უფალი სინად მოვიდა (2). იქ უფალი გამომიჩანდა, როცა მე წარმგზავნა და გამოგვიჩნდა ჩუენ სეირს. ამის შემდეგ კი გამოუჩნდა მთელ ერს უდაბნოში ფარან მთით, ბევრებითა კადეს, მარჯუენით მისა ანგელოზნი მისნი მას თანა, როცა მოგვცა რჯული.
(3) უყვარს ხალხები - ან ასე უწოდებს ისრაელის ერს, ან აჩვენებს, რომ ღმერთს არც ერთი თავისი ქმნილება არ სძულს და ყველა ერი უყვარს. მოსე ჯერ იუდას შესახებ საუბრობდა, მისი სამეფო ღირსების გამო, შემდეგ კი - ლევიზე, მისი სამღვდლო ღირსების გამო; ლევის შემდეგ - ბენიამენზე, შემდეგ - იოსებზე, მისი სამთავრო ღირსების მიზეზით. ამით აიხსნება ის, რომ იაკობის ძეები მოსემ არათანმიმდევრულად ჩამოთვალა. ახლა შევეცდებით, რაოდენ საშუალებასაც მოგვცემს ჩვენი უმეცრება, განვმარტოთ კურთხევანი.
(12) შეყუარებული უფლისაი დაემკვიდროს განსვენებით. ამით იმ განსვენებაზე მიუთითებდა, რომელშიც მოყვანილ იქნა ბენიამენის შთამომავალი პავლე, დამასკოს გზაზე გამოცხადებით. ღმერთი თავადი მფარველ ეყოს მას ყოველთა დღეთა და ბეჭთა შორის მისთა განუსუენოს მას. ეს ის ხმა არის, რომელიც ზეგარდამო მოეფინა პავლეს და აჩვენა მას აზრობრივი ზეცა. ეს ზუსტად შეესაბამება იმას, რაც ღმერთმა უთხრა ანანიას პავლეს შესახებ: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაითა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა (საქმ. 9:15). ბენიამენის სამემკვიდრეო იერუსალიმის საზღვრებში მდებარეობდა. ემანუელი იფარავდა მას მთელი დღის განმავლობაში, როდესაც ჯვარზე მიმსჭვალულს, გოლგოთას მთაზე, საღამომდე ხელები ჰქონდა გაშლილი.
(13) იოსებს ჰრქუა: კურთხევითა უფლისაითა ქუეყანაი იგი მისი და საზღვართაგან ცისათა და ცუარითა და წყაროთაგან უფსკრულთაისა ქუესკნელ და აღმოცენებისა. იოსებში, როგორც სახე-ნიმუშში, ემანუელს ვხედავთ. მიწა არის მისი კაცობრივი ბუნება. ცვარით ემანუელში გამოხატულია ზეციური ცოდნა, ქვეყანით - მიწიერის, და ის ცოდნა, რაც მიწის ზემოთაა.
(14) ნაყოფთა მათ მზისათა, რომლებსაც მოსე იოსებს უსურვებს, ანუ წმინდანთა გაცნობიერებას. ეს გამოხატავს ღმრთეების პირველ ნაყოფს. მთვარის მიერ წარმოშობილი ნაყოფი არის ქმნილება.
(15) ნაყოფი ბორცუთა მათ სამარადისოითა არის ნეტარებისათვის აღდგომა სამსჯავროს შემდეგ.
მიწის ნაყოფი და (16) სავსება ქუეყანისასა აღდგომის შემდგომ სხეულთა ნეტარებაზე მიანიშნებს. მაყვლოვანსა მას მცხოვრებთა კეთილი ნება, ანუ კურთხევა ესე, მოვიდენ თავსა ზედა იოსებისსა, მისი ძმების გვირგვინის მწვერვალზე, იმის კეთილი ნებით, ვინც მაყვლოვანშია დავანებული.
(17) პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს. რამე ჩვეულებრივს კი არ მიუტანს ღმერთს შესაწირად, არამედ გააათმაგებს და შესწირავს პირმშო ყრმებს. ვითარცა რქაი მარტორქისაი - რქანი მისნი. და მითა ურქენდეს წარმართთა. როგორც მარტორქამ არ იცის უღელი, ასევე არ იქნებოდა მონობაშიც ეფრემი. ათასებითა მანასე. ეფრემი გამოხატავს წარმართ ხალხებს, რომლებიც ცხონდნენ იმით, რომ მათი რწმენა გამრავლდა ებრაელი ერის რწმენაზე მეტად, რომელსაც აქ მანასე გამოხატავს.
(18) იხარებდ, ზაბულონ, გამოსლვასა შენსა - ეს გულისხმობს წარმართი ხალხების სიხარულს, რომლებიც უმეცრებიდან – მეცნიერებაში და ცდომილებიდან მაღალ ჭეშმარიტებამდე მივიდნენ.
