მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



მეორე რჯული


თავი 28


 

კურთხეულ იყო შენ ქალაქსა შინა (3). ამით აღინიშნება ეკლესიის შვილთა კრებული. კურთხეულ იყო შენ ველთა შენთა - ამაში იგულისხმება ქრისტეს მოწაფეთა მოღვაწეობა.

(4) კურთხეულ იყვნენ ნაშობნი მუცლისა შენისანი ეს განმარტე, როგორც წმინდა ზრახვების წარმოშობა; და ნაყოფი ქუეყანისა შენისაი — კეთილ საქმეთა ნაყოფის გამოღება; მროწეულნი ზროხათა შენთანი – ეს მოციქულებზეა ნათქვამი; და სამწყსონი ცხოვართა შენთანი – ანუ ჯვარცმულის მორწმუნეთა კრებული.

(5) კურთხეულ იყვნენ საუნჯენი შენნი და მონაგებნი შენნი. ამით შეგვახსენებს წმინდა ტრაპეზს და მასზე შემოთავაზებულ წმინდა ხორცს. და მონაგებნი შენნი – ამაში იგულისხმე სიწმინდის საფუარი.

(6) კურთხეულ იყოს შესლვასა შენსა, შესვლა ეწოდება სწავლების შედგომას. კურთხეულ იყო გამოსლვასა შენსა — ეს მიუთითებს ღვაწლის შემდგომ გვირგვინით შემკობის დროს.

(7) მტერნი შენნი ... ერთსა გზასა ზედა მოგიხდეს შენ და შვიდით გზით ივლტოდიან პირისაგან შენისა ანუ კრებული დემონებისა, რომლებიც ერთად გამოდიან შენ წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ სულიწმიდის ნიჭების ძალით იმუსრებიან.

(8) და მოავლინოს უფალმან კურთხევაი შენ ზედა და საუნჯეთა შენთა. საუნჯეში იგულისხმება ეკლესიის მოძღვართა სწავლების წვიმა.

(12) და აღგიხუნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან საფასენი იგი კეთილნი ცათანი. ამით გადმოიცემა მარადიული სულისაგან სულიწმიდის გამოსვლის შესახებ სწავლება. და მოსცეს წმაი ქუეყანასა შენსა ჟამსა შინა ეს საიდუმლოთა გამოცხადებას ნიშნავს. ავასხებდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხებდე, წმინდა ერი, რომლის სწავლებასაც ყველა სხვა ერი საჭიროებს, თავად არავისგან სესხულობს, ანუ არ უსმენს უღმრთოთა სწავლებას.

(23) და გექმნეს შენ ცა ზესკნელ თავსა შენსა ვითარცა რვალი. ეს მოხდა ელია წინასწარმეტყველის დღეებში. და ქუეყანაი ქუეშე შენსა, ვითარცა რკინა. ეს იყო მისი მოწაფის დღეებში, რამეთუ ელისეს დროს შვიდწლიანი შიმშილობა იყო დასადგურებული.

(27) და გგუემოს შენ უფალმან სალმობითა შენი მტრების წინაშე. მოსემ თქვა: იოტოს ერთმან ათასები, რაც იყო დავითის დღეებში და ორმან წარიქციის ბევრები (მეორე რჯ. 32:30), რაც გედეონის დროს მოხდა: მტერნი შენნი ... ერთსა გზასა ზედა მოგიჯდეს შენ და შვიდით გზით ივლტოდიან პირისაგან შენისა, რაც აღსრულდა დავითის, იოსაფატისა და ეზეკიელის დროს. მაგრამ, როდესაც ღვთის ერი ღმერთს ტოვებდა, ცოდავდა, მაშინ საპირისპირო ხდებოდა: თავად გარბოდა შვიდით გზით თავისი მტრებისგან, რაც ხდებოდა მსაჯულების დროს, საულის დღეებში, სირიელებისა და ბაბილონელების თავდასხმისას.

(38) თესლი დიდად განსთესო ყანობირსა შენსა და მცირედ შეიკრიბო იგი, რამეთუ შეჭამოს იგი მკალმან.

(48) და დაგდვას შენ ჯაჭვი რკინისაი ქედსა შენსა, ანუ მათზე წარმართი ხალხების მეფენი იბატონებდნენ.

(49) და მოავლინოს შენ ზედა უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავი იგი შორიელი კიდითგან ქუეყანისაით, როგორც ამის შესახებ იერემია წინასწარმეტყველი იუწყება (იერ. 5:15).

(51) და არა დაგიშთეს შენ იფქლი და ღვინოი. ეს იმ შიმშილობაზეა ნათქვამი, რომელიც იყო ალყის დროს. ამ დროს შიმშილით უამრავი ხალხი ამოწყდა.

(53) შეშჭამდე შენ ნაშობთა მუცლისა შენისათა. ესეც იმავე ალყის დროს მოხდა, როგორც მოწმობენ იერემია (იერ.19:9) და ეზეკიელ (ეზეკ. 5:10) წინასწარმეტყველები.

(60) და მოაქცინეს შენ ზედა უფალმან სალმობანი იგი მეგვიპტელთანი და სხვა მძიმე წყლულებანი (61) რომელ-იგი წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა. (62) და დაშთეთ თქუენ რიცხუთ მცირედ, რადგან დატყვევებამდე და ხმლით სიკვდილამდე ბევრი ებრაელი შიმშილისგან დაიღუპა.

(64) და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მიმართ წარმართთა. ეს მოხდა ბაბილონში, სადაც დანიელთან მხოლოდ სამი კაცი დარჩა მქადაგებელი იმისა, რომ არანაირი კერპისთვის არ უნდა ეცათ თაყვანი (დან. 3:18).

(65) მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან გული ჭუვნიერი და თუალნი ნაკლულევანნი და სული განკაფული. (66) და იყოს ცხორებაი შენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა შენთა, (68) და მიგაქციოს შენ უფალმან მუნ ვიდრე ეგვიპტედ ნავებითა, მტრის ნავებზე დაგატყვევებენ და არ იქნება ხსნა.



წინა - სარჩევი - შემდეგი