მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

ვინ არის იოანე-მარკოზად წოდებული? რატომ იწოდება პავლე მოციქული ორი სახელით?


 

 

ვინ არის იოანე-მარკოზად წოდებული?

1. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს იოანე, მარკოზად წოდებული, იყო არა მოციქული, არამედ მოწაფე მოციქულისა.

2. ეს არის მარკოზ მახარებელი, რომელიც არის მათი მსახური ან თანაშემწე. ვისაც უქადაგებდნენ ბარნაბა და სავლე, შეიძლება მათ ყველას ერთნაირად ვერ გაეგოთ, ხოლო იოანე-მარკოზი მათ (მსმენელებს) განუმარტავდა მათ (ბარნაბასა და სავლეს) სიტყვებს.

3. ამბერკი ტაუშევი ამბობს, რომ იოანე-მარკოზად წოდებული მათ ემსახურებოდა და ახალმოქცეულთა ნათლობაში ეხმარებოდა, გარდა ამისა, მას მეორეხარისხოვანი მოვალეობები უნდა შეესრულებინა.

„და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგვი, ცრუ წინაისწარმეტყუელი, ჰურიაი, რომლისა სახელი ბარიისუ“ (13.6). სალამინიდან ისინი დასავლეთისაკენ მიემართებიან და ჩადიან ქალაქ პაფოში, სადაც დახვდათ იუდეველი მოგვი ბარიისუ. ის ისეთივე მოგვი იყო, როგორც სამარიტელი სიმონ მოგვი. ბარიისუ არის მეტსახელი, ის სიტყვასიტყვით ნიშნავს იესოს ძეს. მას სურდა, რომ ამ გზით ხალხი მოეტყუებინა და თავისი თავი იესოს ძედ წარმოეჩინა. ეს გახლდათ არაბული სახელის მატარებელი იუდეველი, იგი ამ სახელს იმიტომ ატარებდა, რომ ან არაბეთში იყო დაბადებული, ან კიდევ ეს სახელი დაირქვა, რომ აღმოსავლეთში ბრძენად გამოჩენილიყო. სირიულად ბარიისუ ნიშნავს ძე სიამაყისა, ძე ამპარტავნებისა, როგორც მიმართავს მოგვიანებით პავლე მოციქული.

როგორც ჩანს, ამ მოგვის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული ანთვიპიის მთავარი სერგი-პავლე. მის შესახებ წმიდა წერილი ბრძანებს, რომ ის იყო „კაცი გონიერი“ (13.7), ანუ ის იყო ბრძენი მმართველი. მოგვი ქრისტეს რწმენისგან მის განშორებას ფიქრობდა. „ეშმაკი ცდილობს, რომ პირველ რიგში თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს ხელისუფალი, რომელსაც ხალხის მართვა ევალება. თუ ბოროტი ხელისუფლებას დაიმორჩილებს, ამით ის საზოგადოებაზეც განავრცობს თავის მდგომარეობას, რადგან პირველი პირის საქციელი ასე თუ ისე ჩანს“, - ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირი.

„ამან (სერგი-პავლემ) მოუწოდა ბარნაბას და სავლეს და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა“ (13.7). ამ კაცის გონიერებაზე ისიც მიუთითებს, რომ ის არ დაკმაყოფილდა ცრუ წინასწარმეტყველისგან მოსმენილი სიტყვებით და ეძებდა, რომ ღვთის სიტყვა მოესმინა ჭეშმარიტი მქადაგებლისაგან.

თუმცა მის ამ სურვილს შეეწინაამდეგა მოგვი. „ხოლო უხდებოდა მათ ელვიმას მოგვი იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთვიპატისასა სარწმუნოებისაგან“ (13.8). ელვიმა თარგმანში მოგვს ნიშნავს. სანამ მოციქულები სხვადასხვა ადგილებში ქადაგებდნენ, მოგვი წინ არ აღდგომია მათ, მაგრამ როცა მთავართან მივიდნენ, მაშინ წინ აღუდგა მოციქულებს ბარიისუ, ელვიმად სახელდებული, რაც ებრაულად ითარგმნება როგორც მოგვი, როგორც განდგომილი.

„ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას (ბარიისუს)“ (13.9).

რატომ იწოდება პავლე მოციქული ორი სახელით?

1. სავლე გახლავთ საულის შემოკლებული სახელი, ის ღვთისგან განდგომილს ნიშნავს. პავლე არის რომაული სახელი და ნიშნავს უმცირესს.

2. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ამ ხელდასხმის შემდეგ, მას სახელი სავლე პავლედ შეეცვალა, რათა ამითაც პეტრეს თანაბარი გამხდარიყო. სანამ იგი ეკლესიის მდევნელი იყო, სამართლიანად ეწოდებოდა სავლე, რადგან „შემრყეველი“ იყო ეკლესიათა, ხოლო ახლა, როცა შეიცვალა, შესაბამისად შეეცვალა სახელიც პავლედ, რამეთუ დაცხრა შფოთისაგან მყუდროებად (ბერძნულად სალევსის - შერყევა, ეპავის - დაცხრომა).

3. შეიძლება, დედ-მამამ მას ორივე სახელი დაარქვეს. სავლე, როგორც კილიკიის ტარსუსში მცხოვრები და პავლე, როგორც რომში მცხოვრები.

4. სავლედ იწოდება მანამ, სანამ ის ელინისტთა შორის მოღვაწეობს (მე-13 თავამდე), მაგრამ მას შემდეგ, რაც სავლე სულიწმინდისგან გამორჩეული ხდება და წარმართებში უნდა გადავიდეს, მას (13.9 მუხლის მიხედვით) ეცვლება სახელი და იწოდება პავლედ ანუ წარმართული სახელი ეცვლება. ამას ჰქონდა სხვა მიზანი, წარმართისთვის რომ ექადაგა ებრაელს (სავლეს), შეიძლება მისი სიტყვა არ შეესმინათ, ხოლო სახელის შეცვლით ერთგვარი დიპლომატიური ნაბიჯი გადაიდგა.

5. „საქმეების“ მიხედვით პირველი წარმართი, რომელსაც პავლე მოაქცევს სერგი-პავლე გახლავთ. შეიძლება ამ წარმართის სახელი დაირქვა პავლემ, რომ ყოველთვის ყველას ხსომებოდა ის. შეიძლება მადლიერების ნიშნად თავად უბოძა მას თავისი სახელი (გადმოცემის თანახმად სერგი-პავლე საფრანგეთის ეპისკოპოსი გახდა).

6. შეიძლება მოციქულობაში იმიტომ შეიცვალა სახელი, რომ მას რცხვენოდა სავლეს დროს ჩადენილი საქმეებისა.

7. მშობლებმა მას სავლე დაარქვეს ებრაელთა პირველი მეფის პატივსაცემად. რადგან პავლე იყო ტანდაბალი, კეხიანი ცხვირით, ანუ ხედავდნენ რა მშობლები, რომ ის ფიზიკურად არ გავდა სავლეს, ამიტომ უცვლიან მას სახელს და უწოდებენ მას პავლეს ანუ მცირეს.

8. „პავლე არაფრით არის ნაკლები პეტრე მოციქულზე, თუნდაც სახელის რაოდენობის მხრივ არ უნდა ჩამორჩენილიყო იგი“, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.

პავლე აღივსო სულიწმინდით „და ჰრქუა: ჰოი, სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელად?“ (13.10). პავლე განაქიქებს მის წილ საქმეებს, რადგან ის თავისი საქმეების მიხედვით მოციქულებს კი არ ებრძოდა, არამედ უფლის გზებს ამრუდებდა.

„და აწ ესერა ხელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და ვერ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე“ (13.11). „უფლის ხელი“ ამ შემთხვევაში დამსჯელია. პავლე „უფლის ხელს“ უწოდებს ძალას სასწაულისას, რომელმაც დააბრმავა მოგვი, ეს ტანჯვა (სიბრმავე) მარადიულად კი არ გაგრძელდებოდა, არამედ მანამდე, სანამ არ შეინანებდა მოგვი.

„და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და ეძიებდა მძღუარსა“ (13.11). მოგვი არა მარტო ხორციელად, არამედ გონებითაც დაბრმავდა. მას მოციქულმა დრო მისცა სინანულისათვის, ის კი წინამძღოლს ეძებდა და ვერარას გულისხმა-ყოფდა.

„მაშინ ვითარცა იხილა ანთვიპატმან მან, რაი-იგი იქმნა, ჰრწმენა განკვირვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა“ (13.12). ბარნაბასა და სავლეს ცოცხალი ქადაგება, პავლეს მიერ აღსრულებული სასწაულები (შერისხა რა ბარიისუ, თვალთ დაუბრმავდა) გახდა საწინდარი სერგი-პავლეს მოქცევისა.

1. მოგვი სერგი-პავლეს თვალების დახშობას ცდილობდა, რომ მას არ ეხილა სახარების სინათლე, მაგრამ სახიერმა ღმერთმა ისე მოაწყო, რომ თვით მას დაუბნელდა ხორციელი თვალები, თანაც ისე, რომ ფიზიკური მზე ვერ იხილა.

2. მოგვი სერგი-პავლეს დაბრმავებას ცდილობდა, მაგრამ თვითონ იქნა დაბრმავებული უფლის მიერ.



წინა - სარჩევი - შემდეგი