აღატყდა ცეცხლი მათ შორის უფლისა მიერ და შეჭამა რაოდენიმე ბანაკისა, მის (1), რადგანაც ეგვიპტელთაგან ისწავლეს ღვთის გმობა და მათ შორის მყოფ მწირთაგან – ავხორცობა.
(33) და ხორცი იგი იყოღა პირსა შინა მათსა და არ იყო ჯერ კიდევ შეჭმული და უფალი განრისხნა ერსა მას ზედა, რადგან ისინი ვერც ამ ვნებას გაუმკლავდნენ და როგორც დავითი ამბობს, მზაკვრულად ეუბნებოდნენ მოსეს: ვინათგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი... პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა (ფსალ. 77:20) განმცადეს მე ესე ათგზის, არა ისმინეს მისა ჩემისა (რიცხ. 14:22), როგორც ამბობს დავითი, პირველად გაგამწარეს წიაღ სლვასა ზღსა მის მეწამულისასა, მეორედ განცადეს ღმერთი ურწყულსა შინა; მესამედ განარისხეს მოსე ბანაკსა შინა; მეოთხედ ქმნეს კბოი ქორებს და თაყუანი-სცეს კერპსა მას; მეხუთედ შეურაცხ-ყვეს ქუეყანა იგი გულისსათქმელი; მეექვსედ შეიბილწნეს იგინი ბელფეგორს; (ბელფეგორი (ბაალფეგორი) ბაალის ეპითეტია, მას მოაბელები ქალაქ შიტიმში, ფეგორის მთაზე, თაყვანს სცემდნენ (რიცხვ. 23:28; 25:3-5; მეორე რჯ. 4:3, ფსალ. 105:28; ოს. 9:10). შემდგომში მან დემონის მნიშნვნელობა შეიძინა.) მეშვიდედ განარისხეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა, მერვედ აერინეს წარმართთა და ექმნა მათ იგი საცთურ; მეცხრედ დაუკლნეს ძენი მათნი და ასულნი მათნი ეშმაკთა და მეათედ განარისხეს იგი საქმითა მათითა (ფსალ. 105:7, 14, 16, 19, 24, 28, 32, 35-37, 29). ებრაელებს შორის მყოფი მწირები ისრაელის ძეებს მიეახლნენ და ტირილით უთხრეს: (5) მოვიხსენეთ ჩუენ თევზი იგი, რომელსა ვჭამდით ჩუენ ეგვიპტეს. ეს მწირები, რომლებიც ითხოვდნენ თევზს, ნესვს და ა.შ. გამოხატავს იმ მზაკვარ ზრახვებს, რომლებიც იპყრობდნენ რა სულს აზრობრივი მანანით, შთააგონებდნენ სათნოებებისადმი გულგრილობასა და ხორციელი ვნებებისაკენ მიდრეკას.
(7) ხოლო მანანაი იყო ვითარცა თესლი ქინძისაი. ნათქვამი მანანას შესახებ, რომ ის იყო მსგავსი ქინძის თესლისა, აჩვენებს, რომ მისგან ნებისმიერი კერძის მომზადება შეიძლებოდა და მისგან დამზადებული ყველანაირი საჭმელი თავის გემოსა და არომატს ინარჩუნებდა. ხილვა მისი - ვითარცა ხილვა მყინვარისაი. ანუ შესახედავად ყინულის პატარ-პატარა ნამსხვრევებს ჰგავდა.
(8) დაფქვიან მფქველითა, და მოგალიან ფილთა, და შეგბიან იგი ქოთნითა და შექმნიან ყურბეულად. მისი გამორჩეული თვისება ის იყო, რომ სხვადასხვა გემოს იღებდა. ისინი, ვინც დაფქვილ მანანას ჭამდა, სრულყოფილებს გამოხატავენ, ვინც დანაყულს იღებდა – მართლებს, ხოლო ვინც – ქოთანში მოხარშულს – მონანულებს, რადგან მათი პური ცრემლით იყო დალბობილი; ხოლო ვინც მისგან კვერებს აცხობდა, გამოხატავს ცოდვილებს, რომელნიც საკუთარ ზრახვებს მტვერითა და ნაცრით კვებავდნენ და აკრძალულით საზრდოობდნენ.
