ეტყოდა უფალი მოსეს და ეტყოდა: უბრძანე ძეთა ისრალისათა და განასხნედ გარეშე ბანაკსა ყოველი კეთროვანი და ყოველი თესლმდინარე და ყოველი არაწმიდაი სულითა (1-2). ამას ებრაელები უნდა დაეფიქრებინა: თუკი ადამიანები თავისდაუნებური შებილწვით უწმინდურები ხდებიან, მაშინ რაოდენ უფრო საძაგელი იქნებოდა ნებსითი ცოდვები? გარდა ამისა, გარიყულებსა და თავიანთი საცხოვრისის გარეთ იძულებით მცხოვრებლებს, უნდა ეზრუნათ სასწრაფო განწმენდაზე, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნებოდნენ საკუთარ ბანაკებსა და ნათესავებს.
(6-7) მამაკაცმან, გინა დედაკაცმან, რომელმან ყოს ყოველთაგან ცოდვათა კაცობრივთა და აღიაროს ცოდვაი იგი, რომელი ქმნა და მისცეს ცოდვისა მისთვის იგი თავადი და მეხუთე მისი დასძინოს მას ზედა და მისცეს, ვის-იგი შესცოდა. (რიცხ. 5:7). ეს კანონი ვრცელდებოდა იმათზეც, ვინც შესცოდა იმით, რომ რამე მიზეზით არ შეუწირია შემოსავლის მეათედი დაწესებულ ჟამს.
(11, 13, 24) კაცისაი, რომლისაი გარდახდეს ცოლი მისი და უგულებელ-ყოს ქმარი იგი თვისი უგულებლებით და და-ვინმე-წვეს მის თანა საწოლითა თესლისაითა და დაეფაროს თუალთაგან ქმრისა თვისისაითა და დაუმალოს, და იგი დედაკაცი იყოს შეგინებულ და მოწამე არა ვინ იყოს მისა და მიდგომილ არღა იყოს და ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი მხილებისა მის დაწყეულისაი.
(28) უკუეთუ არა შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი და წმიდა იყოს, უბრალო არს და თესლი გამოიღოს. არამცთუ ზიანს არ მიიღებდა, მეტიც, თუკი მანამდე საშო დახშული ჰქონდა და უნაყოფო იყო, ახლა საშო გაეხსნებოდა - ეს ჯილდო იქნებოდა მისთვის უსაფუძვლოდ მიყენებული წყენისათვის. მაგრამ, რადგანაც მან თავისუფალი ქცევით ქმარში ეჭვი აღძრა, ამიტომ განწმენდას საჭიროებდა, ქმარს კი, როგორც მის დამცველს, უნდა განეწმინდა იგი ცოდვისგან.
(18) ხელსა მღდელისასა იყოს წყალი იგი მხილებისაი დაწყეული. ამ წყალზე წარმოთქვამდა მღვდელი წყევლას და ამიტომაც ეწოდებოდა წყალი იგი მხილებისაი დაწყეული.
წინა - სარჩევი - შემდეგი