ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, აიძულებდნენ აარონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგვიპტით, არა ვიცით, რაი შეემთხვა მას (1) განა მოსე თქვენი თანდასწრებით არ ავიდა მთაზე, თქვენ თვალწინ არ შევიდა ღრუბლებში? ადით მთაზე და თუ ვერ იხილავთ იქ ვერც მოსეს და ვერც იესოს, მაშინ ისე მოიქეცით, როგორც გინდათ. თუკი თქვენთან არის მანანა, თქვენთან არის მწყერი, თქვენთანაა სვეტი და ღრუბელი, მაშ, როგორ არ არის თქვენთან მოსე, როცა ყველაფერი თქვენთანაა, რაც კი მისი ხელით ქმნილა? აარონი ეკამათებოდა ხალხს, მაგრამ ნახა, რომ მისი ჩაქოლვა უნდოდათ, როგორც ჰორი ჩაქოლეს. მოსემ, როცა მთაზე ადიოდა, ერის უხუცესებს უთხრა, მისულიყვნენ სადავო საკითხების გადასაწყვეტად (გამოს. 24:14). ამის შემდეგ ჰორი აღარ მოიხსენიება. ამიტომაც ამბობენ, რომ აარონის წინააღმდეგ ამბოხის დროს, როცა კერპი იქნა ჩამოსხმული, იგი მოაკვდინეს, რადგან ებრაელებს ღმერთის ღალატში უშლიდა ხელს.
იმ მიზნით, რომ სიკვდილი აერიდებინა და ებრაელები მისი (აარონის) მოკვლისათვის არ დასჯილიყვნენ, ასევე ერთი ხბოს ნაცვლად ბევრი კერპი არ გაეკეთებინათ და ეგვიპტისკენ არ აეღოთ გეზი, თუნდაც რომ თვით ეგვიპტეში არ შესულიყვნენ, აარონმა მოხერხებულად იმოქმედა და ისრაელიენებს დაავალა: (2) გამოჰხადეთ საყურეები ოქროისაი ყურთაგან ცოლთა თქუენთასა და ასულთა თქუენთაისა და მომიღეთ მე; იმედოვნებს, რომ ცოლებს ან ოქროულობა დაენანებათ, ან ღვთის შიში აღძრავთ და გადააფიქრებინებენ ქმრებს კერპის ჩამოსხმას. თუმცა ჩვენ ვკითხულობთ: (3) გამოიხადა ყოველმან ერმან საყურები ოქროისაი ყურთაგან მათთა და მოართუეს აჰრონს. რამდენადაც ძვირფასი იყო ეს საყურეები, როდესაც ეგვიპტელებს ართმევდნენ, იმდენად ძვირფასი გახდა ახლა მათთვის კერპი და მის ჩამოსასხმელად გაიღეს მთელი ძვირფასეულობა. მოქანდაკეებმა აიღეს ოქრო, გადაადნეს, ხბო გამოძერწეს და უთხრეს: (4) ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაილ, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჯპტით. ასე უარყვეს ებრაელებმა ღმერთი, რომელმაც სასწაულები აღასრულა მათთვის ზღვასა და ხმელეთზე, და ხბოს, რომელიც შეიყვარეს, მიაწერეს ის, რაც არ გაუკეთებია. ნათქვამი, რომ აარონს შეეშინდა და ხბოს საკურთხეველი მოუწყო, სარწმუნოს ხდის, რომ ჰორი მოკლეს, როცა ხალხი აიძულებდა მათ, მღვდელმოქმედება აღესრულებინათ ხბოს წინაშე. მაგრამ აარონმა, მთიდან მოსეს ჩამოსვლამდე, დროის გაყვანის მიზნით, თქვა (5) დღესასწაული არს უფლისაი ხვალე. და დილიდანვე შეწირეს ხბოს მსხვერპლი. ისინი, ვინც ჭამდა მანანას, სვამდა მოსეს მიერ კლდიდან გადმოდენილ წყალს, დაცული იყო ღრუბლის ქვეშ ახლა (6) აღდგეს სიმღერად ხბოს წინაშე. (7) და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ანუ ჭეშმარიტების ღმერთმა უთხრა ერის ღმერთს: („ერის ღმერთში“ ღირსი ეფრემ ასური წინასწარმეტყველ მოსეს მოიაზრებს. ისრაელიანთათვის იმდენად დიდიდ იყო მოსეს ავტორიტეტი, რომ მას ხალხისთვის უფლის სადარი პატივი ჰქონდა. სწორედ ამ მოსაზრებას ეყრდნობა ის ეგზეგეზა, რომ განმათავისუფლებელ მოსეს საფლავი, იმიტომაა დაფარული კაცთაგან, რომ ის არ გაეღმერთებინათ: „აღუკრძალე მათ სახელითა ღვთისათა, რათა არა კადნიერ იქმნას გამოჩენად დაფარულისა გვამისა განსვენებულისა ისარელთა ერის წინამძღოლისა მოსესი, ღვთად შერაცხვით მგრძნობელთა ძეთა ისრაელისათა“. დაუჯდომელი საგალობლების კრებული, მიქაელ მთავარანგელოზის დაუჯდომელი, იკოსი 11, „გვირგვინი“, თბილისი, 2007, გვ. 110.)
