ამანიტელი და მოაბელი ნუ შევლენედ სახიდ უფლისა ვიდრე ათამდე ნათესავად (4) (5) არამედ სასყიდლით მოიყვანეს ბალამ, ძე ბეორისი, შორის მდინარეთა მათ წყევად თქუენდა. მატყუარა ბალაამი, როცა გზად მიდიოდა, ცბიერებით ამბობდა: სიტყუაი, რომელ მომცეს მე ღმერთმან პირსა ჩემსა, ესე ვთქუა (რიცხ. 22, 38). ამონიტელები გამოხატავენ წარმართებს, მოაბელები მწვალებლებს. იდუმელების შესახებ ნათქვამია: (8) მესამე იგი ნათესავი შევიდეს სახლსა უფლისასა, იმიტომ, რომ იდუმელს არავინ დაუქირავებია შენს დასაღუპავად. ეგვიპტელების შესახებაც ასეა ნაბრძანები: მესამე იგი ნათესავი შევიდეს სახლსა უფლისასა; მართალია, ბოლო დროს დიდი ზიანი მოგვაყენეს, მაგრამ იოსების დროინდელი სიკეთეც უნდა გვახსოვდეს მათგან. „მესამე იგი ნათესავი“, ანუ მას შემდეგ, რაც დაუტევებდნენ თავიანთი მამების უწმინდურ ჩვეულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შევა მეათე იგი ნათესავი, ანუ მეათე თაობა.
(13) და მანაი ერთი იყავნ გამობმულ სარტყელსა შენსა და სადა-იგი დასდგე, აღმოსთხარო და დაჰფარო საძაგელება. იგი სარცხვინელისა მის შენისაი, „მანა“ (ბარი) ნიშნავს სინანულსა და გულშემუსვრილებას. გონიერი სული ცრემლებში მალავს ცოდვებს, ამ სულიერ უწმინდურობას. „სარტყელს“ უწოდებდა ან მცნებებს, ან წმინდა საიდუმლოებების მადლმოსილ ძალას, რომელიც სულისთვის მძლავრი იარაღია.
(15) მონაი რომელ შემოვედრებულ იყოს შენდა, ნუ მისცემ ხელთა უფლისა თვისისათა. თუ ვინმე წარმართი, მაგალითად, სპარსელი მონობაში იყო იდუმიელთან და შენთან გამოიქცა, არ გადასცე თავის პატრონს. ამის თაობაზე ჰქონდა სოლომონს ნაუწყები: მონაი რომელ შემოვედრებულ იყოს შენდა, ნუ მისცემ ხელთა უფლისა თვისისათა (იგავნი 30:10). ეს შეიძლება მოვიაზროთ იმ სულზე, რომელიც ეშმაკს გამოექცა.
(18) ნუ შესწირავ შენ სასყიდელსა სიძვისასა, ნუცა ნაცვალსა ძაღლისასა სახიდ უფლისა ღმრთისა შენისა. სიძვის სასყიდელია მწვალებლების მარხვა, ლოცვა და მოწყალება. ძაღლის ფასი წარმართებისა და იუდეველების გულმოწყალება და შესაწირავია. რჯულმდებელი ამით შეგვაგონებდა, რომ მათი აღთქმები არ იყო ღვთისთვის სათნო.
(25) შთა-თუ-ჰხდე ვენახსა მოყუსისა შენისასა ჭამად ყურძნისა, ჭამე, რავდენცა უნდეს სულსა შენსა, წიაღთა ნუ ჩაიდებ, ნუცა სხუასა რას ჭურჭელსა. დაე, გაძღეს შენი მშიერი მუცელი, მაგრამ ცარიელი დარჩეს შენი ტომარა და შენმა აზრმა ვერ დაიტიოს სიცრუე.
(24) შთა-თუ-ჰხდე ყანასა მოყუსისა შენისასა თავისკრებად, მანგლითა, ნუ მოჰმკი ყანასა მას მოყუასისა შენისასა. გაიწვდინე ხელი შიმშილის მიზეზით, მაგრამ ნამგალს ნუ მოიქნევ, რადგან ამით სიხარბეს წარმოაჩენ.
წინა - სარჩევი - შემდეგი