და, ისაქარ, შენს კარვებში! ეს მიანიშნებს წმინდა მოციქულების მხიარულებას ზეციურ სავანეებში, რამეთუ მათ მიეცათ საცხოვრისი, რომლისგანაც წარხდა სალმობაი, მწუხარებაი, და სულთქმაი. (ესაია 51:11.)
(19) მოუხმობენ ერებს მთაზე. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების საყვირებით მოწოდებული ხალხი ცოდვის უფსკრულიდან სულიერ მთაზე ავიდა; ზღვის სიმდიდრესა და ქვიშით დაფარულ ხომალდებს აჰყავდათ ისინი მაღლა. ამით გამოხატულია მოციქულების მიმართვა ყველა ერისადმი. ცოდვით დამძიმებულთა და უწმინდურებაში ჩაფლულთ არ შეეძლოთ სულიერ ზღვაში შესულიყვნენ, მაგრამ მოციქულებმა გაუკვალეს გზა და ისინი გონიერ ნავსაყუდელში შევიდნენ.
(20) კურთხეულ და განვრცობილ იყავ, გად – ემანუელს აღნიშნავს, რომელმაც, მოციქულებთა მეშვეობით, კარი გააღო სახარებისეული სწავლების სასუფეველში და განავრცო ის. ვითარცა ლომმა განსუენებულმა, შემუსრა მკლავნი და თავი. მკლავებად აქ დემონები იწოდებიან, თავი ეშმაკია, რომელნიც [დემონები და ეშმაკი] შეიმუსრნენ.
იქ შენახულია განმმარტებლის წილი (21), ანუ – მოსესა და წინასწარმეტყველების, რომლებიც არიან ქრისტეს საიდუმლოთა განმმარტებლები.
(22) დან, ვითარცა ლეკ, ლომისაი, რძეს წოვს მათანაისგან. მათანაი გამოხატავს ცოდვასა და ჯოჯოხეთს. ლეკვი ლომისა არის ემანუელი, რომელმაც სულიერად ჩვილი წარმართი ერები გაათავისუფლა ცოდვისგან, გაწვა და ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა წმინდა სულები, მსგავსად იმისა, ბოკვერი რომ წოვს რძეს დედალომისგან.
ლეფთალიმი (ნაფთალიმი) სავსეა კეთილი ნებით და (23) აღსავსეა კურთხევითა უფლისა. ლეფთალიმი გამოხატავს ემანუელის მადლით სრულყოფილებას მიღწეულ ადამიანს, რომელიც არის ზეციერი მამის კეთილი ნების აღმსრულებელი. ზღვით კერძო და სამხრით დაემკვიდროს იგი. მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი. დასავლეთში სამკვიდრებელი არის ქრისტე. მის შესახებ ღაღადებდა წინასწარმეტყველი, როცა ამბობდა: აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე (ფსალ. 67:5). სამხრეთში სამკვიდრებელიც ქრისტეა, რომელიც თავის სასუფეველში წმინდანებს სავანეებს უნაწილებს.
(24) კურთხეულ იყავ შენ ძმათა შორის ასერ. ასერი ნიშნავს მგალობელთა ლოტბარს, ამიტომ ის არის დიდებისმეტყველების წამომწყები. დააწოს ზეთსა ფერხი მისი. ზეთი ნიშნავს სულიწმიდის თანამონაწილეობას, ფეხი — სიმართლის მსახურებას.
(25) რკინა და სპილენძია კამლი შენი. ამით შეგვაგონებს, თუ რაოდენ მტკიცედ უნდა იდგნენ ისინი, ვინც ღმერთს ადიდებენ და ქადაგებენ.
მოსეს სვიმეონისთვის კურთხევა არ მიუცია, რადგან ის დაწყველილი იყო მამამისისგან, იაკობისგან, სიქემელთა დახოცვის გამო. ნაცვალად იმისა, რომ შეენანა თავისი პირველი დანაშაული, მიუმატა ახალი – სალმონის ძის, ზამბრის, სახით და გაანადგურა ოცდაოთხი ათასი კაცი (რიცხ. 25:9), რომლებიც მისი ცოდვისთვის ჭირით მოიწყვლნენ. ლევიმ კი, თუმც დაიწყევლა სვიმეონთან ერთად, მაინც მიიღო კურთხევა მოსესგან: უპირველესად - ლევიტელთა მოშურნეობისათვის, რომლებმაც განგმირეს თავიანთი ძმები ხბოსადმი თაყვანისცემის გამოხატვის გამო; მეორეც – ლევიტელი ფინეზის იმ მოშურნეობისათვის, რომლითაც აღიძრა ის სალმონის ძის, ზამბრის, წინააღმდეგ და მოკლა იგი.
წინა - სარჩევი - შემდეგი