|
მამაკაცმან, ანუ დედაკაცმან, თუკი აღთქმა დადოს, განიწმიდენინ სიწმიდითა უფლისაითა, რათა იყვნენ უფლის მოწმინდარები... ღვინისაგან და თაფლუჭისა განწმიდნეს და ძმარი ღვინისაგან და ძმარი თაფრუჭისგან არა სუან... მახვილი არა აღვიდეს თავსა მისსა (2-5). ნაზორეველი, რომელსაც ებრძანა არ დაელია ღვინო და თაფლუჭის ძმარი მისი მოწმინდარობის მანძილზე, გამოხატავს ებრაელ ერს, რომელსაც რჯულმდებელმა მისცა ასევე მცნება, რომ განეგდოთ ეგვიპტელთა ზნე-ჩვეულებანი, უარი ეთქვათ ღვინოზე, არ ეჭამათ თაფლუჭი და ქიშმიში. ეს ნიშნავდა, რომ არ უნდა შესულიყვნენ ქანაანელებთან ურთიერთობაში, რამეთუ ღვინო ეგვიპტელთა, ხოლო თაფლუჭი ქანაანელთა სწავლებას გამოხატავს. ერთისა და მეორის დამათრობელი ძალა – ეს არის ეგვიპტის მცხოვრებთა უბედურება. ყურძნის მტევნები და ქიშმიში, ასევე, ყურძნის წიბწები და კანი მათი უწმინდურობის შედეგის სიმბოლოა. სხვა განმარტებით, სიტყვები: ძმარი ღვინისაგან და ძმარი თაფლუჭისაგან არა სუას, ნიშნავს: ნუ მისცემდა სხეულს უფლებას, ვნებებით დამთვრალიყო და არ დაეშვა, რომ სული ზრახვებით აღშფოთებულიყო. უფრო მეტიც, კრძალავდა რა ყურძნის მტევნის ხმევას, ამით ბრძანებდა ვნების ჩანასახის აღმოფხვრას; ხოლო წიბწისა და კანის მიღების აკრძალვით, ასწავლიდა აკლებმნიშვნელოვანზე ზრუნვასაც. ნაზორეველს მოეთხოვებოდა თავზე თმის გაზრდა, ნიშნად იმისა, რომ სათნოებებში ის სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. (5) მახვილი არა აღვიდეს თავსა, ანუ არ უნდა დაეშვა, რომ ამქვეყნიურს მისი სულის სილამაზე დაეპყრო. |