მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

„საქმე წმიდათა მოციქულთა“

 

ბარნაბასა და სავლეს მოგზაურობა კვიპროსზე და პროკონსულ სერგი-პავლეს მოქცევა (13.1-12)


 

 

მე-13 მე-14 თავებში გადმოცემულია პავლეს პირველი მოგზაურობა მცირე აზიაში ბარნაბასთან ერთად.

სირიის ანტიოქიაში, ადგილობრივ ეკლესიაში მოღვაწე მოძღვართ და წინასწარმეტყველთ ეუწყათ სული წმინდისაგან, რომ ორი კაცი გამოირჩიონ განსაკუთრებული საქმისთვის, ესენი გახლავთ სავლე და ბარნაბა (13.1-2). მას შემდეგ, რაც სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე და გაქადაგდნენ უცხო ენებზე, ქრისტეს ეკლესიას მიემადლა სხვადასხვა ნიჭი და უნარი. ღმერთმა ზოგს მოციქულობის, ზოგს მოძღვრობის, ზოგს წინასწარმეტყველების ნიჭი უბოძა და ყველას მისცა ძალა კურნებისა.

ეკლესიაში თავდაპირველად არ იყვნენ მღვდლები. ღვთისმსახურები იწოდებიან მოძღვრებად ან წინასწარმეტყველებად, რა გაგებით იყვნენ ისინი წინასწარმეტყველნი? აქ არ იგულისხმება ძველი აღთქმის მსგავსი წინასწარმეტყველნი, არამედ ესენი წინასწარმეტყველებდნენ ყოფით პრობლემებზე. მაგალითად: აგაბო, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ შიმშილი იქნებოდა, რომ შეიპყრობდნენ პავლეს, რომელიც საქმეთა მე-20 თავშია აღწერილი.

„მოძღვარნი არიან ისინი, რომლებიც ღვთის სულითა და თავიანთი გამოცდილებით საუბრობენ“, - ამბობს წმიდა მოციქული პავლე. მოძღვრებს წინასწარმეტყველების ნიჭი არ ქონდათ, ან კიდევ პირიქით. თუმცა იყვნენ გამორჩეულნი, რომელთაც ორივე ქონდათ, ხოლო სულიწმინდის ყველა ნიჭის მფლობელი ქრისტეს მხოლოდ 12 მოციქული გახლდათ, სხვები კი ნაწილობრივ ფლობდნენ მას.

წმიდა წერილში ვკითხულობთ: „იყვნეს ანტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაჲსწარმეტყველნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სვიმეონ, რომელსა იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კვირინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუის მტე ჰეროდე მეფისაი, და სავლე“ (13.1). საქმეთა აღმწერი პირველ ადგილზე ასახელებს ბარნაბას იმ განსაკუთრებილი პატივის გამო, რომლითაც იგი თავდაპირველ ეკლესიაში სარგებლობდა. ასევე ანტიოქიის ეკლესიის მოწყობის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლის გამო, ხოლო სავლეს ბოლო ადგილზე, რადგან ანტიოქიის ეკლესიას იგი გვიან შეუერთდა.

ბარნაბა იყო ლევიტელი, ის ცხოვრობდა კუნძულ კვიპროსზე.

სვიმეონი ებრაული სახელია, ხოლო ნიგერი ნიშნავს შავს, შავკანიანს ან შავთმიანს. ნიგერი არის სვიმეონის მეორე სახელი. სვიმეონ ნიგერი გაიგივებულია სვიმეონ კვირინელთან, რომელმაც მაცხოვრის ჯვარი იტვირთა, რადგან ორივეს ქვია სვიმეონი (კვირინელი იხსენიება მარკოზისა და ლუკას სახარებაში), საქმეთა წიგნში იწოდება ნიგერად, ხოლო სახარებაში კი კვირინელად. ნიგერი ზედმეტსახელია და ნიშნავს შავკანიანს, ხოლო კვირინეაში ცხოვრობდნენ შავკანიანები და ეს კაციც მეტსახელად შავად იწოდება.

