თავი 30
|
ქმენ ემბაზი რვალისა (18). ეს ემბაზი, რომელიც განსაბანად აღიმართა მოწმობის კარავსა და სამსხვერპლოს შორის, სულიერ საბანელს განასახიერებს, რომელშიც სული განიბანება რა ცოდვებისგან, განიმზადება შიდა კარავში შესავლელად. (23-24) და შენ მოიხვენ სულნელი საუკეთესო: ყვავილი ზმვირნისა რჩეულისა ხუთასი სიკილა და კინამო. საკუმეველი და კალამი სულნელთა და ზეთი ზეთთაგან. ეს არის ემანუელის განკაცების სახე-სიმბოლო: სხეული, რომელიც შედგება ოთხი სტიქიისაგან; აგრეთვე სიმბოლოა იმისა, რომ ყოველივე ემანუელშია მოცული. ამაში ჩანს ასევე გონებით განსაჭვრეტი ხუთი რამ: შემოქმედი, გონიერი არსებანი, გრძნობით დაჯილდოებული არსებანი, გრძნობას დაქვემდებარებული არსებანი, დაბოლოს, ყველა ქმნილების ცხოვრების ჟამი. მისი მსგავსი მირონი (32) არა იყოთ თქუენ თავთად თქუენთად, რადგან ემანუელი ერთია. (34) მიიხუენ თავისა შენისად სულნელნი, სტახსი და ფრცხილი და ქალბანა სულნელისა და გუნდრუკი მჭუნვარე. ამით ასევე გამოიხატება ემანუელი, რომელიც მოუხმობს ყველა წმინდანს სულნელებასა ნელსაცხებელთა მისთასა (ქებაი ქებ. 1:4), განაახლებს მათ თავით თვისით, ჰყოფს თავის მსგავსებად და შეჰყვას თავისთან ერთობაში. |