ოქროსფერი ეფოდი, ოსტატურად დამზადებული ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისაგან (6), ემანუელს გამოხატავს. ეფოდის (7) ორნი საბჯარნი ან ორ ერს გამოხატავს (ღვთისას და წარმართს), ან მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, ანდა ზეციერ და მიწიერ ძალებს. (9) ორნი ქვანი სამარაგდონნი, რომლებზეც ამოტვიფრულია ისრაელის ძეთა სახელები და რომლებიც დაბრძანებულია ეფოდზე, ორ აღთქმას აღნიშნავს. ბისონის კვართი (39) ნიშნავს სიმართლის სამოსელს; ჭრელი სარტყელის გაკეთება – სიმართლის აბჯრით შემოსვას და წელზე ჭეშმარიტების შემორტყმას (შდრ. ეფეს. 6:14.), რომლებითაც ხდება სულის შეკავება მიწიერი ზრახვებისგან. (37) ჯაკინთსა ქუეშე გრეხილსა. გრეხილი (თასმა) სიყვარულს ნიშნავს. გააკეთა ჯიღა – სიწმიდის გვირგვინი – ხალასი ოქროსაგან (გამოს. 39, 30). გვირგვინი, გამარჯვების სიმბოლო, ქრისტეს გამარჯვებას ნიშნავს და იმიტომ არის ნათქვამი: „ხალასი ოქროსგან“, რომ ქრისტეს გამარჯვება არის სრულყოფილი და საბოლოო.
(15) გააწყვე განკითხვის სამკერდული (16) ოთხკუთხედი უნდა იყოს, ორკეცი. სიგრძით ერთი მტკაველი, სიგანითაც ერთი მტკაველი. (17) ოთხრიგად გააწყვე მასზე თვლები თავის ბუდეებით; ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი. (18) მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი; (19) მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო(20) მეოთხე რიგი: ქრიზოლითი, ონიქსი და ბერილი. ქვების ოთხი რიგი გამოხატავს სულიერ ისრაელში ხარისხთა ოთხ დასს, ხოლო ქვების ფერი მიუთითებს ამ ხარისხთა სახეობას, ღირსებასა და მსახურებას. ეს თვლები ჩაქსოვილი იყო სამსჯავრო სიტყვაზე და მათით მღვდელთმთავრის სამკერდული იყო გაწყობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც ეს ნიშნები ახლოს იყო მღვდელთმთავრის მკერდთან, ასევე ყველა აზრი თითოეული გონიერი არსებისა ახლოსაა ემანუელის შეცნობასთან. ხოლო ის, რომ მღვდელთმთავარი მკერდზე სამსჯავრო სიტყვას ატარებდა, ნიშნავს, რომ ემანუელი ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულია. მოსასხამის კალთებზე ამოქარგული იყო ბროწეულები, მათ შორის კი - ოქროს ეჟვნები. ეს ბროწეულები აღნიშნავენ წარმართ ერებს, ხოლო ეჟვნები – მოციქულებსა და ეკლესიის მოძღვრებს, რომლებიც ქადაგებენ და შეაგონებენ. და კიდევ, ბროწეულებში ჩანს, რომ წარმართი ერები ძის დახმარებით ცხოვრობენ. ეჟვნები კი მიანიშნებს, რომ ემანუელის ეკლესიაში მახარებლებისა და მქადაგებლების ხმა ყველაზე წკრიალა და წრფელია ყველა ხმას შორის. განმეორებითი აღწერა კარვის ჭურჭლებისა, კიდობნის მოწყობისა, ტრაპეზისა, სასანთლეებისა და სხვა დანარჩენისა, გვამცნობს, რომ, როდესაც ემანუელი დიდებით მოვა და თავის სამეუფეო საყდარზე დაბრძანდება, მაშინ გაცხადდება თითოეული ადამიანის საქმე და მიეზღვება საკუთარი საქმისამებრ. რა საქმეებითაც წარსდგებიან ისინი სამსჯავროზე, იმის მიხედვით განესაზღვრებათ ადგილი გონებით წარმოსადგენ კარავში. ვინც მოწყალების საქმეს წარმოაჩენს, როგორც ოქროს, ის კარვის შიგნით შევა, ვინც წარსდგება მარხვითა და ლოცვით, როგორც ვერცხლით, ისინიც მათ მიჰყვებიან; ასევე დაიმკვიდრებს თითოეული საკუთარი ცხოვრების შესაბამის ადგილს.
წინა - სარჩევი - შემდეგი