მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 34


 

მოსემ უფალს უწოდა უფალი ღმერთი, რომელმან (7) ყვის წყალობა ათასამდე ნათესავად, რადგან ჩვენს ნათესავს უფალმა უყო ის, რაც ჩვენს წინაპრებს აღუთქვა. (12) ნუუკუე აღუთქუა აღთქმა მკუდრთა თანა მის ქუეყანისათა, რათა არ შეგაცდინონ თავიანთი ცრუ ღვთისმოსაობით, არ შეაცდინონ თქვენი ასულები, და არ შეაცდინონ თქვენი ძენი. ფხიზლად იყავი, რომ შენი ერი არ შეუერთდეს იმ ხალხებს, ვის განადგურებასაც მთხოვ. იფხიზლე, რომ შენი ერი არ შევიდეს მათთან ქორწინებით კავშირში. (19) ყოველმან რომელმან პირველად განაღოს საშო წულმან, ჩემი არს. ამით აღინიშნება ნათელღებულნი და ნათლისღების ბეჭდის შემნარჩუნებელნი, გვეუწყება, რომ ისინი უფლისთვის ყოველთვის წმინდები არიან (26) არა შეაგბო ციკანი სძითა დედისა თვისისათა. ეს ნიშნავს, რომ, თუკი ვინმე წარმართობიდან ან სხვა ცდომილებიდან მოიქცევა ჭეშმარიტებისაკენ, ნუ გაკიცხავ მას წინანდელი ზნეობისათვის, ცდომილებისათვის, თავისი მამისეული წეს-ჩვეულებისათვის უწოდებს ასეთს „ციკანს“, როგორც ცოდვილთა ქვეყნიდან მოსულს, მარცხენა ქვეყნიდან, ხოლო „დედას“ უწოდებს მის ძველ სარწმუნოებას და მის წინანდელ სახელს. სხვა აზრით, ციკანი შვიდ დღე იყოს დედისა თანა და მერვესა დღესა მომცე მე იგი (გამოს. 22:30).

ამის შემდეგ მოსე ჩამოდვიდა მთიდან და (29) არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მისისა. მოსეს არაფერში სჭირდებოდა, სცოდნოდა თავისი განდიდების ამბავი, მაგრამ საჭირო იყო, ხალხს სცოდნოდა და ეხილა. მოსე მთაზე ავიდა ოთხმოცი წლისა, ხოლო ჩამოვიდა ჭაბუკი; ავიდა ადამის ძე, ხოლო ჩამოვიდა პირველქმნილი ადამი. არა ის ადამი, ვინც გველმა აცდუნა ნაყოფის ჭამით, არამედ ის ადამი, ვინც ცდუნებამდე იყო. მოსემ (33) დაიბურა საფარველი პირსა მისსა, როცა ხალხს ესაუბრებოდა. მისი სიტყვის მსმენელნი თვალს ვერ უსწორებდნენ, იმდენად დიდი იყო სახის ბრწყინვალება. ეს თვით მოსესაც შეაგონებდა, რომ, თუკი თავისი ხალხის შვილებმა სახეზე ვერ შეხედეს დიდების მიზეზით, მაშინ რაოდენ უფრო ვერ შეხედავდა თვითონ ღვთის დიდებას!



წინა - სარჩევი - შემდეგი