აღაშენა მოსემ საკურთხეველი (4) და (5) წარავლინნა ჭაბუკნი ძეთა ისრაელისათანი, აარონის ძენი, რომელთაც ყოვლადდასაწველის მსხვერპლისთვის ხბოები უნდა მოემზადებინათ, რადგან მღვდელმოქმედებისათვის არ იყვნენ ჯერ ცხებულნი. როცა მოსემ (7) მოიღო წიგნი აღთქმისა მათ წინაშე და წარიკითხა: რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ, მაშინ (8) მოიღო მოსე სისხლი, აპკურა ერსა და თქუა: აჰა სისხლი აღთქმისა, რომელშიც თქვენ შეხვედით, როცა თქვით: ყოველი, რაოდენი თქუა უფალმან, ვყოთ და ვისმინოთ. აღთქმის ეს სისხლი სახარების საიდუმლოს წინასახეა, რომელიც ქრისტეს სიკვდილით მიენიჭა კაცობრიობას.
(9) და აღვიდა მოსე და აჰრონ ორ ძესთან ერთად და სამეოცდაათნი მოხუცებულთაგანი (10) და იხილეს ღმერთი და ქუეშე ფერთა მისთა, ვითარცა ნაქმარი ქვაფენილი საპფირონისა და ვითარცა სახე სამყაროსა ცისა სიწმიდითა. ეს ქვაფენილი ებრაელ ხალხს ეგვიპტის მონობას ახსენებდა, როცა ისინი გამომწვარ აგურებს ამზადებდნენ; საპფირონი – ზღვის გაყოფას; მოწმენდილი ცის ფერი კი მათ შეახსენებდა, რომ არ მიეღოთ მეძავის აღმგზნები სახე. (11) და რჩეულთაგანი არა ხუებულ იქმნა არცა ერთი, რადგან ისინი წინასწარმეტყველებისთვის კი არ მოიწვიეს, არამედ ხილვისათვის, თუმცა შემდგომში მათ ღმერთმა წინასწარმეტყველებაც მიანდო. (12) და მიგცნე შენ ფიცარნი ქვისანი. მისცა მათ ღვთის თითით დაწერილი ფიქლები, რათა ღვთის მცნებები დაეცვათ იმიტომ მაინც, რომ, უშუალოდ, ღვთის მიერ იყო დაწერილი. (13) და აღდგა მოსე და ისო, ... აღვიდეს მთასა ღმრთისასა და (16) უწოდა უფალი მოსეს დღესა მეშვიდესა საშუალით ღრუბლისათ, და მთელმა ისრაელის სახლმა უფლის დიდება იხილა.
წინა - სარჩევი - შემდეგი