უშჯულო იქმნა ერი შენი, რომელი გამოიყვანე ქუეყანით ეგვპტით. (8) იქმნეს თავისა მათისა ხბოი და თაყუანის-სცეს მას და თქუეს: ესე არიან ღმერთნი შენნი, ისრაელ, რომელთა აღმოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგვპტით. ღმერთმა ეს გამოუცხადა მოსეს, რათა სალოცავად აღეძრა. ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, შემაკავე, რათა არ დავღუპო ისინი, უთხრა (10) აწ მიშუ და აღვხოცნე იგინი. ღმერთს რომ ნდომებოდა ამ ერის დაღუპვა, მაშინ არ განუცხადებდა ამას იმ ადამიანს, ვინც მზად იყო ერისთვის ეშუამდგომლა. ამიტომ, რაკი ღმერთმა მოსეს განუცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ჰქონია ამ ერის დაღუპვის განზრახვა. ამგვარად, ღმერთმა ჯერ გადაწყვიტა, ეპატიებინა ამ ხალხისთვის და მერე აღძრა მოსე მათთვის სალოცავად. მაგრამ იმისათვის, რომ ცოდვა მოუნანიებლად არ ყოფილიყო მიტევებული და შენდობას უფრო დიდი ზიანი არ მოეტანა ებრაელებისთვის, უთხრა, რომ დაღუპავდა მათ. ეს იმიტომ, რომ, როცა მოსე მათთვის ლოცვას აღავლენდა და ცოდვა მიტევებული იქნებოდა, თვით მიტევება დიდად იქნებოდა დაფასებული ებრაელების თვალში და მათთვის მლოცველი ამაღლდებოდა მათს აზრში. როდესაც მოსემ ლოცვითა და მამების მოხსენიებით გულმოწყალე-ჰყო ღმერთი მთაზე, მაშინ იესოსთან ერთად (15) მოიქცა მოსე და გარდამოვიდოდა მიერ მთით და ორნი იგი ფიცარნი წამებისანი ხელთა მისთა. (17) ესმა ისოს, ... და ჰრქუა მოსეს: ხმაი ბრძოლისა მესმის ბანაკსა მას იესო რომ მთელი ეს დრო ბანაკში ყოფილიყო, მაშინ ამას არ იტყოდა, რადგან ეცოდინებოდა ხბოს ჩამოსხმის ამბავი. არც მაშინ იტყოდა ამას, მოსესთან რომ ყოფილიყო, რადგან გაიგონებდა ღმერთის სიტყვებს მოსეს მიმართ: უშჯულო იქმნა ერი შენი. ამიტომ ნათელია, რომ იესო არც მოსესთან ყოფილა და არც ხალხთან, ის სადღაც მათ შორის რჩებოდა. ანუ შვიდი დღე მასწავლებელთან იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც უფალმა მოსეს მოუხმო, უკვე მარტო დარჩა, მის გარეშე.
