მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 29


 

და მოიბა ხბო ზროხათაგან ერთი (1) (2) და პური უცომო, შესუარული ზეთითა, სამინდოსაგან იფქლისა ჰქმნე იგი. (3) და დააგო იგი ლანკანსა ერთსა ზედა. (13) და მოიღო ყოველი ცმელი მუცლისზედაი და ყური ღვიძლისაი და ორნი თირკუმელნი.

მსხვერპლად შეწირული ხბო, ვერძი და კრავი აჩვენებს წმინდანთა სრულყოფილების საზომისა და სინდისის მომზადების სამ ხარისხს. პირველი ხარისხი [სულიერ] სიმაღლეს მიღწეულთათვისაა განკუთვნილი; მეორე, საშუალო ხარისხი, ეკუთვნის იმათ, ვინც პირველზე დაბლაა; მესამე, უმდაბლესი ხარისხი კი ახალდამწყებთა აღმნიშვნელია. სამსხვერპლო ცხოველთა სხეულის სიდიდით გამოიხატება სულიერი სიმტკიცის ხარისხი: ხბო, როგორც ცხოველი, ყველაზე დიდია და უმეტეს სიმტკიცეს გამოხატავს; კრავი, როგორც პატარა ცხოველი, ნაკლები სიმტკიცის გამომხატველია. უცომო ხმიადები წმინდა და უზაკვო ცხოვრებას ნიშნავს; ზეთში შესვრილი და ტაფაზე გამომცხვარი ხმიადი წმინდანთა მხიარულებასა და ტკბილ ცხოვრებას აღნიშნავს; უცომო პური – უბიწო ცხოვრებას; თირკმლები – სხვადასხვა ზრახვას, რადგან სხეულში ისინი ასრულებენ სითხის გამომყოფ ფუნქციას. თირკმელზე ცმელი (ქონი) ნიშნავს სულიერ მოქმედებასა და ზრახვათა მოძრაობას. ღვიძლის ცმელზე ამბობენ, რომ ღვიძლში მდგომარეობს ავხორცობის საწყისი. ამიტომ უნდა შევწიროთ ღმერთს ღვიძლისა და მუცლის ცმელი, როგორც ყოველგვარი ავჟინიანობის წყარო.

(20) მოიღო სისხლი მისი (ვერძის), და სცხო ყურის ძირსა აჰრონისსა მარჯუენესა, და თითთა ხელსა მარჯუენისა მისისათა, და თითთა ფერხისა მარჯუენისა მისისათა და ყურის ძირთა ძეთა მისთასა მარჯუენეთა, თითთა ხელთა და ფერხთა მათისა მარჯუენისათა. ყურებზე პკურებული ვერძის სისხლი სრულყოფილთა სიწმინდეს ნიშნავს; ხელებზე პკურება – მართალთა ხარისხს; ხოლო ფეხებზე პკურება – მონანულებს. ზოგიერთის აზრით, ყური ზეციურ არსებებს აღნიშნავს, ხელები – მიწიერ არსებებს, ფეხები – მოკვდავ სხეულებს. ასევე ამბობენ, რომ ყური აღნიშნავს მორჩილებასა და დაჯერებას, ხელები – კეთილი საქმეების ქმნას, ფეხები — სიკეთისაკენ სწრაფვას. აღსანიშნავია, რომ სამსხვერპლო სამია: ერთი, რომელიც ამჟამად გვაქვს, მეორე, ზეციური, რომელიც გველოდება და მესამე – სამსჯავროს საყდარი ცოდვილთა დასასჯელად. (40) მეათე ნაწილი სამინდო ფქვილი, ზეთითა ზავებული, ემანუელის სხეულს ნიშნავს, რომელშიც არ არსებობს სულიერი ნარჩენი, რადგან ცოდვასთან უზიარებელია. (39) ერთი იგი ტარიგი ჰყო განთიად და მეორე ტარიგი ქმენ მიმწუხრად. ერთიცა და მეორე ტარიგიც ჩვენს მაცხოვარს გამოხატავს. დილით დაკლული ტარიგი წმინდანებისთვის ქრისტეს სიკვდილს გამოხატავს, ხოლო საღამოს დაკლული – ცოდვილებისთვის. (40) ზომა მეოთხედისა ნაწილისა სხუა, დათხეული დიდი ნაწილი სხუა და ღჯნო ერთსა მას თანა ტარიგსა. აქ იგულისხმება ოთხი სტიქია და ემანუელის სხეული, რომლისგანაც გადმოდინდა პკურებულთა განსაწმენდელი წმინდა საღვრელი.



წინა - სარჩევი - შემდეგი