მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 37


 

და ქმნა ბესელიელ კიდობანი იგი სჯულისაი ძელთაგან ულპოლველთა (1) ეს არის საიდუმლო ემანუელის სხეულისა, რომელიც გახრწნას არ ექვემდებარება. ოქრო, რომლითაც მოჭედილი იყო კიდობანი შინათ და გარეთ, სიტყვის ღმრთეებრივ ბუნებას აღნიშნავს: გამოუთქმელად შეუერთდა იგი სულისა და სხეულის ყველა ნაწილს, რადგან ჩვენს კაცებას თავისი ღმრთეება სცხო. კიდევ ნათქვამია: (3-4) აქმნა მას კიდენი ოქროისანი გარემოის. და უქმნა მას დასხმითნი ოთხნი გრკალნი ოქროისანი. ამაში შეგვიძლია დავინახოთ ედემი და მისი ოთხი მდინარე (იგულისხმება ერთი მდინარის ოთხი განტოტება) ან გრძნობითი ძალა და ყოველივე ცნობადის შეგრძნება. კიდობნის გვერდები მიუთითებენ ხილულ და აზრით წარმოდგენილ სამყაროებზე.

(6) სალხინებელი ზედა კიდობანსა მის ოქროისგან წმიდისა, ემანუელს აღნიშნავს; სახურავის კიდეზე ორი ქერუბიმი – წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს. ტაბლაში გონებით საჭვრეტი ხუთი რამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: შემოქმედი და გონიერი ქმნილებები. მასზე ორი ოქროს სალტე ორ სამყაროზე მიგვითითებს: ზეციერსა და მიწიერზე. ორ რკალს შორის სივრცე ემანუელს აღნიშნავს, რომლის მეშვეობითაც ურთიერთობენ ზეციურნი და მიწიერნი. ტრაპეზზე შეწირული პური წარმოადგენს ეკლესიის შვილების სამსხვერპლო საიდუმლოს.

ოქროს სასანთლე გამოხატავს და გვიჩვენებს ჯვრის საიდუმლოს. სასანთლის ექვსი რტო ნიშნავს ჯვარცმულის ხელმწიფებას, რომელიც ყველა ექვს მხარეზე ვრცელდება. სასანთლის ვაშლებში დაფარულად შეიცნობა წინასწარმეტყველები და მოციქულები, ყვავილებში – ანგელოზებრივი ძალები, შვიდ ლამპარში – სახარების შვიდი ლამპარი ან შვიდნი თუალნი უფლისანი არიან, რომელნი ჰხედვენ ყოველსა ქუეყანასა (ზაქ. 4:10).



წინა - სარჩევი - შემდეგი