ლუკიოს კვირინელი შეიძლება იყო თავად ლუკა მახარებელი. მან განათლება კვირინეის სასწავლებელში მიიღო. მის შესახებ პავლე მოციქული ამბობს: „გიკითხვენ თქუენ ტიმოთე, შემწე ჩემი და ლუკიოს...“ (რომ.16.21)

მანაინი იყო ჰეროდე აგრიპა პირველის ძუძუმტე, რომლის ბრძანებითაც თავი მოკვეთეს იაკობს და შეიპყრეს პეტრე. მანაინი აღმსარებელი გახდა, ჰეროდე აგრიპა პირველი კი - ქრისტეს მტერი.

სავლე ბოლოს იხსენიება, რადგან მას სახელი ჯერ არ აქვს განთქმული. ბარნაბა უფრო ავტორიტეტულია, ასევე ასაკითაც უფროსი იყო იგი.

„და ვიდრე იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმინდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ“ (13.2). ისინი ღვთისმსახურობდნენ ეკლესიაში (ლოცვითა და მარხვით) და სულიწმინდამ შთააგონა. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „სულიწმინდასთან ზიარების ღირსი გახდება ის, ვინც ღვთისმსახურებაში და ღვაწლში იქნება“. თუ რა სახით ეჩვენა მათ სულიწმინდა, ეს არ წერია. სულიწმინდა არ აკონკრეტებს თუ რა საქმეზეა საუბარი, რადგან ქრისტემ უკვე განაცხადა იგი ანანიასთან საუბრის დროს, ანუ სულიწმინდას (და ქრისტეს) ნება უკვე განცხადებულია სავლესთვის. მათ კარგად იციან, რომ წარმართებს შორის უნდა იქადაგონ. მაგრამ სავლე და ბარნაბა მანამდე არ წასულან საქადაგებლად, სანამ მეორედ არ მიიღეს ამის კურთხევა. მაგალითი შეიძლება ავიღოთ პეტრე მოციქულისკენ, კურთხევაა უფლისა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი...“ (მათე 28.19), თუმცა კორნელიოსთან დაკავშირებით პეტრეს არაფერი არ აგონდება.

„მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათზედა ხელნი მათნი და განუტევნეს“ (13.3). ხელები დაასხეს ნიშნავს - აკურთხეს, გამოირჩიეს ამ საქმისათვის. ხელდამსხმელებმაც და ხელდასხმულებმაც კეთილი თვისებები, მორჩილება და თავმდაბლობა გამოავლინეს. ბარნაბამ და სავლემ მათზე ზემდგომთაგან ხელდასხმა არ ითაკილეს და მეორეც, სვიმეონ კვირინელსა და მანაინს არ შეშურებიათ, რომ სულიწმინდამ ისინი გამოირჩია. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ხელდასხმა ბარნაბასი და სავლესი, ვჰგონებ, აღამაღლებს მათ პატივს მოწაფეობისა და დიაკონობისაგან, მოციქულობის, მღვდლობისა და ეპისკოპოსობის პატივამდე “.

„ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად, და მიერ ნავითა წიაღხდეს კვიპრედ“ (13.4). სულიწმინდა უძღოდა მათ. ისინი არ დააყოვნა სელევკიაში, რადგან მქადაგებლები აქაც საკმარისად იყვნენ, რადგან ახლოს იყო ის ანტიოქიასთან. ისინი ზღვით „წიაღხდეს კვიპრედ“. ზღვა სიმბოლოა ამა სოფლისა, თავისი მღელვარებისა და დაუდგრომლობის გამო. იქ ცხოვრობს ვეშაპი გემოთმოყვარეობისა, რომელსაც მოაკვდინებს მოციქულთა ქადაგება.

„და შე-რაი-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა, თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად“ (13.5). სალამინი არის კვიპროსის დედაქალაქი, ამიტომ პირველად აქ მივიდნენ და პირველად ჰურიათა შესაკრებელში იქადაგეს, რათა დაბრკოლების არავითარი მიზეზი არ მისცემოდათ, როდესაც წარმართები წავიდოდნენ. გარდა ამისა, სალამინიდან იმიტომ დაიწყეს ქადაგება, რომ აქაური, კუნძულ კვიპროსიდან იყო ბარნაბა და უნდოდა, რომ პირვეელ რიგში თავისი ხალხი ეზიარებინა ჭეშმარიტებისათვის. ლევიტელს რა უნდოდა კვიპროსზე? ცხადია, რჯული ირღვევა.



წინა - სარჩევი - შემდეგი