ღმერთი სარწმუნო არს და არა არს სიცრუვე მის თანა (4). ებრაელებმა საკუთარ თავს გაუკეთეს ბოროტება კერპებისაკენ მიქცევით. კერპებს არ გამოუყვანიათ ისინი საკუმილისა მისგან რკინისასა (მეორე რჯ. 4:20), არც ის უამრავი სიკეთე მიუციათ მათთვის უდაბნოში.
(7) მოიხსენენ დღენი იგი საუკუნენი. ადამის დღეებიდან დაწყებული ღმერთმა (8) დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი, ისრაელიანთა რიცხვისამებრ, რომლებიც იაკობთან ერთად ეგვიპტეში შევიდნენ სამოცდაათ სულთა შორის.
(13) ჭამდეს იგინი თაფლსა კლდისაგან. ამით აღინიშნება, რომ მიწა იმდენად ნაყოფიერი და უხვმოსავლიანი იყო, რომ ფუტკრების სიმრავლისგან თაფლი კლდიდან მოედინებოდა. სხვების განმარტებით, კლდიდან გადმომდინარე სასმელი თითოეულისთვის ის იყო, რაც მას სურდა: ვისაც თაფლი სურდა, მისთვის თაფლი იყო, ვისაც ზეთი მისთვის ზეთი, სხვისთვის კიდევ (14) ძროხის ერბო ან ცმელი კრავთაი. ეს დაფარულად ქრისტეს ნიშნავს. ის არის ჭეშმარიტი ქვაკუთხედი ლოდი, მთელი მსოფლიოსათვის ცხოვრების წყარო; თითოეულისთვის, ვინც კი მას - მიეახლება, იგი არის ის, ვინც რას მოისურვებს: ერთისთვის - სინათლე, მეორესთვის – კარი, მესამესთვის – გზა, მეოთხისთვის – სიბრძნე. იგი ყველასთვის ყველაფერია და ყველასთვის სარგებელი მოაქვს. (13) ზეთსა კლდისა მისგან უღაღისა. აქ მოსემ ზეთი უწოდა კლდიდან გამოყვანილ ტკბილ წყლებს ან მანანას, რომელიც გემოთი ზეთიან ხავიწს ჰგავდა (რიცხ. 11:8), ანდა ზეთისხილის ნაყოფს, რომელიც მთაზე იზრდებოდა და კურთხევის შემდეგ კიდევ უფრო ნაყოფიერი შეიქნა.
(15) განუდგა ისრაელი ღმერთსა მაცხოვარსა თვისსა. ნაცვლად იმისა, რომ მიღებული კეთილდღეობისათვის მადლობა აღევლინა, ისრაელმა დაუტევა და შეურაცხყო ღმერთი, რომელმაც ის ყველა ერის მემკვიდრე გახადა.
(24) კბილნი მძნვარეთანი მივავლინნე მათ ზედა, რათა სიმშვიდე დაკარგვოდათ. (25) გარეშე უმკვიდროვნეს იგინი მახვილმან, ანუ მტერი მოსრავდა მის შვილებს; მათს სახლში შიში დაისადგურებდა. მდევნელები შიშის ზარს დასცემდნენ, როგორც ეს კაენს დაემართა.
(32) საყურძნისა მისგან სოდომელთაისა იყო საყურძნე მათი და არა აბრაამისგან, რადგან თავიანთი საქმეებით ისინი სოდომელებს დაემსგავსნენ. და ვენახები მათი გომორელთაგან, და არა სარასგან. ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაი, მათი საქმის ნაყოფი მათთვის ნაღველია, ანუ საკუთარი საქმის შედეგი მათვე მოუტანს უბედურებას.
(33) რისხვაი ასპიტთაი მათი რისხვაა. მათი რისხვა გველის რისხვას ჰგავს, რომელიც თავს არასდროს გვანებებს.
(34) აჰა, ესერა, ჩემი ერი დამიკრებიეს მე ბეჭდული, მარხულ არს საუნჯესა ჩემსა, მიუხედავად ყოველივე ამისა, ის შენარჩუნებული იქნება აქ, ჩემს სამკვიდროში, რამეთუ ნათქვამია: (36) განიკითხოს უფალმან ერი თვისი და მონათა თვისთა ნუგეშინის-სცეს. (41) შური ვიძიო და მივაგო სასჯელი, მტერთა და მოძულეთა ჩემთა მივაგო, - ჩავუგდებ მათ ხელში მიდიელებს, ქალდეველებსა და ასურელებს.
(49) აღვედ შენ მთასა მას ზედა აბარიმსა, (ბიბლიის ახ. რედ. მეორე რჯ. 32:49-ში ყაბარიმის მთა)... და იხილე ქუეყანაი ქანანისა. ეს ჩვენთვის გამოხატავს წინასწარმეტყველებსა და რჯულს, რომელნიც ემანუელის მოსვლას ხედავდნენ სახე-ნიშნებით, მაგრამ მისი მოსვლის დრომდე ვერ იცოცხლეს; მათ იხილეს წარმართების მოწოდება, მაგრამ თავად ვერ შევიდნენ სულიერ სახარებისეულ ცხვრის სადგომში. ამას ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაისწარმეტყუელებდეს (მათე 11:13).
წინა - სარჩევი - შემდეგი