ნუ უგულებელს–ჰყოფ ზროხასა გინა ცხოვარსა შეცთომილსა ძმისა შენისასა, ნუ უდებ–ჰყოფ, არამედ მოქცევით მოაქციოს იგი და მისცე ძმასავე შენსა (1) დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ მტრისადმი სიძულვილით აღძრულ ადამიანს ეს სიძულვილი მის საქონელზეც გადააქვს, მაგრამ, თუკი შენთვის ნაბრძანებია, რომ გულმოწყალე უნდა იყო საქონლის, ცხვრებისა და ფრინველების მიმართ, მაშინ რაოდენ უფრო გულმოწყალე უნდა იყო ადამიანებისადმი?
(6) უკუეთუ ჰპოვნე შენ მართუენი მფრინველისანი ბუდეთა ზედა ხესა ზედა, ანუ ქუეყანასა ზედა - მართუენი ანუ კუერცხნი, და დედა იგი ზედა ჯდეს, ანუ აცხობდეს, ანუ ზრდიდეს, ნუ წამოჰკრებ მართუეთა დედითურთ, იმიტომ, რომ, თუკი დედაფრინველს ცოცხალს დატოვებ, მას კიდევ შეუძლია ბარტყების ყოლა; ხოლო თუ ბარტყებს დატოვებ და დედას წაიყვან, ისინი დაიხოცებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ბარტყებს დედითურთ წაიყვან, მაშინ შენსავე მიწაზე ფრინველებს გადააშენებ. კანონი განგიწესებს ფრინველების სიყვარულს, ამიტომ დაფიქრდი, რაოდენ მეტ სიყვარულს მოითხოვს ის შენგან ადამიანების მიმართ? ამასთან, დაიმახსოვრე ეს გამოთქმაც: ვისაც მკვლელი უყვარს, ის არ ზრუნავს საზოგადოების კეთილდღეობაზე; და სხვაც: ვისაც მკვლელი უყვარს, ის სიძულვილს ავლენს მოკლულის მიმართ და ხელს უშლის ცოცხალთა კეთილდღეობას, რადგან მათ შიშში ამყოფებს.
(8) იშენებდე თუ სახლსა ახალსა, ბედედად არდაბაგი გარემოს მოაქმნე კედელთა მის წილ. ახალი სახლი – სახარებაა, გალავანი – ქრისტეს მცნებები.
(11) ნუ შეიმოს სამოსელსა, რომლისა მატყლი და სელი შერეულად მოქსოვილ იყოს. რჯულმდებელს სურდა, რომ მისი ერი სამოსლითაც კი ბევრად განსხვავებული ყოფილიყო წარმართი ხალხებისგან.
(13) უკუეთუ ისუას ვინმე ცოლი, (14) და მიზეზსა დასდებდეს მას და სახელსა ბოროტსა განუხდიდეს მას და თქუას: არა ქალწულ არს დედაკაცი ესე. თუ ქალი მართლაც დამნაშავე იყო მრუშობაში, ქვებით უნდა ჩაქოლილიყო, ხოლო, თუ ტყუილად იყო ქმრისგან დადანაშაულებული, მაშინ ქმარს ასი შეკელი ვერცხლი უნდა გადაეხადა. თუ ქმარი მდიდარი იყო, ამ ჯარიმის შემდეგ ის უპატიობას ექვემდებარებოდა, ხოლო თუ ღატაკი იყო, მაშინ უპატიობასაც ექვემდებარებოდა და თავისთვისაც გამოსასყიდს იხდიდა. ხოლო თუ ცოლის გაშვებას ვერ შეძლებდა და მას წამებას დაუწყებდა, ამისთვის უნდა დასჯილიყო. კანონი იმასაც ითვალისწინებდა, რომ ქმარს, შესაძლოა, იმის გამო, რომ ცრუ ბრალდებით ვერ მოეხერხებინა ცოლის სიკვდილით დასჯა, შეეძლო მოეკლა ის სიძულვილით, ამიტომ ნებას რთავდა, მიეცა მისთვის განტევების წიგნი და სახლიდან დაეთხოვა. ამიტომაც ამბობს უფალი ჩვენი: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათვის გიბრძანა განტევებაი ცოლთა თქუენთაი, ... თვინიერ სიძვისა (მათე 19:8-9).
(22) და-თუ ვინმე–ეპყრას მამაკაცი ქმრისცოლისა თანა სიძვასა, მოსწყდნეთ ორნივე იგი ერთად. (24) მოისპენ ბოროტი იგი თქუენ შორის. ორივე სიკვდილით უნდა დასჯილიყო. ცოლი იმისათვის, რომ ურცხვად მოიქცა, რამეთუ გათხოვილმა უცხო კაცი მოისურვა; მრუში კაცი კი — შეეძლო, არ ემრუშა და თავისი ცოლის ქმარი ყოფილიყო. ასევე, სიკვდილით უნდა დასჯილიყო ის, ვინც დაწინდულ ქალწულს შეერთვებოდა, რამეთუ მახვილს სწყუროდა იმის სისხლი, ვისთვისაც ტკბილი იყო მოპარული წყალი (იგავნი 9:17).
წინა - სარჩევი - შემდეგი