თავი 15
|
უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, (1) ანუ უფალ ღმერთს, რომელმაც მტრის ცხენები და მხედრები ზღვაში დანთქა. (2) შემწე და მფარველ, – შემწე, რადგან ეგვიპტელები დაამარცხა; მფარველ, რადგან ებრაელები გამოიხსნა. ესე არს ღმერთი ჩუენი, რომელიც მეყავნ ჩუენ მხსნელად, და არა ჩამოსხმული კერპები. ამგვარად, ესე არს ღმერთი ჩუენი და ვადიდო ესე და ღმერთი მამისა ჩემისა და აღვამაღლოთ ესე. (3) უფალი არს, რომელმან შემუსრნა ბრძოლანი, რადგან ის ჩვენ მხარეს ეგვიპტელებთან იბრძოდა, ხოლო როდესაც ვისვენებდით, მან (4) შთასთხია ზღუასა, რჩეული მხედრები და მთავრები და სპარაზნები, და ყოველი და ყოველივე, რითაც ფარაონი ამაყობდა. (5) დაჰხდეს და დაერინეს სიღრმესა მას უფსკრულთასა, საკუთარი სხეულის სიმძიმით, ვითარცა ლოდნი. (6) მარჯუენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა, – იმდენი ძალა ჰქონდა შენს მარჯვენას, რომ ადვილად შემუსრა მტერი შენი — ეგვიპტელები. (7) მიავლინე რისხვა გულისწყრომისა შენისა და შეჭამნა იგინი, ვითარცა ლერწამნი ეგვიპტეშიც და ზღვაშიც. (8) სულისა მისგან ძლიერებისა გულისწყრომისა შენისა განიპნეს წყალნი, ანუ სულიწმიდისგან. შენგან მართული წყლები ზვინებად დადგნენ, რათა შემდეგ გვერდზე განმდგარიყვნენ და გზა მოეცათ; შენი ბაგეების ბრძანებით ისწავლეს წყლებმა, რომ უნდა შეწყვიტონ მოძრაობა, სანამ გაივლის ისრაელის ექვსასი ათასი ძე. აღზღუდნეს ღელვანი იგი შუა ზღუასა, რათა შთანთქას ეგვიპტელები. ხოლო იმის საჩვენებლად, თუ რატომ დაიხრჩვნენ ეგვიპტელები, წერია: (9) თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო, ვგუემო და განვიყო ნატყუენავი და განვიძღო თავი ჩემი და ასე შემდეგ. (10) მიავლინე სული შენი და დაფარნა იგინი ზღუამან, და მათთან ერთად მათი ამპარტავანი ზრახვები. (11) ვინ-მე არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის (ვინც ასე იწოდება), უფალო? ანუ ვინ გემსგავსოს შენ, დიდებულო, წმიდასა შინა? ანუ შენს წმიდა სამკვიდრებელში? საკვირველ ხარ შენ ეგვიპტელებისთვის და დიდებული – ებრაელებისთვის, რომელმან ჰყავ ნიშები იგი და სასწაულები ზღვაზე და ეგვიპტის მიწაზე. (13) უძეღუ შენ ღრუბლებსა და სვეტში სიმართლითა შენითა, ერსა შენსა ამას, ერსა რომელი იხსენ ეგვიპტიდან. (14) ესმა წარმართთა, – შეიტყვეს ამორეველებმა სისხლად ქცეული მდინარის შესახებ და შეძრწუნდნენ, სალმობამან შეიპყრნა მკვიდრნი იგი ფილისტიმისანი, როდესაც ეგვიპტელი პირმშოების სიკვდილი გაიგეს. შეშინდნენ (15) ერისთავნი მათ ედომისთა და მთავარნი მოაბელთა, და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი, როცა ზღვის გაპობა შეიტყვეს. განკრთეს ყოველნი მკვიდრნი ქანანისანი. (16) დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლა, როდესაც ქანაანელებამდე მივიდა ხმა ფარაონისა და მისი ჯარის ზღვაში დანთქმის თაობაზე. შიში შეიპყრობდა ყველა ამ ხალხს და თავდასხმას ვეღარ გაბედავდნენ. ვიდრემდის განხდეს ერი ესე შენი, რომელ გამოირჩიე. (17) ვიდრემდის შეიყვანნე და დანერგნე იგინი მთასა მას სიწმიდისა შენისასა, – ანუ ქანაანის მიწაზე. შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო, მტკიცე სამკვიდრებელი იერუსალიმში, განამტკიცე ის ხელითა შენითა, და იქმნეს ის ძლიერ, ნებითა შენითა. (18) უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და მერმეცა ჩვენ ზედა და არა სხვა ერებზე. (19) შევიდა ფარაო ეტლებითურთ და მხედრებით შუა ზღუასა, რათა დაგვდევნებოდნენ, მაგრამ წყლები მოაქცივნა და დაფარნა იგინი წყალმან. |