მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 23


 

თქვა ბალაამმა: ვინ აღრიცხავს იაკობის ქვიშას და ისრაელის მეოთხედის სათვალავს? (რიცხვ. 23:10)

იაკობის ქვიშა მის ნათესავს (შთამომავლობას) ნიშნავს, რომელიც ზღვის ქვიშასავით გამრავლდა ისე, რომ ისრაელის მეოთხედის დათვლაც კი შეუძლებელი გახდა. (11) და ჰრქუა ბალაკ ბალაამს: რაი მიყავ მე ესე? წყევად მტერთა ჩემთა მოგხადე შენ. ღმერთმა არ დაუშვა, ბალაამს დაეწყევლა ერი, რომელიც მალე მოაბელთა ასულებთან სიძვის ცოდვაში აღმოჩნდა, რისთვისაც წყლულით დაისაჯა; არ დაუშვა იმიტომ, რომ, როდესაც შემდგომში ებრაელებს სამართლიანი სამსჯავრო უკეთურებისათვის დასჯიდა, არ ეფიქრათ, ბალაამის წყევლის შედეგად დავისაჯეთო და არ გაჰყოლოდნენ მისნებს იმ აზრით, თითქოს, ისინი ძალას ფლობდნენ, რომელიც სინამდვილეში არ გააჩნდათ. უფრო მეტიც, თავად ბალაამსაც რომ არ ეფიქრა და არ განმტკიცებილიყო იმ აზრში, თითქოს ებრაელებს დაავადება მისმა წყევლამ მოუტანა, ღმერთმა ისე მოაწყო, რომ მან, პირიქით, წყევლის ნაცვლად ებრაელები თვით ბალაკის თანდასწრებით დალოცა, ხოლო ბალაკი, რომელიც ამ დროს კერპების სამსხვერპლოზე იდგა, დაწყევლა, რამეთუ ბალაამმა ებრაელების მიმართ თქვა: მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან (რიცხ. 24:9).

მართალია, ბალაამს არ დაუწყევლია ებრაელები, მაგრამ რა სარგებელი მიიღო ამით ამ ხალხმა, რომელიც მისი დალოცვის შემდეგ წყევლის ქვეშ მოყვა? ღმერთმა დაუშვა, რომ ბალაამს დაელოცა ებრაელი ერი და საკუთარი თავიც – იმავე ლოცვით.

მოვკვდე მართალთა სიკვდილით და იყოს ჩემი აღსასრული, როგორც მათი! (და მოკუედინ სული ჩემი სულთა თანა მართალთასა“ (რიცხვ.23:10).) – შეჰღაღადა ღმერთს ბალაამმა. თუმცა ბალაამი და ებრაელები ერთად მოკვდნენ, კურთხევა მაინც წყევლად იქცა: მრავალი ებრაელი ჭირმა გაწყვიტა, ბალაამი კი თავისივე დაწყევლილი მადიანელებთან ერთად დაიღუპა, რომლებიც ებრაელებმა ამოწყვიტეს.



წინა - სარჩევი - შემდეგი