(19) და ვითარცა მიეახლა მოსე ბანაკსა მას, იხილა ხბოი იგი და მძნობრები და განრისხნა მოსე გულის-წყრომით და განუტევნა ხელთაგან თვისთა მთიდან ჩამოტანილი ორნი იგი ფიცარნი და შემუსრნა იგინი მთასა მას ქუეშე, – რაღა საჭირო იყო მცნებები იმ ერისათვის, რომელმაც რჯულმდებელი ხბოზე გაცვალა? რადგანაც მოსემ არ იცოდა, ვინ ჩამოასხა ხბო, ამიტომ (20) დაწუა იგი ცეცხლითა და დამუსრა იგი მწულილად და შთააბნია მტვერი წყალსა მას და ასუა ძეთა ისრაელისათა. ვინც დამნაშავე იყო ხბოს ჩამოსხმაში, გასივდა მისი ნაცრისგან; მართალია, ოქროს საყურეები მთელმა ერმა გაიღო, მაგრამ იყვნენ ისინიც, ვინც ეს შიშით გააკეთა, როგორც თავად აარონმა აუგო მათ სამსხვერპლო. ამიტომ ხბოს ნაცარმა მხოლოდ ისინი გაასივა, ვინც ეს საქმე ჩაიფიქრა და სხვები აღძრა, მოეთხოვათ მისი შესრულება.
(26) დადგა მოსე ბჭეთა თანა ბანაკისათა და თქუა: ვინ არს უფლისა კერძო, მოვედინ ჩემდა და მოვიდეს მისა ყოველნი ძენი ლევისნი. (27) და ჰრქუა მათ: ამას იტყვის უფალი ღმერთი ისრაელისაი: შეიბნ კაცად-კაცადმან მახვილი წელთა თვისთა. ღმერთს არ უთქვამს ეს მოსესთვის, თუმცა ამაზე ბევრად მეტი უთხრა, სანამ მოსე გულს მოულბობდა, რადგან მას შემდეგ, რაც მოსემ ღვთის მოწყალებას მიაღწია, ნათქვამია: (14) ლხინება-ყო უფალმან ბოროტისა მისთვის ერისა, რომელ თქუა ყოფად მათა. მთაზე მოსე მლოცველია, მთის ძირში კი – დამსჯელი; მართლმსაჯულების წინაშე იგი წყალობის გამომთხოველია, ბანაკში მოშურნე, რადგან როცა სჯის, ამით ღვთის განაჩენს ასრულებს. განვლეთ და მოაქციეთ ბჭითი-ბჭედ ბანაკისა მაგისგან, და მოკლან კაცად-კაცადმან ძმა თვისი და კაცად-კაცადმან მოყუასი თვისი და კაცად-კაცადმან მახლობელი თვისი, – მოკალით ყველა, ვისზეც ხბოს ნიშანი ჩანს, როგორი ახლობელიც უნდა იყოს: ძმა, შვილი თუ მამა. (28) და ყვეს ძეთა ლევისთა, ვითარცა ეტყოდა მათ მოსე. და დაეცნეს მას დღესა შინა სამ ათასნი კაცნი.
(31) მოიქცა მოსე უფლისა და თქუა: გევედრები, უფალო, ჭეშმარიტად ცოდა ერმან ცოდვაი დიდი. (32) აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ, უკუეთუ არა, აღმხოცე მეცა წიგნისა მისგან, რომელსა დამწერე. ჩემთვის უმჯობესია მომავალი ცხოვრების დაკარგვა, ვიდრე ვიხილო ამ ერის დაღუპვა. მოსე, როდესაც ერის გადარჩენისთვის სიკვდილს ითხოვდა, ამით ძე ღვთისას სიკვდილს გამოხატავდა, რაც მთელი კაცობრიობისთვის მოხდა (34) აჰა ესერა, ანგელოზი ჩემი წარგიძღუეს წინაშე პირსა შენსა, — ჩემ ნაცვლად ანგელოზი წაგიძღვება. რომელსა დღესა მოვიხილო, მოვჰხადო მათ ზედა ცოდვა მათი. ამით არა მხოლოდ ამხნევებდა, არამედ აფრთხილებდა და აშინებდა კიდევაც ერს. და ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, ფრთხილად იყავით მასთან, სახელი ჩემი არს მას ზედა (გამოს. 23:20-21). ვინაიდან ის ღვთის საქმეს აღასრულებს, ამიტომაც არის ღვთის სახელით წოდებული.
წინა - სარჩევი - შემდეგი