(16) შემიკრიბენ მე სამეოცდაათნი კაცნი მოხუცებულთაგან და მიიყვანენ იგინი კარვად წამებისა, მოსეს 70 უხუცესი უნდა შეეკრიბა, რათა ისინი მას ქვეყნის მართვაში დახმარებოდნენ. (17) მოვიღო სულისა მისგან, რომელ არს შენ თანა და მივსცე მათ ზედა, – ეცოდინებათ, რომ იმავე ძალის თანაზიარნი არიან, რაც შენშია, ამიტომ შენ წინაშე არ გადიდგულდებიან.
ხომ ტიროდით და ამბობდით: (18) ვინ მაჭამოს ჩუენ ხორცი? აჰა, მოგცემთ უფალი ხორცს და შეჭამთ. (19-20) არა დღე ერთ, არცა ორ დღე, არცა ხუთ დღე, არცა ათ დღე, არცა ოც დღე, არამედ ვიდრე თვესა დღეთასა ჰჭამდეთ, ვიდრემდე წარმოხდეს ცხვირით თქუენით და გექმნეს თქუენ ნავღელ, – სანამ ისეთი საზიზღარი არ გახდება თქვენთვის, როგორიც კუჭში გადამუშავებული საჭმელი. დაფარული აზრით, ეს ნიშნავს ებრაელ ერში აქამდე შემორჩენილ იმ ხორციელ ვნებას, რომლითაც აღძრულნი არიან, აღასრულონ თავიანთი პასექი მას შემდეგ, რაც იხილეს გოლგოთაზე შეწირული ჭეშმარიტი მსხვერპლი და უარყვეს იგი ისევე, როგორც თავიანთმა მამებმა ციური მანანა უარყვეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ორი სახის სისაძაგლე: ხორციელი და სულიერი. პირველი ვნებს სტომაქს, მეორე - სულს. ორივეს უნდა გვეშინოდეს, რადგან, როდესაც ებრაელები მწყერებს ჭამდნენ ვნების გარეშე, ეს მათ რგებდათ, ხოლო, როდესაც ხარბად დაიწყეს ჭამა, მაშინ, რაკი ვნებით ჭამდნენ და არა ზომიერებით, ამიტომ მანამდე მათთვის სასარგებლო ახლა უკვე საზიანო შეიქნა. ამიტომ უზომოდ უგუნურია ის, ვინც არღვევს ბუნებით დადგენილ საზღვრებს და მიჰყვება რა თავის ხორციელ აღტყინებას, საჭმელში სიამოვნებას ეძებს. ყველა თევზი რომ დაიჭირო, რაც კი ზღვაშია და მიართვა, მათ ჟინს მაინც ვერ დააკმაყოფილებ.
(11) და ჰრქუა მოსე უფალსა: (13) ვინა ვსცე მე ხორცი ყოველსა ამას ერსა? ამ სიტყვებში ჩანს არა მოსეს დაეჭვება, არამედ სურვილი, წინასწარ იცოდეს, როგორ მოხდება ეს და საიდან მიეცემათ ხორცი.
(25) და მოიღო უფალმან სულისა მისგან, რომელი იყო მის ზედა და მიჰფინა იგი სამეოცდაათთა მათ კაცთა. როგორც ხის ნაყოფები იღებს სასიცოცხლო წვენს ხის ტოტებისგან, ასევე შეიგრძნო სამოცდაათმა უხუცესმა, რომ მოსესგან გამოსული სული მათში შევიდა. ნათქვამი: „მოიღო სული მოსესგან და მიჰფინა იგი უხუცესებს“, არ ნიშნავს, რომ ეს სული მოსეს წაერთვა, არამედ იმას შეგვაგონებს, რომ ყველა გონიერი არსება სულს იღებს ქრისტესგან.
ორნი სამოცდაათთაგანი, ელდადი და მოდადი (27) წინაისწარმეტყუელებდეს ბანაკსა მას შინა. იესო ნავეს ძემ უთხრა მოსეს: (28) დააბრკოლენ იგინი. რატომ უთხრა ეს? ამბობენ, თითქოს ისინი წინასწარმეტყველებდნენ ასე: „მოსემ გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, მაგრამ აღთქმულ ქვეყანაში იესო შეგვიყვანს“. ამიტომაც თქვა მოსემ, რომ არ ეჭვიანობდა, პირიქით, ნატრობდა, რომ მთელი ერი ყოფილიყო წინასწარმეტყველების უნარის გამზიარებელი და ღმერთს მათი ურჩობის სული, რომლითაც ახლა აღძრულნი იყვნენ, განედევნა და მის ნაცვლად თავისი წმინდა სული მიეცა.
წინა - სარჩევი - შემდეგი