და გარდაიქცა გული ფარაოსი და მსახურთა მისთაი ერისა მის და თქუეს: რაი-ესე ვყავთ? (5) ყველა სასჯელის შემდეგ, რაც თავს გადაგვხდა, ებრაელებს ნება მივეცით წასულიყვნენ და გაეტაცათ ჩვენი საგანძური და სამოსელი. ჯობია, დავიხოცოთ, ვიდრე სასაცილოდ ავაგდებინოთ მათ ეგვიპტის სამეფო. ამის შემდეგ მათ იარაღი შეისხეს და წავიდნენ ებრაელების დასაწევად ხმლით აჩეხვის სურვილითა და იმედით, აგრეთვე, თავიანთი სიმდიდრის უკან დაბრუნების განზრახვით. (8) ხოლო ძენი ისრაელისანი განვიდოდეს ხელითა მტკიცითა, ვერცხლით, ოქროთი, სამოსლით, ცხვარ-ძროხით, მტკიცე ძალით, როგორც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს (დაბ. 15, 14). დაინახეს ისრაელის ძეებმა ეგვიპტელები და (10) შეეშინა ფრიად, მაგრამ ნუთუ ასე ბევრნი იყვნენ ეგვიპტელები რომ ექვსასი ათას ებრაელს მათი შეეშინდა? ებრაელებს ხელები დაუუძლურდათ იმის გამო, რომ მათთან იყვნენ ცოლები, შვილები და საქონელი. ვინ გაუფრთხილდებდა მათს ცოლებს, ვინ დაიცავდა ფარას? მაშინ უთხრა მათ მოსემ: აქ ისევე, როგორც ეგვიპტეში (14) უფალი ბრძოდის თქუენ წილ და თქუენ სდუმნეთ.
(15) ჰრქუა უფალმან მოსეს: რასა ღაღადებთ ჩემდა მომართ? – შენი თხოვნის გარეშეც მზად ვარ დავეხმარო ჩემს ხალხს. (16) აღიღე კუერთხი ეგე შენი, რომელიც ჯვრის სახე და განირთხ ხელი შენი ზღუასა მაგას ზედა და განიპოს. (17) და მე განვაფიცხო გული ფარაოსი, ანუ არ შევაჩერებ ეგვიპტელთა თავხედობას, იმიტომ, რომ დაინახავენ ახალ სასწაულს – შუაზე გაპობილ ზღვას და მაინც არ აღიარებენ საკუთარ დანაშაულს და ვიდიდო ფარაონისა და მისი მხედრობის განადგურებით (18) და გულისხმა-ყონ ყოველთა მეგვიპტელთა, სანამ დაიღუპებიან, რამეთუ მე ვარ უფალი. სწორედ ეს აჩვენეს მათ, როცა თქვეს: (25) ვივლტოდეთ პირისაგან ისრაელთასა, რამეთუ უფალი გუბრძავს ჩუენ მათ წილ მეგვიპტელთა. ანგელოზმა აღიღო (19) სუეტიცა იგი ღრუბლისა წინაშე პირისაგან ისრაელის ძეთა და დადგა ის ეგვიპტელებისა და ებრაელების ბანაკებს შორის; ღრუბელი, რომელიც ღამით ორ ბანაკს შორის დადგა, დღისით ებრაელებს უნათებდა, ხოლო ეგვიპტელებისათვის იმის მსგავს წყვდიადს წარმოშობდა, როგორიც იყო მათთან ეგვიპტეში სამი დღე-ღამის განმავლობაში, ისრაელისთვის კი ამ სვეტიდან ალმური იღვრებოდა. ეს ხდებოდა ეგვიპტელების შესაძრწუნებლად და ებრაელების გასამხნევებლად. ეგვიპტელებს რომ ყურადღება მიექციათ ამ წყვდიადისთვის, მაშინ ვერ გაბედავდნენ ზღვაში შესვლას. ზღვის ზედაპირზე, რომელიც შეიძლება მყისიერად გაყოფილიყო, რათა ეგვიპტელებს შეენანათ, მთელი ღამე უბერავდა (21) ქარი სასტიკი სამხრით და იქცა ზღვა ხმელეთად. (23) სდევდეს მეგვიპტელნი იგი და შევიდეს კუალსა ებრაელთასა: არ შეუშინდნენ მათსა და ებრაელებს შორის არსებულ წყვდიადს, არც შუაზე გაპობილ ზღვას და იარაღშემართულნი გაეკიდნენ ხალხს, რომელსაც წინ ცეცხლოვანი სვეტი მიუძღოდა.
(24) და იყო: სახმილავსა მას განთიადისასა მოხედნა უფალმან ბანაკსა ეგვიპტისასა მას სუეტითა ცეცხლისასა ზღვიდან და ღრუბლისათ და შეაძრწუნა ბანაკი იგი მეგვიპტელთა. (25) და შეუკრა ღერძები ეტლებისა მათისა, – ან იმიტომ, რომ ებრაელებს აღარ გაჰკიდებოდნენ, ანდა რომ არ გაქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი არც უფალს შეუშინდნენ, თავად რომ მოევლინა მათ, არც იმან დააღონათ, რომ ბორბლები ეტლებს ვეღარ ატარებდა და მოჰყვანდეს იგინი ძალით. როდესაც ზღვა უნდა გაპობილიყო, წერია, რომ მოსემ ხელი ზღვის ზედაპირის ზემოთ შემართა, ხოლო როცა საჭირო გახდა ზღვის თავის ადგილზე დაბრუნება, მოსემ ხელი ჩამოუშვა და ზღვის ზედაპირს მიუშვირა. ამიტომ, როგორც ჩანს, ზღვის გაპობიდან ვიდრე მთელი ხალხი ხმელეთით გავიდოდა, მოსეს ხელი აპყრობილი ჰქონდა, როგორც შემდეგ ამალეკელებთან ბრძოლის დროს. (27) და შთაყარნა უფალმან მეგვიპტელნი შორის ზღუასა მას. (28) და არა დაშთა მათგანი არცა ერთი. და დაინახეს ებრაელებმა ეგვიპტელთა გვამები ზღვის ნაპირზე, როგორც მანამდე ეგვიპტელები მდინარის ნაპირზე ებრაელი ბავშვების გვამებს ხედავდნენ. და იმის გამო, რაც მოხდა ეგვიპტეში და ზღვაზე, (31) შეეშინა ერსა მას უფლისა და ჰრწმენა ღმრთისა და მოსესი, მსახურისა მისისა. (32) მაშინ უგალობდეს უფალსა მოსე და ძენი ისრაელისანი, გალობდა მოსე და ხალხი მის კვალად იმეორებდა.
წინა - სარჩევი - შემდეგი