსა წინაისწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსვლისა მისისა ნათლისღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაელისა“ (13.23-24). რადგანაც ღვთის სახელი დიდი იყო ისრაელიანთა შორის, ამიტომ ეუბნება, რომ იესო მისი ძე არის ხორციელად, რომელიც თქვენ მეუფედ უნდა მიიღოთ, რადგან იგია ხორციელი ძე თქვენი მეფისა დავითისა, ხოლო ღმრთაების ბუნებით არარაისგან დაბადებული, არამედ უჟამოდ და დაუსაბამოდ პირველ საუკუნეთა მამასთან მყოფი. უკანასკნელ ჟამს თქვენთვის ხორცშესხმული და აღდგინებული, რადგან აღდგინება არის უხილავის სახილველ ქმნა და მისი მოსვლის მოწმედ იოანე ნათლისმცემელი მოჰყავს.

„ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თვისსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომლისა იგი არა ვარ ღირს განხსნად ხამლთა ფერხთა მისთასა. კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის, რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთვის სიტყუაი იგი ცხოვრებისაი მოივლინა. რამეთუ რომელნი-იგი მკვიდრ არიან იერუსალემს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ხმათა მათ წინაჲწარმეტყუელთასა, რომელი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს. და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაი უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი“ (13.25-28). 13.26 მუხლში სიტყვებში „სიტყუაი იგი ცხორებისაი“ - მაცხოვარი იგულისხმება. რადგანაც მათ ეშინოდათ, რომ განვრდომილ არიან ქრისტესაგან, როგორც მისი მკვლელები. ამდენად, მოციქული მათ განუკუთვნებს მიზეზს ქრისტეს ხორცშესხმისა, რომ იგი მათი ცხონებისათვის განკაცდა, ხოლო მკვლელობას აბრალებს არა მთელს ერს, არამედ მხოლოდ იერუსალიმში მყოფთ. ამასთანავე, წინასწარმეტყველთა მიერ ქადაგებულად ამბობს ქრისტეს და რომ უსამართლობა იყო მისი (ქრისტეს) მოკვლა მათ მიერ, რომელნიც უმეცარნი იყვნენ იმისა, თუ რას კითხულობდნენ შაბათობით.

„და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაი უპოეს და მოითხოვეს პილატესაგან მოკლვად იგი“ (13.28). პილატეს სახელით ხსენება იმაზე მიუთითებს, რომ მას (პილატეს) მისი (ქრისტეს) გათავისუფლება უნდოდა.

„და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთვის წერილ იყო, გარდამოჰხსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა, ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით“ (13.29-30). ძელი ნიშნავს ხეს, ე.ი. ჯვარი ხისაგან იყო დამზადებული. მოციქული პავლე ეუბნება, რომ ის რაც ქრისტეს უყვეს, ყოველივე ნაწინასწარმეტყველევი იყო წერილის მიერ, ხოლო მან, რომელმაც აღადგინა იგი, შეეძლო, რომ სიკვდილისაგან ეხსნა იგი, მაგრამ უნდა აღსრულებულიყო წერილი. მამამ აღადგინა ძე, ეს უნდა გავიგოთ ისე, რომ მამა არაფერს იქმს თავისი ძის გარეშე. როგორც მამა, ასევე ძე, თავისი ღმრთაებრივი ბუნებით არის „აღმადგინებელი ხორცთა ტაძრისა დახსნილისა“.

„რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსრულ იყვნეს გალილეაით იერუსალემდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ“ (13.31), რადგან თერთმეტმა მოციქულმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, ამიტომაც ესენი მოჰყავს მოწმედ და „გალილეაით აღმოყოლილად“ უწოდებს, რამეთუ მრავალ დღეს უწოდებს იმ 40 დღეს აღდგომიდან ამაღლებამდე, ხოლო არაფერს ამბობს იმ ჩვენებაზე, რომელიც დამასკოს გზაზე იხილა.

