მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 17


 

ებრაელები რეფიდიმში მივიდნენ და აღმოჩნდა, რომ იქ წყალი არ იყო. ამან ისინი იმდენად აღაშფოთა, რომ არათუ დრტვინვა დაიწყეს წინანდელივით, არამედ მზად იყვნენ, ძალადობაზეც გადასულიყვნენ. (4) ღაღად-ყო მოსე უფლისა მიმართ თავის ლოცვაში: რა უყო ერსა ამას? მცირედ-ღა და ქვათ დამკრიბონ, და ვერ გადავურჩები მათ, თუ არ მივცემ წყალს, რომელსაც მთხოვენ. ამის შემდეგ მოსემ ერის უხუცესთა წინაშე გამოადინა წყალი ქორებიდან. ხოლო, რადგანაც ებრაელები ამბობდნენ: (7) არს-ძი-ა ჩუენ თანა უფალი ანუ არა? ამიტომ უხუცესთა წინაშე გადმოდენილი წყალი ამტკიცებდა, რომ ჭეშმარიტად უფალი იყო მათ თანა. გავიდა დრო და ებრაელებმა დაივიწყეს უწინდელი სასწაულები და ღმერთს გამოსცდიდნენ, ითხოვდნენ რა ახალ სასწაულებს, მიუხედავად იმისა, რომ მათს თვალწინ მუდმივად ხდებოდა სასწაულები: ღრუბელი, ცეცხლოვანი სვეტი, მანანა, მწყერები, მაგრამ, რადგანაც ეს მოვლენები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ამიტომ ებრაელები უკვე სასწაულებად აღარ აღიქვამდნენ. ამიტომაც მოითხოვდნენ ახლებს, რომ მათი საშუალებით გამოეცადათ: (7) არს-ძი-ა მათ თანა უფალი ანუ არა?

ამის შემდეგ (8) მოვიდა ამალეკ ებრაელებთან საბრძოლველად. ამალეკთა წინააღმდეგ იესო იბრძოდა; მოსე მთაზე ავიდა და იყო (9) კუერთხი ღმრთისაი ხელსა მისსა. ეს კვერთხი ხელთ ეპყრა მოსეს მაშინ, როდესაც ნიშანსასწაულებს აღასრულებდა, რათა გულისხმაეყო ჯვრის საიდუმლო, რომლის ძალითაც მოსე იქმოდა ყველა სასწაულს. მოსესთან ერთად მთაზე ავიდნენ აარონი და ჰორი, რომელზეც ამბობენ, რომ მოსეს სიძე იყო [მარიამის ქმარი](ამავე მოსაზრებას გვაუწყებს I საუკუნის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. იხ. „იუდაური სიძველენი“ 2:4.). (11) ვითარცა აღიპყრნის მოსე ხელნი, განძლიერდის ისრაელი, და ამარცხებდა მოწინააღმდეგე ხალხებს, რომლებიც მრავლად მოდიოდნენ ებრაელებთან საბრძოლველად. ხოლო რაჟამს გარდამოყვნის ხელნი, მაშინ ძლიერდებოდნენ მოწინააღმდეგენი და ებრაელებს ამარცხებდნენ, ანუ იმათ, ვინც მუდმივად წუწუნებდა ღმერთსა და მოსეზე. მოსეს აპყრობილი ხელები და მკერდთან მიდებული კვერთხი აშკარად განასახიერებდა ჯვრის სიმბოლოს. იესო ბრძოლის ველზე იღვწოდა, ხოლო მოსე მთაზე ლოცულობდა. როცა ხალხი ხედავდა, რომ მოსე ხელებს ძირს უშვებდა, მას შიში იპყრობდა და მტერს გაურბოდა, ხოლო როცა ხელებაღმართულ მოსეს დაინახავდნენ, სულით მტკიცდებოდნენ და იერიშზე გადადიოდნენ. (14) ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერე ესე სახსენებელად წიგნსა და მიეც იგი ყურთა ისუისთა, რამეთუ ახოცით აღვხოცო სასენებელი ამალეკისი ცასა ქუეშე. დაწერე ეს, რათა ყველა ხალხმა იცოდეს, ეშინოდეს და ვერ გაბედოს თქვენთან შებრძოლება. ხოლო ამალეკელებმა შეინანონ და ამითი აირიდონ სასტიკი განაჩენი. (15) და აღაშენა მოსემ მუნ საკურთხეველი უფლისაი და დასდვა სახელი მისი: უფალი ჩემი შესავედრებელ. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა ამალეკების, ყველაზე მებრძოლების, მაგალითზე აჩვენა ყველა სხვა ხალხს, მათზე ნაკლებად ძლიერებს, რომ, თუკი ებრაელებთან ბრძოლას გაბედავდნენ, აუცილებლად დამარცხდებოდნენ ამალეკელების მსგავსად. თუმცაღა ეს ხალხები ხედავდნენ, რომ ღვთის ხელშია მათი გადარჩენაცა და აღსასრულიც, მაინც არ უწვდიდნენ ებრაელებს მარჯვენას დაზავების ნიშნად. ამიტომაც უთხრა ღმერთმა ისრაელიანებს: „გაუწოდეთ თქვენი მარჯვენა ქალაქებს, სანამ მათთან ბრძოლას დაიწყებდეთ“. რადგან ხელი უფლისა სამსჯავროს ტახტზეა, რომელიც მოსემ ღმერთისთვის აღმართა და (16) ჰბრძავს უფალი ამალეკსა ნათესავითი ნათესავამდე. ანუ იქამდე, ვიდრე ამალეკი ღვთის მოძულე იქნება.



წინა - სარჩევი - შემდეგი