|
და ყონ ძეთა ისრალისათა ვნება {პასექი} ჟამსა თვისსა (2) პირველი პასექი, რომელიც აღსრულდა ეგვიპტეში, გამოხატავს მართალთა სიხარულს ტანჯულ ცხოვრებაში, თუმცაღა ეს იყო არასრული სიხარული. მეორე პასექი, რომელიც აღასრულეს უდაბნოში ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, გამოხატავს იმ სრულყოფილ სიხარულს, რომელიც გველოდება დროებითი ცხოვრების დასრულების შემდეგ. სხვა მოსაზრებით, მონობაში აღსრულებული პირველი პასექი გამოხატავს რჯულის ქვეშ მცხოვრებთა მდგომარეობას, ხოლო მონობიდან გათავისუფლების შემდეგ აღსრულებული მეორე პასექი – ქრისტეს ეკლესიაში აღსრულებულ ახალ პასექს. რაც შეეხება მესამე პასექს, რომელიც ისრაელის ძეებმა აღთქმულ მიწაზე დაბრუნებისა და სამემკვიდრეოს გაყოფის შემდეგ აღასრულეს, გამოხატავს საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას და ყველა გონიერ არსებათა – ადამიანთა და ანგელოზთა – საერთო პასექს, ასევე თითოეულის თავის სავანეში დასახლებას სამი სახის ადამიანი, რომელთა შესახებაც კანონი საუბრობს, რომ პასექი უნდა მოამზადონ და იდღესასწაულონ, სამ ხარისხს გამოხატავს; ისინი ზეციურთა და მიწიერთა დღესასწაულს იხილავენ. მათგან პირველნი სამსჯავროზე მაღლა დადგებიან, მეორენი - განისჯებიან, მესამენი სამსჯავროზე არ მივლენ. სამსჯავროზე მაღლა ისინი არიან, ვისი საქმეებიც სრულყოფილია; განისჯებიან ისინი, ვინც აქ სინანულის ცეცხლით გამოიცდება და ვინც თავის ცხოვრებას გამოასწორებს; ხოლო ვინც სამსჯავროზე არ მივა, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც არანაირი სიკეთე არ გაუკეთებიათ და მარადიულ სატანჯველში მიდიან, ნათქვამისამებრ: არა აღდგენ უღმრთონი სასჯელსა (ფსალ. 1:5) |