მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 31


 

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: შურს იგებდა შურისგებასა ძეთა ისრალისათასა მადიანელთაგან (1-2). მადიანელთა ხუთ მეფეში უნდა ვიგულისხმოთ ცოდვის ხუთი იარაღი, რადგან ადამიანში, ნებისმიერი ცოდვის შესასვლელად, ხუთი კარი არსებობს: მხედველობა, სმენა, გემოვნება, ყნოსვა და შეხება. ფინეზის მიერ ამ ხუთი მეფის მოკვლაში სახე-სიმბოლოს ვხედავთ ემანუელის მოქმედებისა, რომელმაც ცოდვის ძალა უკიდურესად დააძაბუნა. ამ ხუთი კარის შესახებ კი იერემია წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ: რამეთუ აღმოვიდა სიკვდილი სარკმელთა თქუენთაით და შევიდა ქუეყანად მიმართ თქუენად (იერ. 9:1). აქ წინასწარმეტყველი სარკმლებით გრძნობებს აღნიშნავდა.

(6) ჭურჭლები წმიდაი და ნესტუები უწყებისაი ხელთა შინა ფინეზისა. საუწყებელი (საყიჟინო) საყვირები, კიდობანს წინ რომ უძღვოდა, წინასწარმეტყველებს გამოხატავს. ისინი ღაღადებდნენ: ემანუელი მოდის! ხოლო მესაყვირენი, ვინც კიდობანს მიაცილებდა, გამოხატავს მახარებლებს, რომელნიც ქადაგებდნენ: მოვიდა ემანუელი!

ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა, თუთია და ტყვია - ყოველივე საქმარი, რომელი შევიდეს ცეცხლსა, განწმიდნეს (22-23).

ცეცხლით გაწმენდილი ოქროს ჭურჭელი მოციქულებს გამოხატავს, ვერცხლისა კი – წინასწარმეტყველებს. სპილენძის, რკინის, თუთიისა და ტყვიის ჭურჭლებში ეკლესიის მოძღვრები იგულისხმებიან, რადგან ისინი სულიწმიდის მადლს იღებენ, მაგრამ უფრო ნაკლები ზომით, ვიდრე მოციქულები და წინასწარმეტყველები. წყლით გაწმენდილი ჭურჭლები ნათელღებულებსა და კათაკმევლებს გამოხატავს.

(48) და მოვიდეს მოსესა ყოველნი ზედამდგომელნი ათასისთავთა მათ ძალისათა, ათასისთავნი და ასისთავნი. (49) და ჰრქუეს მოსეს: (50) და აწ მოგვიღებიეს. ძღუნად უფლისა, კაცმან რომელმან პოვა ჭურჭელი ოქროისაი, მანიაკი და სალტე და სხვა. ეს იმ „რჩეულ ჭურჭლებს“ ნიშნავს, რომელნიც მოციქულებმა უფალთან წარმართი ერებიდან მიიყვანეს. ასევე, თავად მოციქულები, წინასწარმეტყველები და მოძღვრები იწოდებიან „ოქროს ჭურჭლებად“

როგორც მოსემ და ელიაზარმა (54) შეიღეს იგი (ეს ოქროულობა) კარავად საწამებელისად, ზუსტად ასევე ემანუელმა, განსწავლა რა მოციქულები და წმინდანები, შეიყვანა ისინი ზეციური კარვის სანუკვარ დიდებაში.

(30) მოიღო ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და ზროხისაგანი და ცხოვარისაგანი და ვირთაგანი და ყოვლისაგან საცხოვრისა და მისცე იგი ლევიტელთა, როგორც უფლისთვის განსაზღვრული ნაალაფარი ცხვარი ყველაზე მეტი იყო, ვინაიდან ეკლესიაში სიჭარბეა განსწავლის საჭიროების მქონე უბრალო ადამიანთა, ვიდრე ბრძენთა, ძლიერთა და წარჩინებულთა (შდრ. 1 კორ. 1:26).

ხარები გამოხატავენ წინასწარმეტყველებს, მოციქულებსა და მოძღვრებს, ვირი – სამართლიან და სიკეთის მქმნელ ადამიანს; ხოლო (35) სულები კაცთაი დედებისაგანი, რომელთა არა იცოდეს საწოლი მამაკაცისაი, ნიშნავს მონანულთა და უმდაბლეს საფეხურზე მდგომთა შრომასა და გულშემუსვრილობას.



წინა - სარჩევი - შემდეგი