თავი 16
|
მერრაში გამოცდის შემდეგ ებრაელები ელიმში მივიდნენ, ელიმიდან კი სინას უდაბნოში. ხალხმა დრტვინვა დაიწყო ხორცის მოთხოვნით მაშინ ღმერთმა მისცა (4) პური ზეცით და უბრძანა, შეეკრიბათ პური დღითი-დღედ და არ ეზრუნათ ხვალინდელ დღეზე. მაგრამ, რადგანაც ზოგი მომხვეჭელობის მიზეზით ბევრს აგროვებდა, ზოგიც სიზარმაცის მიზეზით - ცოტას, ამიტომ საწყაული, რომელიც საზომის როლს ასრულებდა, თავისთავად ავსებდა დანაკლისს, ხოლო ზედმეტს ანადგურებდა. როგორც მანანის შესაგროვებლად გაწეული შრომა ებრაელებს დაეკისრათ იმისათვის, რომ უქმად ყოფნას ისინი არ დაეზიანებინა, ასევე შაბათი მიეცათ მათ მონებისა და დაქირავებული მუშა-ხელის დასასვენებლად, აგრეთვე – ხარებისა და ყოველგვარი პირუტყვისათვის. თუმცა ზოგიერთებმა არ დაიცვეს შაბათის განსვენება. გამოვიდნენ შაბათ დღეს მანანის შესაგროვებლად, მაგრამ ვერ იპოვეს. მანანაზე ნათქვამია, რომ (31) იყო იგი, ვითარცა თესლი ქინძისაი სპეტაკ, ხოლო გემოი მისი ვითარცა თაფლისაი, რაც გვამცნობს, რომ ის ყველანაირ გემოვნებას უტოლდებოდა. მანანათი ავსებდნენ ქოთნებს შთამომავლობისთვის. ხოლო ის მანანა, რომელსაც ებრაელები მეორე დღის საჭმელად თავისთვის იტოვებდნენ, მატლებით ივსებოდა. ჭურჭლებში შენახული კი მრავალი თაობის შემდეგაც არ გაფუჭებულა. (35)(სათარგმნი წყაროს მიხედვით არის стaмнa (ძვ. ბერძ. σταμνοζ;) და მას ქართულ თარგმანში დოქი შეესატყვისება.) ჭამდეს მანანასა მას ორმეოც წელ, ვიდრემდე მოვიდეს აღთქმული მიწის საზღვრებთან. |