„და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგვიდგინა იესუ. ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: „ძე ჩემი ხარი შენ და მე დღეს მიშობიე შენ“ (13.32-33). ღმერთისგან მიცემული პირობა ებრაელებისადმი შესრულებულია და ჩვენ გახარებთ ამას. სიტყვამ ხორცი შეისხა, რომლისთვისაც მამა ამბობს, ძე ჩემი ხარ პირველ საუკუნეთა თანა დაუსაბამო ღმრთეებითა და უკანასკნელ ჟამს სათნო ვიყავ მიწაზე შენი ხორცით შობა.

„ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაი განსახრწნელად, ესრეთ თქუა: ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაი იგი დავითისი სარწმუნოი რომლისათვის სხვასაცა ადგილსა იტყვის: არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი“ (13.34-35). დასტურად იმისა, რომ ძის სხეული აღდგომის შემდეგ არის უვნებო და უხრწნელი, მოციქულს მოყავს წინასწარმეტყველება დავითის ფსალმუნიდან, რომ შეუძლებელია ეს სიტყვები დავითს მივუსადაგოთ, არამედ მხოლოდ ქრისტეს ეკუთვნის ის. „რამეთუ დავით ნათესავსა შინა თვისსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაითა შეისუენა და შეეძინა მამათა თვისთა და იხილა განსახრწნელი“ (13.36-37). ჰურიებს, დასამტკიცებლად იმისა, რომ დავითმა ეს თავის თავზე არ თქვა, ეუბნება, რომ დავითი გარდაიცვალა და განსახრწნელიც იხილა, ე.ი. ცხადია, ქრისტეზეა ნათქვამი, „არა იხილა განსახრწნელი“. მართლაც ქრისტე მოკვდა კაცობრივი ანუ ხორციელი ბუნებით, მაგრამ მისი სხეული არ გაიხრწნა.

პავლე მოციქულის ქადაგების მეორე ნაწილი (23-37 მუხლი) ეხება ქრისტეს მოღვაწეობასა და მის სწავლებას ცოდვათა მიტევების შესახებ, თანაც მკაცრად გააფრთხილა მისი სჯულის არ მიღების შემთხვევაში რა ელოდათ. მისი სიტყვა, რომელიც არა მხოლოდ იუდეველთათვის იყო მიმართული, არამედ პროზელიტებისადმიც, რომლებიც სინაგოგის საკრებულოში საგანგებო ადგილზე იდგნენ.

პავლე მოციქული თავისი ქადაგების მესამე ნაწილს (38-41 მუხლი) იწყებს. „უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაი ცოდვათაი გეხარების, და ყოველი მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ შჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების“ (13.38-39). მოსეს რჯულმა ვერ შეძლო ადამიანის განკურნება და გამართლება, რადგან ადამიანებმა მისდამი არასწორი დამოკიდებულება გამოავლინეს, ხოლო ვინც ირწმუნებს ქრისტეს სიტყვას, ის მოსეს რჯულის გარეშე გამართლდება.

„იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქვენ ზედა თქუმული იგი წინაისწარმეტყველთა შინა, ვითარმედ: იხილეთ შეურაცხისმყოფელთა მაგათ და გიკვირდინ და განირყვენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ“ (13.40-41) ეს სიტყვები გახლავთ ამბაკუმის წინასწარმეტყველება (1.5), რომელიც მაშინ თქვა, როცა ის დამწუხრებული იყო ისრაელის მსაჯულთა უსამართლობის გამო. არაფერია მოსასმენად იმაზე უსაზარლესი და უსაკვირელესი, რომ ღმერთმა ხორცი შეისხა და ივნო კაცობრივი ბუნებით, რადგან პავლე სწორედ ამას ქადაგებდა და ეს ყოველივე ძნელი დასაჯერებელი იყო, ამიტომ აჩვენა მათ, რომ ეს წინასწარ იყო ნაუწყები ღვთის მიერ წინასწარმეტყველთა პირით.

პავლე მოციქულის ქადაგების მესამე ნაწილი წმინდა პრაქტიკული ხასიათისაა. მოციქული ყველას აუწყებს ცოდვათა მიტევებას, ვინც ქრისტეს იწამებს და აფრთხილებს წინასწარმეტყველ ამბაკუმის სიტყვებით, რომ განერიდონ ურწმუნოებას.



წინა - სარჩევი - შემდეგი