თავი 21
|
ამავე დღეს ღმერთმა მოყვასისადმი ვალდებულების შესახებ სასამართლო კანონებიც დაადგინა: (7) უკუეთუ ვინმე მისცეს ასული თვისი მონასა, მაგრამ ის (8) არა სათნო-იყოს უფლისა თვისისა, და თუ იგი დაარღვევს პირობას და არ მოიყვანს მას ცოლად, როგორც მისი ყიდვისას ჰქონდა გადაწყვეტილი, მაშინ წარმართისა უცხოსა არა უფალ არს განსყიდისა მისისა, რადგან მოატყუა ის მას შემდეგ, რაც იყიდა. (12) უკუეთუ სცეს ვინმე ვისმე და მოკუდეს, მოკუედინ. თუმცა, თუ ვინმეს წინასწარ ამის განზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ, თუკი (13) ღმერთმან მისცა იგი ხელთა მისთა, – ანუ დადგა მისი სიკვდილის ჟამი, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა, მაშინ ასეთი მკვლელისთვის თავშესაფარი იყო განკუთვნილი, რადგან მოკლული ღვთის ნებით მოკვდა და არა მკვლელის წინასწარი განზრახვით. ღმერთმა მკვლელს ხელთ მისცა მოკლული, რათა მას არ დაერღვია უფლისაგან დადგენილი ზღვარი და დაესრულებინა სიცოცხლე ჩვეულებრივი მოკვდავივით. (22) უკეთუ იბრძოდინ ორნი კაცნი და დასცენ დედაკაცი მუცელქმული, ამაში იგულისხმება, რომ ჩვილი არ იყო სრულ ადამიანად ჩამოყალიბებული, მისი სხეულის ნაწილებს არ ჰქონდათ განვითარება დასრულებული. ამ შემთხვევაში დამნაშავეს ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხოლო, თუკი, ეს პროცესი დასრულებული იყო (23) მისცეს სული ნაცვალად სულისა. |